საქართველოში თხილის გაიაფებას ბოლო არ უჩანს. ფასი იმდენდ დაეცა, რომ მოსავლის გაყიდვაც კი აზრს კარგავს. 3 წელზე მეტია, რაც თხილის ფასი ასეთი დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 11 ლარიც კი ღირდა, თუმცა წელს 1 კგ „გულშიშველა“ - 3 ლარი, „ანაკლიური“ კი 4,20 ლარი ღირს.
გურიაში თხილს მძიმე დრო უდგას, ფასი ყოველ დღე ეცემა, რასაც გლეხებში პანიკა მოჰყვა. მწარმოებლები თხილზე ფასის ვარდნის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა ეს უხარისხო თხილს უკავშირდებოდეს.
„მოსახლეობის 70% თხილი არ გაუყიდია. ყველა ელოდა, რომ ფასი გაიზრდებოდა, მაგრამ 8 ლარი იყო და ახლა 3.50 ლარი გახდა. ცოდოა ხალხი, 3.50 ლარად თხილი როგორ უნდა ჩააბარო. ბიზნესი ვისაც გვაქვს ვალები გვედება. ყველა ბანკის სესხით ვმუშაობთ, ფასი კი ყოველდღე ეცემა. გვეუბნებიან, რომ ევროპაში ვეღარ გააქვთ, თხილის უხარისხობაზეც საუბრობენ. არ ვიცით, ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს თხილის ჩამბარებელი პუნქტში მომუშავე გიორგი ნაკაშიძე.
იგივე პრობლემაა სამეგრელოშიც. სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი ზურაბ გაბოსინია, რომელმაც ბანკიდან 10 ათასი ლარი გამოიტანა იმის იმედით, რომ „კარგ ფასში“ ნაყიდი თხილი მოგებას დაუტოვებდა, ახლა ურთულეს მდგომარეობაშია.
„სახლი ჩავდე ბანკში და 1 კგ თხილი 6 ლარად შევისყიდე. კარგი ხარისხია, მაგრამ მომავალ წლამდე არავინ იცის, რა იქნება. ჯერ ერთი წონაში იკლებს, შემდეგ გული უშავდება და 3 ლარშიც შეიძლება აღარ გაიყიდოს. ადრე, დოლარის კურსის მატებასთან ერთად, თხილის ფასიც იზრდებოდა. ახლა კი პირიქით ხდება“, -ამბობს ზურაბ გაბისონია.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თხილის ფასის მატება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.
„მოგეხსენებათ, თხილის ფასს მსოფლიო ბაზარზე თურქეთი განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია, პროდუქტის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. ამ საკითხზე საუბრისას, ისევ მივდივართ პრობლემასთან, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე, „გულშიშველას“ გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც მცირეა“, - აცხადებს „ბიპიენთან“ ალექსანდრე მოწერელია.
მისივე თქმით, როდესაც თხილის ფასი 7 ლარზე იყო, მაშინ მოსახლეობამ არ ჩააბარა. „ადამიანის ბუნება ასეთია, როცა იყო 7 ლარი, არ გაყიდა მაშინ თხილი. ახლა დაიწია თხილის ფასმა და წუწუნებს ყველა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ თურქეთში კარგი მოსავალი იყო და ასევე კარგი მოსავალი იყო საქართველოშიც. ვერ გამიგია, რაზე ამყარებს იმედს ხალხი და რატომ ჰგონიათ, რომ თხილის ფასი მოიმატებს მუდმივად?“ - კითხულობს მოწერელია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე კი არსებულ ვითარებას საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას უკავშირებს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა. მთავრობის მონაწილეობა ფასის განსაზღვრაში არის მინიმალური, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება. თურქეთი არის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე თხილის ბაზარზე მსოფლიოში და დიდწილად არის დამოკიდებული მის წარმოებებზე, მასშტაბებზე და ა.შ. თუ რა ფასი ექნება თხილს საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს კერესელიძე.
მსოფლიოში თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე თურქეთია, სადაც ყოველწლიურად 700 ათასი ტონა თხილი მოჰყავთ. მას მოსდევს იტალია, საქართველო და აზერბაიჯანი.