აეროპორტი ღამის აფრენა-დაფრენის ამარა

აეროპორტი ღამის აფრენა-დაფრენის ამარა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქცია. ეს, რა თქმა უნდა, მგზავრებსს დისკომფორტს შეუქმნის, რადგან დღის ავიარეისები რამდენიმე თვით გაჩერდება და ყველა ფრენა ღამით განხორციელდება. ტურიზმის სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, თორემ მიმოსვლის შეფერხება ტურისტების ნაკადზე გავლენას მოახდენს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში: 2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე; 2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება მხოლოდ ოთხ თვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

აეროპორტში დაწყებულ რეაბილიტაციაზე განმარტებას აკეთებს მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის მიუხედავად, აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანია „ტავ ურბანს“ ხელშეკრულების ვადა არ გაუხანგრძლივდება.

„ხელშეკრულება რომ არ გაგვეკეთილშობილებინა ის გრძელდებოდა 2037 წლამდე. დღეს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კონტრაქტი აღარ გრძელდება და იგი იმოქმედებს 2027 წლამდე და ინვესტიციებს ახორციელებს თურქული მხარე. ჩვენ გვექნება სამთვიანი შეზღუდვა დღის ფრენაზე და ეს იქნება ძალიან მტკივნეული, თუმცა მთელ დარჩენილ პერიოდზე გვექნება კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელია ეთანხმება მინისტრს, რომ რეაბილიტაცია გარკვეული დროის მონაკვეთში იქნება მტკივნეული. მოკლევადიან პერიოდში, დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო, გადადებული რეისები ცუდად აისახება ტურიზმზე, მგზავრთა რაოდენობა კი აუცილებლად შემცირდება.

„უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტს ორგვარი ეფექტი ექნება: პირველი მოკლევადიანი, რაც გულისხმობს, რომ ცუდად აისახება ტურიზმზე და მათი ნაკადი თუ არ შეჩერდა, შემცირდება მაინც. ხანგრძლივი ვადისთვის კი ეს შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს, ვინაიდან მომავლისათვის სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება. თუ სამუშაოები გონივრულ ვადაში დასრულდება, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების თვალსაზრისით, თავისთავად კარგია“, - აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, ტურისტული სექტორისთვის დამაბრკოლებელი იქნება ღამის რეისებზე გადასვლა. ზოგადად ღამის ფრენა ისედაც არ არის კარგი ტურიზმისთვის და ნორმალურად ითვლება ფრენა, რომელიც არასაძილო პერიოდს განეკუთვნება. ამის გამო დღესდღეობით მთელ რიგ აეროპორტებში ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მონაკვეთში ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.