ქვეყანაში არსებულმა დოლარიზაციის მაჩვენებლმა მთავრობას და სპეციალისტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ბოლო მონაცემებით, ბიზნესსესხების პორტფელის დოლარიზაციამ 76%-ს მიაღწია. ბანკების საკრედიტო პორტფელმა 2015 წლის ბოლოს 16 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში დოლარიზაციის კოეფიციენტი 5,7%-ით არის გაზრდილი.
დოლარიზაცია ერთ-ერთი ყველზე დიდი პრობლემაა, რაც დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკას უდგას. მისი მოგვარება სასწრაფო და აუცილებელია, რამეთუ პირველ რიგში, იგი ეროვნული ვალუტის დევალვაციისთვის საფრთხეს წამოადგენს.
ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება დოლარში სესხის გაცემის არა აკრძალვა, არამედ შეზღუდვა.
„მე მუდმივად ვსვამ კითხვას - ეროვნული ბანკი ხომ არ არის ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გაგრძელება საქართველოში? მისთვის დოლარია მთავარი თუ ლარი? ამ კითხვებს მე მუდმივად ვსვამდი და ეროვნულ ბანკს ვაფრთხილებდი, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან მაღლა მიდიოდა. ეს კი ბოლო პერიოდში ატეხილმა აჟიოტაჟმა გამოიწვია. კერძოდ, როდესაც ადამიანებს ლარში აქვთ დეპოზიტი, კურსის ცვალებადობის გამო მას დოლარში აკონვერტირებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი თანხა. დოლარიზაციის კოეფიციენტი 50 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი ის 70 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ლარიდან დოლარზე დიდი ზეწოლა განხორციელდა. 2014 წლის ბოლოს, ანუ იმ დროს, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, ემპირიული გათვლებით, დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წავიდა დოლარის საყიდლად, ანუ ეს თანხა მიმართული იყო დეპოზიტებზე არსებული ლარის დოლარში გადატანაზე.
ეროვნულმა ბანკმა უნდა წაახალისოს ლარში კრედიტის გაცემა და დოლარს უფრო მაღალი დარეზერვების პროცენტები დაუწესოს. ასეთ პირობებში, კომერციული ბანკებისთვის ლარში სესხის გაცემა უფრო მომგებიანი გახდება. ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე ღონისძიება ჩაატარა, ამას შედეგი არ გამოუღია. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ინტერესების დამცველად გამოვიდა. შედეგად, კურსთა შორის სხვაობით კომერციულმა ბანკებმა საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს. ანუ ზარალი გადავიდა კერძო, კომერციულ სტრუქტურებზე, მცირე და საშუალო ბიზნესზე, ფიზიკურ პირებზე და არა კომერციულ ბანკებზე. ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომერციული ბანკებისთვის არ ყოფილიყო ზარალიანი და ყოფილიყო ეკონომიკური აგენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის“, – აცხადებს კაპანაძე და დასძენს, რომ თუ შეიზღუდება დოლარში სესხის გაცემა, მაშინ ბანკები დოლარს კი არ მოიზიდავენ, ლარზე გადაერთვებიან.
დოლარიზაციის პრობლემის მასშტაბზე შექმნილი წარმოდგენები გადამეტებულად ეჩვენება ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს. მისი აზრით, დოლარიციას, ძირითადად, განსაზღვრავს საქართველოს რეალობა, მისი სავაჭრო პარტნიორები და საერთაშორისო ანგარიშსწორების ვალუტა. ლარის ანალოგიურად, პარტნიორი ქვეყნების ვალუტა არ არის კონვერტირებული, შესაბამისად, ანგარიშსწორებებში მე-3 ვალუტა გამოდის და ეს, საქართველოს რეალობაში აშშ დოლარია.
ამასთან ცუცქირიძემ სავალუტო დაკრედიტების დაშვების ბევრ სიკეთეზეც გაამახვილა ყურადღება, ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე და 2,5-ჯერ გაზრდილ საგარეო ვაჭრობაზე. იგი შეზღუდვებს ემიჯნება და გამოსავალს მარტივ, აპრობირებულ პრაქტიკაში ხედავს, რაც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, ლარის გამყარებასა და ეროვნული ვალუტის ნდობის ამაღლებას.
„დღესდღეობით, როდესაც ნდობა ლარის მიმართ დაკარგულია, ართულებს პროცესს. კერძო პირებს დანაზოგი მობილიზებული აქვთ დოლარში. თუ ჩვენ შევაგროვებთ თანხას დოლარში და გვექნება ანაბარი დოლარში, კომერციულ ბანკსაც არ ექნება საშუალება, რომ გასცეს სესხი ლარში. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ჩვენი შემოსავლების ზრდას, ლარის გამყარებას და ლარის ნდობის ამაღლებას. თუ შევხედავთ წინა წლების მონაცემებს, როცა ლარის კურსი სტაბილური იყო, დოლარიზაციის მაჩვენებელიც იყო შედარებით დაბალი. ლარის გაუფასურებამ კი დოლარიზაციის მაჩვენებელი გაზარდა“, - აცხადებს გივი ადეიშვილი.