ანაკლიის უმსხვილესი პორტის გამარჯვებულის გამოვლენას საშველი არაფრით დაადგა. ის კი არადა, შესაძლოა, მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ინტერესთა გამოხატვა საერთოდაც ჩაიშალოს.
„ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საინვესტიციო შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, ამიტომ მთავრობა ვერ აცხადებს ინტერესთა გამოხატვის შედეგებს“, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ქარჩავა, რომელიც ტენდერში ჩინურ და ამერიკულ ბიზნესჯგუფებთან ერთად მონაწილეობს.
იგი ამ პირობებით ანაკლიის პორტის მშენებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ქარჩავას მიაჩნია, რომ ეს ინტერესთა გამოხატვა უნდა დაიხუროს და ახალი გამოცხადდეს, განახლდეს მთავრობასთან მოლაპარაკებები, რადგანაც არსებული რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
ქარჩავამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ინვესტორთა ჯგუფი, სათანადო პირობებში, პორტის მშენებლობის დასაწყებად მზად იყო. I ფაზა ამ წლის ივლისში დაიწყებოდა და 3 წელში დასრულდებოდა. ამ ფაზის ფარგლებში აშენდებოდა სამი ტერმინალი - მშრალი და თხევადი ტვირთებისთვის.
„ამის ფინანსური უზრუნველყოფა და სრულყოფილი პროექტიც გაგვაჩნია, ჩინეთის მთავრობასთან შეთანხმებული“, - ამბობს ბიზნესმენი და დასძენს, რომ ინტერესთა გამოხატვაში რამდენიმე პუნქტია, რომელიც მისაღები არ არის ინვესტორისთვის.
„ამის შესახებ ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გამარჯვებულს გამოაცხადებენ ან მანამდე, თუკი საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა არასწორი პირობები წამოაყენა. მეორე კონსორციუმი თუ ამ პირობებით აიღებს პროექტს, ეს მათი ნებაა. აქ არ არის საუბარი გრანტებით დაფინანსებაზე, სახელმწიფო გარანტიაზე. თუ ამ ყველაფრის გარეშე თანახმაა მეორე კონსორციუმი, გამარჯვებას ვუსურვებ.
ჩინეთის გიგანტური კომპანია „ფაუერ ჩაინა“, ამერიკული კომპანია და ქართული „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკი“, რომლებსაც ერთმანეთთან პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებთ, მზად არიან მისაღები პირობებით დაიწყონ პორტის მშენებლობა. არსებული პირობებით ეს პროექტი თავშივე განწირულია და დიდი რისკის ქვეშ დგას“, - აცხადებს ქარჩავა, რომელსაც მთავრობის მიერ ამ ტენდერისთვის მოწვეული კონსულტანტების კომპეტენციაშიც ეჭვი ეპარება.
ტენდერში მონაწილე მეორე ჯგუფის წევრმა, „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სააგენტო „ჯიბისის“ განუცხადა, რომ ანაკლიის პორტის სრულყოფილი პროექტი, ყველა მახასიათებლით, მხოლოდ თიბისი ჯგუფს და მის პარტნიორებს (ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM) აქვს წარდგენილი.
„დაველოდოთ გამოცხადებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველა პირობა, ფინანსურიდან ტექნიკურით დამთავრებული, რომ ანაკლიის პროექტი იყოს ყველაზე წარმატებული და სტრატეგიული მნიშვნელობის, აზიის და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭის ფუნქციით“, - განაცხადა „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა. „თიბისი ჯგუფი“ პარტნიორებან ერთად აპლიკაციის პასუხს ელოდება.
მთავრობა ბოლო რამდენიმე თვეა ანაკლიის მილიარდიანი პროექტის ინვესტორის რამდენიმე დღეში გამოცხადებას აანონსებს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. გამაარჯვებული ჯერ სექტემბერში უნდა გამოცხადებულიყო, შემდეგ დეკემბერში, მერე იანვარში. ახალი ვადა მარტია, თუმცა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის მიერ სკანდალური განცხადების შემდეგ, გამორიცხული არ არის, კონკურსი საერთოდ ვერ დასრულდეს.
ტენდერი 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს და არსებული გეგმით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში უნდა დაიწყოს.