„საბაჟოზე გადმოსულ სამედიცინო პრეპარატებსა და აფთიაქში დაწესებულ ფასს შორის დაახლოებით 300%-იანი სხვაობაა“

„საბაჟოზე გადმოსულ სამედიცინო პრეპარატებსა და აფთიაქში დაწესებულ ფასს შორის დაახლოებით 300%-იანი სხვაობაა“

„აფბას“ თავმჯდომარე შოთა გულბანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „აფბამ“ ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებზე დაკვირვების უნივერსალური მეთოდი შეიმუშავა.

შოთა გულბანი: მედიკამენტების ფასების ინდექსის გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოვიყენეთ ელემენტარული არითმეტიკული მეთოდი. აქ მთავარია შინაარსი, რა დადებითი მხარეც ამ ინდექსის არსებობას გააჩნია. გადავწყვიტეთ, ამ ინდექსს სახელი ჰქონდეს და ეს იქნება ფანასკერტელის ინდექსი. მოგეხსენებათ, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა, მე-15 საუკუნის ამ ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა და მეცნიერმა, სამკურნალო წიგნის - „კარაბადინის“ ავტორმა, დიდი ღვაწლი დასდო ქართული მედიცინის განვითარებას. ჩვენი ინსპირაციაც ეს იყო, როცა ვფიქრობდით იმ ინდექსის სახელზე, რომელმაც ფასზე დაკვირვებით უნდა გამოიკვლიოს, თუ როგორი ტენდენციაა თვიდან თვემდე, იკლებს ფასები მედიკამენტების ბაზარზე თუ იმატებს. ანუ ერთ კონკრეტულ ციფრზე, ფანასკერტელის ინდექსზე დაკვირვებით, ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებას ყოველთვიური ინფორმაცია მივაწოდოთ, რა მდგომარეობაა მედიკამენტების ბაზარზე. დავუშვათ, შემოვიდა რომელიღაც ახალი კომპანია, როგორ შეიცვალა ვითარება.

ზაზა ფანასკერტელი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფის განსაკურნებლად საჭიროა ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდის გამოყენება, მაგრამ რომელ რაციონალურ მეთოდზეა საუბარი, როცა საქართველოში შემოდის უხარისხო ინდური წამლები? ფარმაცევტები ამბობენ, რომ შესაძლოა, მედიკამენტები დასავლეთიდანაც შემოდიოდეს, მაგრამ ეს გათვლილია იაფფასიანი მომხმარებლისთვის და ძვირადღირებული წამლებისგან რადიკალურად განსხვავდება.

- ფარმაცევტულ ბაზარზე ფასებისა და ხარისხის პრობლემის შესახებ კარგა ხანია, ცნობილია. მედიკამენტების ხარისხი ჩვენი ინდექსის დაანგარიშებას ხელს არ უშლის. მაგალითად, ჩვენ დავიანგარიშეთ და გამოვიკვლიეთ 200 დასახელების მედიკამენტი, რომელიც ჩვენს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. აქედან 70 არის ორიგინალი, ხოლო დანარჩენი არის ამ 70-ის შემცვლელი წამალი, ანუ ე.წ. ჯენერიკები. თუ პაციენტი ორიგინალს არ ყიდულობს, მაშინ „ჯენერიკს“ ყიდულობს. „ჯენერიკებთან“ დაკავშირებით კი ხშირად ისმის საზოგადოების მითქმა-მოთქმა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. რეალურად, სამედიცინო სფეროს ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, „ჯენერიკიც“ ჩვეულებრივად მოქმედებს. რაც შეეხება ინდოეთიდან თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ უხარისხო წამალს, ამას სერიოზული, ლაბორატორიული დასკვნა სჭირდება. ჩვენ კი უფრო ეკონომიკური ინდექსის მიმართულებით მივდივართ და წამლების ხარისხს ჯერ არ ვუღრმავდებით.

გასული წლის ზაფხულში ხელისუფლება დაგვპირდა, რომ შემოდგომიდან მედიკამენტების გაიაფება დაიწყებოდა. მოგვიანებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ პრეპარატებზე ფასები დაიწევდა, თუმცა ექსპერტები მაშინვე ამბობდნენ, რომ წამალი იაფი არასდროს იქნებოდა. ფასების კლების ტენდენციაზე რას იტყვით?

- ყოველ შემთხვევაში, ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია მე არ შემიმჩნევია. პირიქით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა. ჩამოყალიბებულია რამდენიმე მმართველი კომპანია, რომელიც ერთნაირად განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას.

ზუსტად ამის გამო საუბრობენ კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიაზე.

- კი ბატონო, არსებობს ამის საფუძვლიანი ეჭვი. ჩვენ გვაქვს სერიოზული კვლევა განხორციელებული, რომლითაც ვაჩვენეთ, რომ საბაჟოზე გადმოსულ პრეპარატებსა და აქ დაწესებულ ფასს შორის დაახლოებით 300%-იანი სხვაობაა. ანუ 300%-იანი ფასნამატით იყიდება ქართულ ბაზარზე პრეპარატები. ეს კოლოსალურად დიდი ფასნამატია და ელემენტარული უსამართლობაა იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, მარტო მილიონნახევარი ადამიანი სოციალური დახმარების მიმღებადაა დარეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ნახევარი მოსახლეობა გაჭირვებულია.

თუკი შესრულდება ხელისუფლების დაპირება მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით, ხომ არ გაჩნდება იმის ალბათობა, რომ უფრო მეტი გაურკვეველი ხარისხის წამალი შემოვა საქართველოში, რითაც ისედაცგანებივრებულნივართ?

- სწორად აღნიშნეთ, დღეს ისედაც შემოდის ძალიან ბევრი გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტი, რომელიც თავისუფლადაა მიმოქცევაში. საუბრობენ იმაზეც, რომ მედიკოსთა ნაწილი შეკრულია ამ კომპანიებთან და წამლების გასაღებაში მონაწილეობს. ეს ეჭვიც ლოგიკურია, რადგან კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ კლინიკაც, რომელთაც გააჩნიათ სადისტრიბუციო ქსელი, ჰყავთ თავიანთი ექიმები. ცხადია, ექიმი, რომლიც ზის ამ კომპანიაში და საწარმოო ქსელიც გააჩნია, პაციენტს ეტყვის, აქ წადი, ეს წამალი შეიძინე. ეს ხომ მისი კომპანიისთვის მომგებიანია. ასეთი რამ საქართველოში ხდება.

ექიმის კლინიკური ავტონომიის შენარჩუნებისთვის ევროგაერთიანებამ და ამერიკამ შემოიღეს .. სანშაინ აქტი, რაც ითვალისწინებს ინფორმაციის გასაჯაროებას, თუ რამდენ თანხას იღებს კონკრეტული ექიმი ფარმაცევტული ინდუსტრიისგან, ანუ რამდენად არის დამოკიდებული ფარმაცევტულ კომპანიაზე.

- ჩვენ ასეთი გამჭვირვალე სისტემა არ გვაქვს, განსხვავებით, ამერიკისგან. ჩვენთან ოლიგოპოლიები მოქმედებს. თუმცა სასურველია „სანშაინ აქტის“ მიღება, რაც გაჭირდება, რადგან ამას სერიოზული ლობი შეაფერხებს. გამჭვირვალობა ჩვენს სააფთიაქო ქსელებს ნამდვილად არ ახასიათებთ. თუნდაც იმავე წამლების არსებულ ფასებთან დაკავშირებით რომ მისწეროთ წერილი, რომ კვლევისთვის გჭირდებათ ინფორმაცია, ისინი ან არაკეთილსინდისიერად შეუსაბამო ფასებს მოგწერენ, ან ყოველთვე მოგწერენ ერთსა და იმავე ფასებს, რათა არ შეიცვალოს სურათი, ან საერთოდ არაფერს გეტყვიან, რადგან ეს დახურული სისტემაა.

მაშინ ზაზა ფანასკერტელის ინდექსის ფარგლებში ინფორმაციას როგორ მოიპოვებთ?

- კვლევებს ვატარებთ ინკოგნიტოდ, როგორც აფთიაქებში გამოკითხვის მეთოდით, ისე სატელეფონო ზარების მეშვეობით.

თქვენს ინიციატივას ჯანდაცვის სამინისტრო როგორ შეხვდა?

- დარწმუნებულნი ვართ, დადებითად შეხვდება. ისეთ სამუშაოს ვატარებთ, რაც ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუიოლებს ინდექსზე თვალყურის დევნებას.