მერია ტაქსების და ტაქსისტების აღრიცხვას შეუდგება

მერია ტაქსების და ტაქსისტების აღრიცხვას შეუდგება

ტაქსების საკითხის მოწესრიგება დედაქალაქის ყველა მერს ჰქონდა გულში ამოჭრილი, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ვერც ერთი ბედავდა. ამასობაში, ამ მიმართულებით ვითარება დამძიმდა და ის, რაც ერთ დროს მტკივნეული თემა იყო, ახლა გადაუდებლად მოსაგვარებელი გახდა.

თბილისში ამჟამად, დაახლოებით, 40 000 ტაქსი მოძრაობს. მათი ოდენობა დაზუსტებული არ არის. ასევე არ არსებობს ინფორმაცია მანქანების ტექნიკური გამართულობის შესახებ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას ქმნის.

კერძო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანის საკითხს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობის დასაწყებად ადამიანს საჭიროა ჰქონდეს მხოლოდ მანქანა და ტაქსის ტრაფარეტი.

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, სფერო აბსოლუტური რეგულაციის გარეშეა და ამიტომაც მგზავრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რეგისტრაციის პროცესის დაწყება იგეგმება.

„უნდა ვიცოდეთ, რა ავტომობილი მოძრაობს და ვინ არის მეპატრონე. ჯერჯერობით ლიცენზიის საკითხი არ განიხილება. ტაქსების რაოდენობა არ შეიზღუდება. ესაა პროცესი, რომელმაც აღრიცხვიანობა უნდა მოგვცეს. ტაქსით მოძრავ ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულდებათ და გაუძვირდებათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ზოგადად კი თბილისის მერია სატრანსპორტო საკითხებს წელს დიდ ყურადღებას დაუთმობს. მაგალითად, ავტობუსებზე ტენდერი გამოცხადებულია და მასში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. აგვისტოდან სექტემბრამდე ახალი, უსაფრთხო ავტობუსების პირველ ნაწილი შემოვა თბილისში.

ლექვინაძემ თბილისის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცობების პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს კრწანისი-შინდისის მონაკვეთის მშენებლობა, რითაც თბილისის ცენტრიდან გარკვეული ნაკადების გადასროლა მოხდება.

„გვაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, სადაც 2016 წელს განსახორციელებელი პროექტებია მოცემული, რომლებიც მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

სატაქსო რეგულაციების შესახებ ორიოდე დღის წინ თბილისის მერიაში შეხვედრაც გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო სატრანსპორტო მომსახურების სფეროში არსებულ ვითარებასა და პრობლემებს. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ტაქსის კომპანიების წარმომადგენლებს თავიანთი წინადადებები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ეს სფერო მოსაწესრიგებელია თუნდაც უსაფრთხოების მიმართულებით. გვინდა შევიმუშავოთ ისეთი სქემა, რომელიც მინიმალური ჩარევით, ეტაპობრივად, გარკვეულ რეგულაციაში მოაქცევს ამ საკითხს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაქსის მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ტრანსპორტის მომსახურების სფეროს მოწესრიგებას აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე. მისი თქმით, ამ საკითხის დარეგულირება ერთ-ერთი პირობაა, რომლის შესრულებასაც თბილისის მერია მოქალაქეებს დაჰპირდა.

ოგბაიძის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ერთ მხარეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადახდილი თანხის სანაცვლოდ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი მომსახურების მიღება სურთ, როგორც უსაფრთხოების, ასევე კომფორტის თვალსაზრისით, მეორე მხარეს კი დგანან მძღოლები, რომლებიც სატაქსო მომსახურებით ოჯახებს არჩენენ. ამიტომ, მისი აზრით, ტაქსების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა პირდაპირ ლიცენზირების, არამედ ტრანსორტით მომსახურების სფეროს მოწესრიგების გზით. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც თბილისის ტაქსი უნდა აკმაყოფილებდეს.