საერთო საცხოვრებელი ყველა სტუდენტის ოცნებაა. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის აუცილებლობაზე, პროფესორ-მასწავლებლებიც ხშირად საუბრობენ. მითუმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია - ადგილზე აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალის ნაკლებობაა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სრულ შემადგენლობას ახალციხიდან ახალქალაქში ყოველ დღე უწევს სიარული. მალე სამცხე-ჯავახეთში ვითარება შეიცვლება - სტუდენტებისა და ლექტორების ოცნება ახდა, რადგან აქ 200 კაცზე გათვლილი სასტუმროს ტიპის თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი გაიხსნა, რომელიც პირველ ბინადრებს მეორე სემესტრიდან, თებერვლის ბოლოდან მიიღებს.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ორ ქალაქში – ახალციხესა და ახალქალაქშია განთავსებული. სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია ახალქალაქში მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელდა. გაძარცვული და მიტოვებული შენობის აღდგენას სტუდენტები ოცი წელი ელოდნენ. ამიერიდან, საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოემსახურება და შესაბამისად, გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას, მეტად მოიზიდავს და დაამეგობრებს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს სხვა ქალაქებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების აკადემიური პერსონალისთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნასაც.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიძინა მაისურაძე გვიხსნის, როგორ გადაწყდა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია: „ჯავახეთში უმაღლესი განათლების კუთხით შექმნილი ვითარება მოითხოვდა სწრაფ და სწორად გააზრებულ მიდგომას. რექტორ მერაბ ბერიძის ინიციატივით, დამუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის 4 აპრილს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს გავაცანით. ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ ახალქალაქში უნივერსიტეტის ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ოთხსართულიანი საერთო საცხოვრებლის შენობის რეაბილიტაცია. უნივერსიტეტს გამოეყო 857 918 ლარის დაფინანსება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ჯავახეთში საუნივერსიტეტო ცხოვრების აღორძინების პირველი მაცნე, ელოდება პირველ მაცხოვრებლებს“.
თუ რა მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის არსებობას, „ვერსია“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, საუნივერსიტეტო განათლება სამცხე-ჯავახეთში XX საუკუნის ბოლო ათწლეულში დაიწყო. 1990 წლიდან ჩამოყალიბდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის სახით, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთივე პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა 2002 წელს ახალქალაქში იმავე უნივერსიტეტის, ჯავახეთის ფილიალის გახსნას. მოგვიანებით, სწორედ ეს ორი ფილიალი იქცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად. „ახალციხესა და ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკმაოდ რთულად, მაგრამ საინტერესოდ ვითარდება. რთულად იმიტომ, რომ უნივერსიტეტის ორ ნაწილს შორის, სერიოზული განსხვავებაა. პირველ რიგში გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის თვალსაზრისით“, - აცხადებს ბერიძე.
რაც შეეხება კამპუსებს, მერაბ ბერიძის განმარტებით, მათ მნიშვნელობაზე მეტყველებს მიდგომა, რომელიც განვითარეულ ქვეყნებშია - უმეტესად, ჯერ საერთო საცხოვრებლები შენდება და მერე - ახალი უნივერსიტეტები, ადმინისტრაციული კორპუსები. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ წელს, ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი გარემონტდა. საცხოვრებელი კეთილმოწყობილია. ინვენტარიც დგას, ელექტროენერგია, წყალი და გათბობაც გაყვანილია. მალე, ვიდეოკონტრილიც დამონტაჟდება და მეორე სემესტრიდან სტუდენტები საცხოვრებელში გადასვლას შეძლებენ: „საცხოვრებელი თავფარავნის წყლის ნაპირზეა. ერთი მხრიდან ამირანის გორაა, მოშორებით აბული ჩანს... ასეთ პირობებში, უსაფრთხოების ნორმების დაცვა ორმაგად აუცილებელია. მეორე სემესტრის დაწყებამდე, დავაყენებთ ვიდეოთვალს, გვეყოლება დიასახლისი... ბავშვებს დავპირდი, რომ ჩასახლებაც მიზნობრივი იქნება. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ქართველ და სომეხ სტუდენტებს ერთად შევასახლებთ. დამეგობრდებიან. სტუდქალაქში დაწყებული მეგობრობა, ხშირად ადამიანებს ცხოვრების ბოლომდე მიყვება. მინდა, აქაც ასე მოხდეს“.
მერაბ ბერიძის განმარტებით, საერთო საცხოვრებელი მხოლოდ სტუდენტებზე არაა გათვლილი. დარჩენა, პროფესორ-მასწავლებლებსაც შეეძლებათ. კომფორტული გარემოა მოწყობილი და საცხოვრებლის რამდენიმე ბინა უცხოელ სპეციალისტებზეცაა გათვლილი, რომლებსაც უნივერსიტეტი პერიოდულად მოიწვევს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აზრით, კარგი იქნება, მსგავსი საერთო საცხოვრებელი ახალციხეშიც გარემონტდეს და იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ახალციხის საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტის ბალანსზე გადავა, განათლების სამინისტრო, მის რეაბილიტაციაში უნივერსიტეტს ისევე დაეხმარება, როგორც ეს ახალქალაქის შემთხვევაში მოხდა: „მითუმეტეს, პრობლემა ახალციხეშიც მწვავედ დგას _ სტუდენტები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, იძულებულები არიან ბინა იქირაონ, რაც მათ ცხოვრებას ართულებს. მითუმეტეს, მათ სხვა ხარჯებიც აქვთ. ამიტომაა, რომ ჩამოსული ბავშვების უმრავლესობა, დიდი გაჭირვებით იხდის გადასახადს. ბევრი იძულებულიცაა პარალელურად იმუშაოს, რაც სწავლაში ხელს უშლის“.
რექტორის მოადგილე ვასილ მოსიაშვილი აცხადებს, რომ რეგიონებიდან სტუდენტთა მოზიდვის მიმართულებით, ახალქალაქში გარკვეულ პრობლემას ქმნიდა საერთო საცხოვრებლის არარსებობა. რეგიონის მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე, პრობლემები ჰქონდათ ადგილობრივ სტუდენტებსაც - ზამთარში, ზოგჯერ ახლო სოფლებიდანაც ვერ ახერხებდნენ ლექციებზე დროულად მისვლას. პრობლემები ექმნებოდათ პროფესორ-მასწავლებლებსაც - რადგან ადგილზე არ არსებობს აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალი, ლექტორების სრული შემადგენლობა ყოველდღე ახალციხიდან დადიოდა. ამ რთული პირობების მიუხედავად, ახალქალაქში სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეფერხებულა, თუმცა პრობლემა, საერთო საცხოვრებლის გახსნამდე, პრობლემად რჩებოდა: „200 სტუდენტზე გათვლილი სასტუმროს ტიპის რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი საზეიმოდ გახსნა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. ეს დღე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს და მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულს დაემთხვა. საერთო საცხობრებელი ხელს შეუწყობს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყოფაცხობრებო პირობების გაუმჯობესებას, გაზრდის სწავლის ხელმისაწვდომობას, მეტად მოიზიდავს და დაამეგობრებს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს. სტუდენტთა რაოდენობასაც გაზრდის და დადებითად იმოქმედებს სასწავლო-სამეცნიერო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე“.
პროფესორ გიორგი ბარბაქაძის განმარტებით: „უნივერსიტეტში, საორგანიზაციო თვალსაზრისით, თითქმის ყველაფერი გამართულია. მათ შორის აუდიტორიები, ინტერნეტი, გათბობის საკითხი თუ პროფესორ-მასწავლებლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მოწესრიგებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უნივერსიტეტის არსებობას ის დატვირთვაც აქვს, რომ იგი ხელს უწყობს სომეხი ეროვნების ახალგაზრდების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. სასწავლებელში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს. ახლა კი გაკეთდა საერთო საცხოვრებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი ბარიერია და სტუდენტებს თავდაპირველად ქართულად საუბარი უჭირთ, სწავლის დონის მიხედვით, არ არის ცუდი მდგომარეობა. ენობრივი ბარიერი მეტად უნდა დავძლიოთ. ბავშვებს ვურჩევთ, სკოლაში ქართული კარგად ისწავლონ და გეზი ჩვენი უნივერსიტეტისკენ აიღონ. ისინი ჩვენი სტუდენტების მაგალითზე დარწმუნდებიან, რომ აქ თბილისზე და ერევანზე ნაკლები ხარისხის განათლებას არ მიიღებენ“.
პედაგოგი გრიგორ ვართიკიანი ახალქალაქის უნივერსიტეტში დაარსების დღიდან ასწავლის. ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებლის გახსნა, ჯავახეთისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგან ამით, მხოლოდ ჯავახეთის კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობის ოცნება ახდა. თავიდან ლექციებს ძველი პროფსასწავლებლის გაურემონტებელ შენობაში კითხულობდა, სადაც არანაირი კომფორტი არ იყო. დღეს კი, სულ სხვა გარემოში უწევს მუშაობა. ამბობს, რომ ამ 13 წელში უნივერსიტეტმა აშკარა პროგრესი განიცადა. ინფრასტრუქტურული პრობლემებიც მოგვარებულია, გათბობაც არის... მალე, საერთო საცხოვრებელშიც შევლენ სტუდენტები, რაც კიდევ ერთი მიღწევაა.
გრიგორ ვართიკიანი: „მადლობა ღმერთს, ვითარება შეცვლილია. საერთო საცხოვრებელმაც აღიდგინა ფუნქცია. სასწავლებელი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. სახელწოდებაშიც შევიდა ცვლილება - ჯერ ფილიალი ერქვა, შემდეგ კოლეჯი, ახლა კი, უკვე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია. სიამოვნებაა აქ მოსვლა, სტუდენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობა... საერთო საცხოვრებლის გახსნა რექტორის ოცნება იყო. კარგია, რომ საერთო საცხოვრებელში ბავშვები ჩამოვლენ სხვადასხვა რეგიონიდან და კომფორტულად იცხოვრებენ“.
ადმინისტრაციის თანამშრომელი, ჟანა ხაჩატურიანი 22 წლის იყო, როცა 2002 წელს ჯავახეთის უნივერსიტეტში მივიდა პედაგოგად. პირველი განცდები და ემოცია დღემდე ახსოვს და იმის მომსწრეცაა, წლების განმავლობაში სასწავლებელი როგორ განვითარდა: „ბაკალავრიატი მქონდა დამთავრებული. რადგან სომხური ენის მცოდნე, ეთნიკურად სომეხი ვარ და ქართული განათლება მქონდა, თანაც წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, ჩემი აქ მუშაობის საჭიროება იყო. ერთი წლის დამთავრებული მქონდა სწავლა, როცა ახალციხეში დავიწყე მუშაობა, ბავშვებს ვამზადებდი. უნივერსიტეტს, წლების განმავლობაში პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ - უფრო მეტი წინსვლა. თავიდანვე, ზედიზედ 6 ლექციას ვატარებდით, შესვენების დროც არ გვქონდა. არადა, მაშინ ჯერ კიდევ ფილიალის სტატუსი გვქონდა. კოლეჯად გადაკეთებამ დააკნინა სასწავლებლის სახელი, სტუდენტების რაოდენობა შემცირდა და საკმაოდ მძიმე წელი გავიარეთ. გული მტკიოდა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ამ უნივერსიტეტთან ერთად გავიზარდე. აქ დავსახლდი, დავოჯახდი... უიმედო ვითარება იყო, კოლეგები სხვა სამსახურს ეძებდნენ, მაგრამ რექტორისა და თანამშრომლების დიდი მონდომებით, სასწავლებელს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. ადამიანებს პირადად ვუხსნიდით, რომ ჩვენთან სრულფასოვანი, მაღალი ხარისხის განათლების მიღებას შეძლებდნენ. ვითარება ნელ-ნელა გამოსწორდა. ბევრი საამაყო სტუდენტი გამოზარდა უნივერსიტეტმა. განსაკუთრებით, სომხურენოვანები, რომლებიც ქართულად გამართულად ლაპარაკობენ. ეს დიდი მიღწევაა! მიღწევაა საერთო საცხოვრებლის აღდგენაც. ეს პირობები, მხოლოდ სტუდენტობის კი არა, იმ დროსაც რომ მქონოდა, როცა აქ დავიწყე მუშაობა, დიდი შეღავათი იქნებოდა“.
„ვერსია“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ საერთო საცხოვრებლის გახსნას სტუდენტები. საცხოვრებლის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში შექმნილ პირობებზე ის სტუდენტები გვესაუბრებიან, რომლებიც ლექციებს ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსში ისმენენ:
ვარდუჰი კუღოიანი, ფილოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტი: „უნივერსიტეტში კარგი პირობებია და ბევრი რამ კიდევ კეთდება. თავიდან, ენის ბარიერის გამო, სწავლა გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დავძლიე. მინდა მუშაობა აქ დავიწყო სკოლაში. აქ ყველა პირობაა შექმნილი განათლების მისაღებად. გვაქვს გათბობაც, ბიბლიოთეკაც, ინტერნეტიც. იმედია, საერთო საცხოვრებლის გახსნის შემდეგ, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ ბავშვები და საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება“.
ხაჩატურ ქევნაქსზიანი, ბიზნესის ადმინისტრირების II კურსის სტუდენტი: „პირველად აქ რომ ჩამოვედი, არავის ვიცნობდი. ისიც არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. ჩემი სოფლიდან სამმა მეგობარმა ერთად ჩავაბარეთ. მალე სხვა ბავშვებსაც დავუმეგობრდით. ლექტორების თბილმა დამოკიდებულებამ სტიმული მოგვცა, უკეთ ვისწავლოთ. აქ მოსვლა გვიხარია. სახელმწიფო ენის სწავლა პატარაობიდან მინდოდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნას. ამის მაგალითია საერთო საცხოვრებლის გახსნაც. ყოველ დღე სოფლიდან მოვდივართ, რაც ზამთარში რთულია. სულ პრობლემაა ტრანსპორტთან დაკავშირებით. თუ აქ დავრჩებით, სწავლისთვის მეტი დროც დაგვრჩება და ენერგიაც. ყველას გვინდა გავაგებინოთ, რომ მაღალი დონის უნივერსიტეტში ვართ. დარწმუნებული ვარ, პირობებს რომ გაიგებენ, აქ სწავლა ყველას მოუნდება“.
ვიოლეტა ალექსანიანი, ბიზნესის ადმინისტრირების II კურსის სტუდენტი: „უნივერსიტეტში სწავლისთვის საუკეთესო პირობებია. ლექტორებთან და კურსელებთან თბილი ურთიერთობა გვაქვს. აქ რომ მოვედი არავის ვიცნობდი. ქართულიც აქ ვისწავლე. საერთო საცხოვრებლის გახსნა უმნიშვნელოვანესია - ძალიან შორს ვცხოვრობთ და აქ დარჩენა საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვისწავლოთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ სტუდენტთა რაოდენობაც გაიზრდება“.
ვაზგენ კადჟოიანი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: „მიხარია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ. კარგი ლექტორები გვყავს. საინტერესო ლექციებს ვისმენთ. ახალი საერთო საცხოვრებელი ვნახე და ძალიან მომეწონა, შენობაც კარგია, რემონტიც და მაქსიმალური კომფორტიცაა შექმნილი. იქ სიამოვნებით ვიცხოვრებ“.
ანუშ ქოშატაშიანი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: „კმაყოფილი ვარ აქ სწავლით. სასიამოვნო ლექტორები გვყავს. ლექციები კარგად მიმდინარეობს. ქართულ ენას ვსწავლობთ. გარემო კარგია. საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას არ ვაპირებ, მაგრამ კარგია, რომ სტუდენტებს ამის საშუალება მიეცემათ“.
ნინო ბალახაშვილი, ეკონომიკის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი: „ამ უნივერსიტეტით მაშინ დავინტერესდი, როცა სკოლაში მისი პრეზენტაცია წარადგინეს. როცა გავიგე, რომ აქ მოვხვდი, ვიფიქრე, იქნებ არცაა ისეთი კარგი ეს სასწავლებელი, როგორიც წარმომიდგენია-თქო, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. თბილად დამხვდნენ. დღეს ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. უკვე საერთო საცხოვრებელიც გვაქვს. ვნახე და მომეწონა. ყველაფერია, რაც სტუდენტს ესაჭიროება. კეთილმოწყობილია და იქ ცხოვრება სასიამოვნო იქნება. ვაპირებ კიდეც. ბევრი სტუდენტი შორიდან დადის და ურჩევნიათ აქ იცხოვრონ. ზოგს ეკონომიკური კრიზისი აქვს ოჯახში, ბინას ვერ ქირაობენ და უკვე ბევრს გაუჩნდა აქ სწავლის და ცხოვრების სურვილი“.