ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია „მეტრო პლუსის“ ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. ქალაქში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქმე ფიზიკურ დაპირისპირბამდე მივიდა და 10-მდე ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა.
გუშინ მთელი დღეს „მეტროს“ ავტობუსებს სამართალდამცველები იცავდნენ და მძღოლებს მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. ამასობაში აქციის მონაწილე მძღოლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტს და „მეტროს“ ავტობუსები რეისის შესასრულებლად არ გაუშვეს. გზის გათავისუფლება მხოლოდ პოლიციელთა ჩარევის შემდგ გახდა შესაძლებელი.
მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია „მეტრო პლუსის“ შემოსვლით ისინი სამუშაო ადგილებს ავტომატურად კარგავენ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ.
„ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ „მეტროს“ არ მისცეს უფლება დადგეს იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვდგავართ. ვიცი, რომ ეს ქმედება დანაშაულია, მაგრამ უკიდურესი სოციალური პირობების გამო, სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახებია, რომლებიც ჩვენგან მოტანილი ლუკმაპურით იკვებებიან“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის წევრმა.
„მეტრო პლუსთანთან“ პრეტენზიები აქვს ავტოსადგურის მეწილეების ნაწილსაც. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მზექალა წიფურიამ, განაცხადა, თურქულ კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ 21 მეწილიდან ინფორმირებული მხოლოდ სამი იყო:
„როგორ გადაწყვიტეს და როგორ გააკეთეს ეს?! ვითხოვთ ხელშეკრულებას, მოიტანონ ხელშეკრულება და გვანახონ, რას მოაწერეს ხელი და რა გააკეთეს“.
მძღოლებისა და ავტოსადგურის მეწილეების პრეტენზიებს „მეტრო პლუსში“ არ იზიარებენ. დავით დიდიშვილის განცხადებით, ისინი მოქმედებენ კანონის ფარგლებში და ვერავინ შეედავება. საიჯარო ხელშეკრულება ავტოსადგურის ხელმძღვანელთან საჭირო პროცედურების დაცვითაა გაფორმებული და არავის აქვს უფლება მათ მუშაობა აუკრძალოს.
„ზუგდიდი-თბილისის „მარშრუტკის“ მძღოლებმა გადაგვიკეტეს გზა და პოლიციის დახმარებით გავუშვით ავტობუსი. დირექტორისგან გვაქვს იჯარის ხელშეკრულება აღებული და არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. სადაც უნდათ, ვისაც უნდათ, მიმართონ, იდავონ. ჩვენ საბუთებით ვართ ყველანაირად გამართული“, - აღნიშნა დიდიშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. შეკრებილებს ქალაქის მერი შეხვდა და განუმარტა, რომ მას არანაირი საფუძველი არ აქვს ახალ კომპანიას მუშაობის დაწყება აუკრძალოს.
„როდესაც დაიწყეს უკანონო მშენებლობა, მერიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა გაცემული და დააჯარიმა. რეკრეაციული ზონა იყო... მშენებლობის ნებართვა არ გასცა და ეს საკითხი ამოიწურა. ახლა კერძო იურიდიულ პირთან გააფორმეს, ყოფილ ავტოსადგურთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ყველა სტანდარტებს აკმაყოფილებს. არანაირი რეგულაცია კანონის ჩარჩოებში არ აქვს მერიას ან აუკრძალოს, ან ნებართვა გასცეს“, - ამბობს ზუგდიდის მერი.
ოპოზიცია სამეგრელოში მიმდინარე სატრანსპორტო აქციას გამოეხმაურა. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში სიტუაცია უფრო არ დაიძაბოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც ჩაერთონ. ეს არის დავა ორ კომპანიას შორის, რომელსაც სჭირდება კონკრეტული გამოსავლის პოვნა. ბროკერობა და მედიატორობა ამ შემთხვევაში ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა იკისრონ“, - განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღწევა შეთანხმების გზით, რჩება ერთადერთი გზა და ეს არის სასამართლო.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა - გარკვეული ხელშეკრულების დადებამ, მათი გაუქმების მცდელობამ - გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმ ადამიანებში, ვინც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. აქ, შესაძლოა, სხვა დაინტერესებული პირებიც მონაწილეობდნენ. ასე რომ, აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და რაც შეიძლება მშვიდ ტონში და სამართლებრივი გზით მოიძებნოს გამოსავალი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მძღოლებმა საპროტესტო აქცია მსგავსი მოთხოვნებით არაერთხელ გამართეს. ისინი კონკურენტ კომპანიასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მის ტრანსპორტს მუშაობის უფლებას არ მისცემენ.