ეკონომისტთა ერთი ჯუგფი რამდენიმე დღეა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. საარჩევნო წელს მთავრობის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა არარეალურად მოსჩანდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოულოდნელად დაადასტურა, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვათა შორის, კვირიკაშვილი ეკონომიკური გათვლებით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. შარშან დაახლოებით ამ დროს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ამჟამინდელი პრემიერი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2%-მდე შემცირებას დაჟინებით ითხოვდა. ფინანსთა მინისტრი იმთავითვე არ ეთანხმებოდა გიორგი კვირიკაშვილს და ამბობდა, რომ 2015 წელს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდებოდა. საბოლოოდ, მთავრობამ საპროგნოზო მაჩვენებელი 2%-მდე დაიყვანა, წლის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის ზრდამ 3%-ს გადააჭარბა. ამჯერადაც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის ინიციატორი კვირიკაშვილია, მაგრამ რამდენად დაეთანხმება მას ფინანსთა მინისტრი, ეს ჯერ უცნობია.
სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა არაერთი რეფორმა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება.
ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ამაზე განცხადებები თვითონ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს. „ეს მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილია და პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მან დააანონსოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რეფორმებს თუ მოჰყვება საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ლარს რამდენად დაეხმარება მოკლევადიან პერსპექტივაში, ქუმსიშვილმა აღნიშნა, ასეთი ნაბიჯები ეროვნულ ვალუტას ნამდვილად დაეხმარება.
ეკონომისტების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებას ურჩევს. ილიაუნის პროფესორის გიგა ბედინეიშვილის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი მთავრობამ ნულამდე უნდა დაიყვანოს, რადგან ხარჯების მკვეთრად შემცირების გარეშე, ლარი კვლავ გაუფასურდება. მისი თქმით, ჯერ კიდევ მსოფლიო ბაზარზე პროდუქტების გაიაფება გვეხმარება, რომ საქართველოში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირდეს.
ეკონომისტი რომან გოცირიძე კი პირდაპირ მიუთითებს, რომ აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, განსაკუთრებით სოციალური მუხლების მიმართულებით.
„შესაძლებელია განაცხადონ, რომ აპირებენ ბიუჯეტის სეკვესტრს, რითაც დაზოგავენ საბიუჯეტო ხარჯებს, თუმცა განცხადებები განხადებებად რჩება. წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული სოციალური სუბსიდიების საშუალებით ერთი სოციალური ჯგუფის მხარდაჭერა აზიანებს მთელი ქვეყნის მოსახლეობას“, - აცხადებს გოცირიძე.
რამდენად გარისკავს ხელისუფლება 2016 წელს ბიუჯეტის შეკვეცას, ეს მალე გამოჩნდება. ბევრი რამ ლარის კურსის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული.