მიწების რეგისტრაციის საკითხი თანდათან სიმწვავეს იძენს. საქმე ეხება ფაქტობრივ საკუთრებაში მყოფ სავარგულებს, რომლის დარეგისტრირებაც რეგიონის მოსახლეობამ წლების განმავლობაში ვერაფრით მოახერხა. საპარლამენტო უმრავლესობა ასეთი ფაქტების არსებობას კატეგორიულად უარყოფს, ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ინფორმაციით, მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო. ისინი ირწმუნებიან, მათ რამდენიმე რაიონი გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და მათი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.
„მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა მიითვისა. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს შემდეგს: თქვენ ან თქვენი ოჯახი, შესაძლოა, თვლიდეთ, რომ საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გაგაჩნიათ, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ, ამუშავებთ, მაგრამ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაკეთებული არ გაქვთ. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ ისე, რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე“, - აცხადებენ „გირჩელები“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი. ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაპირებთ დავადგინოთ, ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება“, - აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება მიწების ინვენტარიზაცია და არა კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ის ამ თემაზე ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „არავითარი მსგავსი არაფერი ხდება“.
„ძალიან კარგი იქნება, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები იურიდიულად გაიმართოს და ყველამ თავის საკუთრება საჯარო რეესტრში დაიკანონის ისე, როგორც ეს წესია. დღესდღეობით სახელმწიფო ახორციელებს მხოლოდ მიწების ინვენტარიზაციას. პარლამენტში შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც ახლა შეჩერებულია და გულისხმობდა იმას, რომ მთავრობას შეეძლო ასეთი მიწები საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინა. თუკი მოხდებოდა ვიღაცის მიწის დარეგისტრირება, ერთი წლის განმავლობაში მათ შეეძლოთ ეს გაეპროტესტებინათ და მიწას ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაურეგისტირებდნენ. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იყო მთელი რიგი კითხვები და პროექტის განხილვა შეჩერებულია. ჩასატარებელია კონსულტაციები, რადგან ისე არ მოხდეს, რომ მოსახლეობის თუნდაც მცირე, მაგრამ გარკვეულ ნაწილს რაიმე შეფერხება შეექმნას“, - განუცხადა ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსს“.
2015 წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთები, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდება და მათი განკარგვის ან სარგებლობაში გადაცემის კუთხით, ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდება. ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ ამ კანონის ძალაში შესვლის მიზანი იქნება ის, რომ ხელისფლებას ხელი არ შეეშალოს დიდი პროექტების განხორციელების (ხუდონჰესი, ნამახვანჰესი) პროცესში.