განუკითხაობა სავალუტო ბაზარზე

განუკითხაობა სავალუტო ბაზარზე

ის, რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, ამას სრული ქაოსი ეწოდება. ლარის ყოველ დღე აუმჯობესებს ისტორიულ ანტირეკორდს და თანაც ნახტომისებურად. რეალური გაცვლითი კურსი უკვე გადაცდა 2,50-იან ნიშნულს და მის შეჩერება ვერ ხერხდება. ამ სიტუაციაში ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთავრობაც ხმას არ იღებენ. მოსახლეობაში პანიკის ჩასაცხრობად არც ერთი მხრიდან ნორმალური კომენტარიც კი არ გაკეთებულა.

რა ელის ეროვნულ ვალუტას არავინ იცის. კომენტარს არავინ გაურბის, მაგრამ პროგნოზის გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტები რაიმე პოზიტიურ საყრდენს ვერსად ხედავენ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს:

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება, განსაკუთრებით, ნავთობის ფასის ვარდნის შედეგად. ფსიქოლოგიური ფაქტორი კი ისაა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები ცდილობენ, თავიანთი კაპიტალის დაცვის მიზნით, ვალუტა გაიტანონ ქვეყნიდან. შესაბამისად, ბანკებს არ ჰყოფნით უცხოური ვალუტა იმისთვის, რომ მოემსახურონ ქვეყნიდან გასულ უცხოურ კაპიტალს“, - აცხადებს ელიავა.

სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი ელგუჯა მექვაბიშვილი ბაზარზე გაჩენილ აჟიოტაჟში მეზობელი ქვეყნის ბანკების კვალსაც ხედავს.

„ლოგიკურია აზერბაიჯანული ბანკების მცდელობა, საქართველოს ბაზარზე დოლარი შეისყიდონ და შესაძლოა, ეს იყოს ლარზე ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენთან ხომ სავალუტო ოპერაციები აბსოლუტურად ლიბერალურია. მათ შეუძლიათ შეისყიდონ დოლარი, გაიტანონ, თავიანთ ანგარიშებზე განათავსონ და ა.შ.

როცა ვაჭრობა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მიმდინარეობდა, ამ ოპერაციებს ვხედავდით, დღეს კი, თუ სისტემის წევრი არ ხარ, რაც სოლიდურ შენატანს მოითხოვს, შეუძლებელია ნახო, ვინ რამდენი ვალუტა შეიძინა.

გარდა ამისა, როცა ფული სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში უფასურდება, იქიდან შემოდის იაფი საქონელი, რომელიც უფრო დიდი მოცულობით იყიდება ლარში და შემდეგ მისი კონვერტირება ხდება დოლარში. შესაბამისად, იზრდება დოლარის კურსიც“, - აცხადებს მექვაბიშვილი.

ექსპერტთა მხრიდან ლარის კურსთან დაკავშირებით ფრთხილი პროგნოზებიც კეთდება. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება გაგრძელდება, თუმცა ამას დრამატული მასშტაბები არ ექნება.

„ის პრობლემები, რაც საქართველოს ეკონომიკაში არსებობდა, კერძოდ, უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება, მათ შორის, ფულადი გზავნილების, ექსპორტის და სხვა, მიმდინარე წლის დასაწყისში ჯერ კიდევ აქტუალურია. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არ გვაქვს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ლარი ისეთი ტემპით გაუფასურდეს, როგორც ეს 2014-15 წლებში იყო. ნელი ტემპით გაუფასურება კიდევ არის მოსალოდნელი“, -  აცხადებს ჯანიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.

ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან დიდ როლს თამაშობს მოსახლეობაში არსებული ნეგატიური მოლოდინები. ხალხს ნდობა დაკარგული აქვს ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც ლარზე წნეხს აორმაგებს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობის მიერ სერიოზული ქმედებები უნდა იქნას განხორციელებული, სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ლარი არ ჩერდება.

„შესაძლოა, მომავალში ბიუჯეტის კანონის კორექტირებაც იყოს აუცილებელი. გარდა ამისა, არის გაუარესებული საგარეო პირობებიც და ლარზე ესეც უარყოფითად მოქმედებს. საზოგადოებას უნდა შეექმნას მოლოდინი, რომ პოზიტიური პროცესები წავა. ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკზე აღარ არის დამოკიდებული. აუცილებლად კოორდინირებული ღონისძიებები უნდა იყოს“, - აცხადებს ნამჩავაძე.