„2016 წლის არჩევნებზე შთამბეჭდავი პროგრესი დაფიქსირდება“

„2016 წლის არჩევნებზე შთამბეჭდავი პროგრესი დაფიქსირდება“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლა საქართველოს მოქალაქეებს რეფორმების მხარდაჭერის სტიმულს მისცემს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც ატლანტიკური საბჭო აქვეყნებს. აშიშ კუმარ სენთან საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ახსნა, რატომ იმსახურებს საქართველო ნატო- წევრობას. მან ასევე განიხილა რუსეთთან ურთიერთობების საკითხები, თბილისის მოლოდინი დასავლელი პარტნიორებისგან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მისეული გეგმა. ,,ვერსია'' საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
- მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ ნატო-სგან მიიღო გაწევრების შეთავაზება, უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ ივლისში, ვარშავის სამიტზე საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას თუ არა, ნათელ გზამკვლევს მაინც მიიღებს? 
- მივესალმებით მონტენეგროსთვის გაკეთებულ შეთავაზებას ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს მხრიდან ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნატო-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ალიანსში გაწევრებისთვის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ პოლიტიკური ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენება. დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა ტრენინგისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მსხვილ პროექტს პაკეტის ფარგლებში. ამის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის მიზნით საქართველოში გამოიგზავნა ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი. 2015 წელს ჩატარდა ნატო-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „მებრძოლი სული“. საქართველო ნატო-ს მისიის მხარდამჭერია ავღანეთში. გარდა ამისა, 2015-2017 წლებში საქართველო უზრუნველყოფს ქართული ასეულის მონაწილეობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. ნატო-ს მისიებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანის უნარი. ამ ეტაპზე ნაადრევია ვარშავის ნატო-ს სამიტის შედეგებზე ლაპარაკი. დარწმუნებული ვართ, ნატო-ს გადაწყვეტილება დაეფუძნება საქართველოს მიღწევებს, ასახავს პროგრესს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და უფრო ახლოს მიგვიყვანს საბოლოო მიზანთან ანუ ნატო-ს წევრობასთან. 
- რა სახის გარანტიებს ელით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან) იმისთვის, რომ ძალაში დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, ასევე წახალისდეს საქართველოს ერთგულება რეფორმებისადმი? 
- ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია, რომელზეც ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი. საქართველოს არჩევანს განაპირობებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და მშვიდობის საყოველთაო ღირებულებები. საქართველოში გატარებული ძირითადი ინსტიტუციონალური რეფორმების მთავარი მიზანია ქვეყნის მოდერნიზაცია და დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის შეუქცევადობის უზრუნველყოფა. საქართველო განიხილავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას როგორც ამ მიზნების მიღწევისა და შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობას. წინსვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებს მისცემს სტიმულს, მომავალშიც დაუჭირონ მხარი რეფორმებს. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს და არ მოველით მყისიერ პროგრესს ინტეგრაციის პროცესში. მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია, დავანახოთ ხალხს, რომ პროცესი არ შეჩერებულა და მას მოაქვს ხელშესახები შედეგები. 
- როგორია საქართველოს პრიორიტეტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში? 
- აშშ არის საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე. ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მმართველობის ყველა დონეზე, უპრეცედენტოდ მტკიცეა. პიროვნულ დონეზე, მსურს, ქვეყნებს შორის მაკავშირებლის როლი შევასრულო. ილინოისის უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. სასიამოვნო დამთხვევაა, რომ სამივეს - მე, ობამასა და აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის, ილინოისთან გვაქვს კავშირები. 
- ვიცი, ამერიკას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის და საქართველოსაც ბევრის შეთავაზება შეუძლია ამერიკისთვის. 
- უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა და სატრენინგო პროგრამების გარდა, უნდა გავააქტიუროთ ეკონომიკური კავშირები. ამერიკა საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია (ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 355 მლნ დოლარს). თუ გონივრულად გამოვიყენებთ ჩვენი მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, მალე ორმხრივი ვაჭრობა ამერიკასთან მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამერიკული კომპანიების ინფორმირებას საქართველოში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების, ტრანსპორტისა და ჰიდროელექტროენერგიის წარმოების სფეროებში. დადგა დრო, ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის ქვაკუთხედად ვაქციოთ. 
- შარშან, ატლანტიკურ საბჭოზე რუსეთი დაახასიათეთ როგორცსაგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა“. კმაყოფილი ხართ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგებით? ხედავთ რუსეთის მხრიდან დაძაბულობის შემსუბუქებისთვის მზადყოფნას? როგორ აბალანსებთ რუსეთთან თქვენს პოლიტიკას და აფხაზეთსა და ,,სამხრეთ ოსეთთან'' შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას? 
- ჟენევის შეხვედრების ფარგლებში გვაქვს პრინციპული მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს გადასადგმელი აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, უკვე გაუმჯობესდა ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტურისტული და კულტურული კავშირები. საქართველოს მოქალაქეებმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასეს. თუმცა, რუსეთის მოქმედებები (მაგალითად, ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან) ყურადღების მოდუნების ფუფუნებას არ გვაძლევს. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისკენ. გვსურს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს ის რეალური სარგებელი, რომლის შეთავაზებაც შეუძლია ევროპულ და გლობალურ ეკონომიკაში სრულად ინტეგრირებულ თანამედროვე სახელმწიფოს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მთავარი ინსტრუმენტებია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. 
- რატომ არის ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისთვის? 
- ეს არის უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ის მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით - აღიარებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და ჩვენი მთავრობის უნარს, განახორციელოს რთული და ეფექტური რეფორმები. ეს ნიშნავს, რომ თაობების ნატვრა 2016 წელს რეალობად იქცევა - ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ მოგზაურობა და ყოველ ექვს თვეში 90 დღის განმავლობაში დარჩენა ევროპაში. ეს მოასწავებს ახალ ეტაპს ქვეყნის განვითარებაში. ქართველ ხალხს მიეცემა ახალი შესაძლებლობები. ამ შედეგით ასევე აღიარებულია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ამ პროცესში განსაკუთრებით ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უწყებების პროფესიონალიზმი, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა. ეს შედეგი დიდ გავლენას იქონიებს ევროკავშირ-საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პოტენციალის სრულად გამოყენებაზე და წაახალისებს ქართულ ბიზნესს ევროპულ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების მოძიების თვალსაზრისით. 
- ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული რეფორმები რა ტემპებით ხორციელდება და რას აკეთებს მთავრობა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად? 
- საქართველო განუხრელად მიჰყვება რეფორმების გზას თავისუფლებისა და დემოკრატიის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად. ჩემთვის საპატიოა იმ ძალისხმევის ხელმძღვანელობა, რომელიც კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო 2012 წელს. ჩვენი მიზანია ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მის დამქირავებელს, ანუ ხალხს უსმენს. საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში, საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემა. მოვახდინეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება. რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე, რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა. 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ მხრივ, წლევანდელი არჩევნები განსხვავებული არ იქნება. ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია განგრძობითი პროცესია. ჩვენი მოლოდინით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში დაფიქსირდება უფრო შთამბეჭდავი პროგრესი. 
- კოალიცია ,,ოცნების'' პოპულარობის დაცემაში, საქართველოს სუსტ ეკონომიკას ადანაშაულებენ. რა გამოწვევებს აწყდებით ეკონომიკის გამოცოცხლების გზაზე და როგორ აპირებთ მათ გადალახვას? 
- მთავრობის მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქის უკეთესი შესახებ ოცნების რეალობად ქცევა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რითაც გავაუმჯობესეთ მოსახლეობის ცხოვრების დონე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი შრომა გველის. ყურადღებას ვამახვილებთ ეკონომიკის ზრდაზე, რათა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კი, უფრო ინტენსიური გახდეს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ რეალური სარგებელი. ხელისუფლებაში კოალიციის მოსვლიდან მალევე, ეკონომიკა შეარყია ძლიერმა საგარეო ეკონომიკურმა ძვრებმა და უკრაინისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების კრიზისმა. დღეს საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. 2015 წელს საქართველომ მოიზიდა 1.7 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 
დღეს საქართველოს აქვს შემდგომი განვითარების და ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან კომერციულ მაკავშირებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. 2015 წლის შემოდგომაზე ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს, რომელმაც თავი მოუყარა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორის 700 ლიდერს 34 ქვეყნიდან. მომავალში ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. გარდა ამისა, მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების გზით, შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის ტრანსფორმირებას. ხშირად, არსებული ბიზნესი სწრაფად ვითარდება, მაგრამ დამწყები ბიზნესი ვერ იზიდავს ფინანსებს იდეების განსახორციელებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად და დამწყები ბიზნესის ხელშესაწყობად, ახალ პროგრამებს აუცილებლად წამოვიწყებთ.