სანამ ახლოს მივიდოდით (რა თქმა უნდა, დემოკრატიასთან), გვეგონა, რომ პროტესტი იმდენად ორგანული რამ იქნებოდა, როგორც მზის ამოსვლა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დემოკრატიაზეც ჭრის მიდგომა: როგორც ქუხს, ისეც ვერ წვიმსო. ჰოდა, რაკი ვერ წვიმს, მაგალითად, გასულ კვირას ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც პროტესტის ფორმად რექტორის მისაღებში შიმშილობდნენ, როგორც თავად აცხადებენ, ჟურნალისტების წასვლისთანავე, იარაღიანმა პირებმა გაიტაცეს (თითქმის ისე, როგორც „სოფლის მაშენებლებშია“ – შენ რომ წახვედი, ადგა და მომიტაცაო), თუმცა, სოფელ ძეგვთან გაათავისუფლეს.
უფრო ადრე, სტუდენტებმა აქცია გამართეს („მოუსმინეთ სტუდენტებს“). სხვათა შორის, ისინი სტუ-ის რექტორს უყურადღებობაში, სტუდენტების პრივილეგირებულად და არაპრივილეგირებულად დაყოფაში, განსხვავებული აზრის დევნაში, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობასა და სტიპენდიების არასამართლიანად გაცემაში ადანაშაულებდნენ (ვფიქრობ, სავსებით დემოკრატიული პრეტენზიებია. ვითომ არა?!). თუმცა, რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრა არ ისურვა (სამგზის შევხვდი და მათგან მნიშვნელოვანი არაფერი მომისმენიაო).
ძეგვიდან დაბრუნებულმა სტუდენტებმა შიმშილობის განახლება სცადეს, მაგრამ რექტორის მისაღებში ვეღარ მოხვდნენ (როგოცრ ჩანს, რექტორმა თადარიგი დაიჭირა). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის (მაგალითად, თსუ-ის ნაჯანდაცვარმა რექტორმა უკმაყოფილო სტუდენტებს სხვა უმაღლესებისკენ ისეთი რიხით მიუთითა, თითქოს ამიერკავკასიაში ეს პირველი ცოდნის ტაძარი მისი კერძო საკუთრება ყოფილიყოს), ქართულსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის განსვლა ისევე აშკარაა, როგორც ის, თუ რატომ მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ ლენინური ტემპებით – „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი – უკან“!