ლარის ცოცვა-ხოხვით საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

ლარის ცოცვა-ხოხვით საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

ეროვნული ვალუტა ისტორიულ ფსკერზე დაეშვა და ნებისმიერ დროს შეიძლება 17-წლიანი ანტირეკორდი დაამყაროს. ლარის გაუფასურების ისტორიული მინიმუმი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.4510 ღირდა. დღევანდელი კურსიც სწორედ ამ მიდამოებშია.

საფინანსო ბაზარზე შექმნილი ასეთი რთული ვითარება უკვე გახდა დიდი მითქმა-მოთქმის საფუძველი. დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსის „დასაჭერად“ ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს 407 მილიონამდე დოლარი აქვს დახარჯული, მიუხედავად ამისა კურსის დასტაბილურება ვერაფრით ხერხდება. ეს ყველაფერი კი ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება.

„ლარის კურსი კვლავ ეცემა. მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს და შემოფარგლულია მხოლოდ ზერელე განცხადებებით“, - განაცხადა მელიქიშვილმა. როგორც უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, ახლა თითოეულ დღეს და საათს აქვს მნიშვნელობა, რადგან ვალუტის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან - 2,50-თან.

„დღეს არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო, მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოსახლეობა და ის, რომ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ვალუტა. არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ბერკეტების და სავალუტო რეზერვების იმედად ყოფნა, გამომდინარე იქედან, რომ ეს ყველაფერი არის ამოწურვადი“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ დუნდუა. მისი პროგნოზით, მომავალში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცირედ მერყეობებს, თუმცა ამას მზარდი ხასიათი არ ექნება და კურსი დასტაბილურდება.

დუნდუას თქმით, დღევანდელ სიტუაციაში ლარის სტაბილურობის ხაზი 2.40-ის მიდამოებშია, თუმცა თუ ეროვნული ბანკი იმ პოლიტიკას გაატარებს რაც აუცილებელია, კურსი 2.20-ზე უნდა ჩამოვიდეს.

„თუკი ეროვნული ბანკი ყველაფერს კარგად გააკეთებს, შეზღუდავს სამომხმარებლო სესხებს და წაახალისებს ბიზნეს სესხებს, რომელიც ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს, მაშინ კურსი უფრო უკეთესი და უფრო მყარი იქნება. მისი ნორმალური მაჩვენებელი 2.20-ის მიდამოებში უნდა მერყეობდეს“, - აცხადებს დუნდუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, ახალი წლის შემდეგ ეროვნული ვალუტა რყევას განიცდის, თუმცა ეს ზოგადად მცურავ გაცვლით კურსებს ახასიათებს.

„მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, რადგან თითქმის 40%-იანი გაუფასურება გვქონდა ჩვენ 1 წლის განმავლობაში, რაც მძიმედ დააწვა საქართველოს მოსახლეობას გაძვირებული პროდუქციით, ინფლაციით და იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვთ სესხი“, - განაცხადა კეპულაძემ.

მისი აზრით, მთავრობამ პრივატიცაზიის და ექსპორტის წახალისების მიმართულებით უფრო მეტად უნდა იმუშაოს. „საგარეო ფაქტორებს რაც შეეხება, მათ გამოსწორებას რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებს, თუმცა უფრო მეტის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მეტი დოლარი შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციებიდან, ტურიზმიდან, ასევე პრივატიზაციიდან. რაც მთავარია, სწორი მოლოდინი უნდა შექმნას როგორც მთავრობამ, ასევე ეროვნულმა ბაკნმა ზოგადად ლარის კურსთან დაკავშირებით, რადგან მცირედი გაუფასურებაც კი, ძალიან მტკივნეულად აღიქმება მოსახლეობის მხრიდან“, - განაცხადა კეპულაძემ.

ეკონომისტის ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დაბალანსება 2016 წლის ორ კვარტალში ინვესტიციებსა და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. კურსის ნიშნულს ყოველთვის დოლარზე მოთხოვნა განაპირობებს. ბოლო პერიოდში დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ კურსთან მიმართებაში გარკვეული არასტაბილურობა წარმოაჩინა.

„დოლარზე მოთხოვნის ზრდა 2 ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი - ის, რომ ექსპორტიორებმა სავალუტო შემოსავლები იანვრის პირველ ნახევარში მიიღეს ლარში, ახდენდნენ ამ ლარის უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში კონვერტაციას და ბუნებრივია, დოლარზე მოთხოვნის გაზრდამ ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული ნეგატიური როლი შეასრულა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რეგიონში დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებაში - თურქეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში მოხდა ადგილობრივი ვალუტების მკვეთრი გაუფასურება“, - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ საგარეო ფონის მკვეთრად გაუარესებული სურათი მოკლევადიან პერიოდში ქართული ლარის კურსზე ძალიან ცუდად აისახა.

ექსპერტი ლარის კურსთან დაკავშირებით ე.წ. შოკურ ეფექტს არ ელოდება, რადგან ის განმაპირობებელი და მაპროვოცირებელი ფაქტორები, რამაც ლარის კურსთან დაკავშირებით შეიძლება მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვიოს, ჯერჯერობით არ არსებობს, „მაგრამ ყველაფერი გასათვალისწინებელია“.

იგი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, საბიუჯეტო პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად თანმიმდევრული, შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება.

„ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიანი მოსალოდნელი შოკების წინასწარი იდენტიფიცირებისა და სწრაფი რეაგირების განხორციელებისთვის და მეორე - თვითონ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 2 მთავარი ასპექტი აქვს გასათვალისწინებელი: რომ საბიუჯეტო პროცესი უნდა იყოს ზედმიწევნით მაქსიმალურად თანმიმდევრული და შემჭიდროვებულ ვადაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპებში უნდა მოიზიდონ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კალანდაძემ.