დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ეს თვითმკვლელობაა თუ არა

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ეს თვითმკვლელობაა თუ არა

მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის სრულყოფილი დასკვნის დასადებად ითხოვს:

,,უნდა ვნახოთ მანქანა, დასათვალიერებელია ბიძინა კუჭავას ტანსაცმელი, მისი კუთვნილი მეორე მანქანა, ის ავტომანქანა, სადაც იჯდა თავად კუჭავა სიკვდილამდე, მის მიერ ქავთარაძეზე ნაქირავები სახლი, პოპოვების ტანსაცმელი და ფეხიდან კანის ის პრეპარატები, რაც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი''
2016 წელი კრიმინალური გარჩევებითა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მკვლელობით დაიწყო. მათგან ყველაზე გახმაურებულის სტატუსს ალბათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიასა და მედიამაგნატ, ,,საქართველოს ხმის'' დამფუძნებლისა და დირექტორის, ბიძინა კუჭავას ამბავი იმსახურებს. მართალია, გამოძიება ჯერ ორი დღეა დაიწყო, თუმცა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ღია ეთერით, ლამის დადასტურებულად განაცხადა, რომ კუჭავამ ქირია ჯერ მოკლა, მისი გვამი სისხლისგან დაწრიტა და .. ბარგალკით მის დანაწევრებას შეუდგა. შემდეგ კი სხვის კუთვნილ ავტომანქანაში, თბილისის იუსტიციის სახლის წინ, 17 იანვარს, ორი მგზავრის თანდასწრებით, რომელთა ვინაობა კუჭავას ოჯახისთვის უცნობია, თავი მოიკლა. საქმეში უამრავი კითხვაა, ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს კი ის ბადებს, რომ გამოძიებას, რომელიც წესით, რამდენიმე ვერსიაზე უნდა მუშაობდეს, ჯერ მოტივი არ აქვს. სამაგიეროდ, უკვე გაჟღერდა ისიც, რომ ქირიას გარდა, კუჭავას გვარი კიდევ 4 კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს: კუჭავას დის გაუჩინარების დღემდე გამოუძიებელი საქმე, მისი გერის მკვლელობა, გენერალ ნინუასა და მისი ცოლის მკვლელობა და ბიზნესმენ მაღალდაძის მკვლელობის საქმე. ადამიანისთვის მკვლელისა და თვითმკვლელის წოდება, გამოძიების დასრულებამდე, არაპროფესიონალიზმად მიაჩნია სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება თავად კუჭავას ოჯახმა სთხოვა. როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, ოჯახის მიერ აყვანილ სამ ადვოკატთან, გია გოროზიასთან, კახა ჩუბინიძესა და ნათია კირკიტაძესთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება. ამის შესახებ მზადყოფნა 19 იანვარს პროკურატურამაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადაა, დამოუკიდებელი ექსპერტი მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში სრულად ჩართოს. ,,ვერსიის'' რესპოდენტი სწორედ მაია ნიკოლეიშვილია, რომელიც ექსკლუზიურ საგაზეთო ინტერვიუში კუჭავას გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე გვიამბობს, ავლებს საინტერესო პარალელებს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობასა და ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვის საქმეებს შორის და შიშობს, რომ შესაძლოა, საქმე უახლოეს მომავალში, ყოველგვარი საექსპერტო დასკვნებისა და კონკრეტული შედეგების გარეშე დაიხუროს.
- ქალბატონო მაია, საუბარი გვამის დათვალიერებით დავიწყოთ, რადგან ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ბიძინა კუჭავას ფეხზე მოჭრილმა და შემდეგ, მიკერებულმა თითმა გამოიწვია, რაც არ დადასტურდა. როგორია გვამის გარეგნული დათვალიერების პირველადი შედეგები? 
- მე ჩავატარე მხოლოდ გვამის გარეგნული დათვალიერება, თუმცა ექსპერტის დასკვნა და იმ ექსპერტიზის პასუხი, რომელიც გვამს უკვე ჩაუტარდა, მოგვიანებით იქნება და მასაც გავეცნობი. 
დასათვალიერებელი დარჩა ბიძინა კუჭავას ტანსაცმელი, მისი კუთვნილი მეორე მანქანა, ის ავტომანქანა, სადაც იჯდა თავად კუჭავა სიკვდილამდე და ასევე მის მიერ ქავთარაძეზე ნაქირავები სახლი. ვადასტურებ, ჭრილობაც ვნახე ფეხზე, თუმცა არ ვიცი, ჭრილობა უკვე სახეშეცვლილია თუ პირველადი სახის. ამიტომ მჭირდება იმის დაზუსტება, აიღო თუ არა ფეხიდან კანის პრეპარატი ექსპერტმა თუ ჩემს წინ უცვლელი ჭრილობაა. საერთოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება იმ ხელსაწყოზე, ,,ბარგალკაზე'' ისე ისაუბრო, რომ ჭრილობაზე მეტალიცაზიის კვალი არ იყოს, რაც ექსპერტიზის დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. ამ დასკვნის დადებას კი მინიმუმ 20 დღე სჭირდება. ვადასტურებ, რომ თითი მოჭრილი და შემდეგ მიკერებული ნამდვილად არ არის. 
სულაც არ ვარ ისე განწყობილი, რომ ვინც პირველი ექსპერტიზა ჩაატარა და კანის პრეპარატი აიღო, საქმეს კარგად არ გააკეთებს. საქმეში ჩართულია ექსპერტი გიორგი მაღრაძე, მასაც ვიცნობ, მამამისსაც და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი ხალხია. ვიცი, გიორგი არც ერთ დეტალს არ გამოტოვებს, ამიტომ მას ამ დასკვნისთვის 20 დღეზე ბევრად მეტი დროც შეიძლება დასჭირდეს, რადგან ლაბორატორიული კვლევებიცაა საჭირო. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს სხეულზე, მათგან ძირითადი და მთავარი მაინც ეს ჭრილობაა ფეხზე, დანარჩენი მცირედი დაზიანებები კი ნამდვილად ახალია. 
- ალბათ, იმის დასადგენად, კუჭავამ თავი მართლა მოიკლა თუ არა, მნიშვნელოვანი თავში ნატყვიარია. დღეს ამის დადასტურება შეგიძლიათ? 
- ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, ვერც იმას, ეს თვითმკვლელობაა თუ არა. ამისთვის უნდა ვნახოთ მანქანა, იმ მჯდომი ორი პირის ტანსაცმელი, როგორ მიეშხეფა სისხლი ამ ტანსაცმელს და ა.შ. კარგი იქნებოდა, პირველად ექსპერტიზაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან დაახლოებით მაინც დავადგენდი სროლის მანძილს. ჯერ არ ვიცი, გასროლა მიბჯენით, ახლო თუ შორი მანძილიდან მოხდა. თუ ნასროლი მიბჯენითაა, მაშინ მანქანაში მეტი სისხლი უნდა იყოს, თუ შორი მანძილიდან - სისხლი ნაკლები იქნება. 
- ეჭვს არ გიჩენთ პოპოვების წყვილი, რომელიც გასროლის მომენტში, კუჭავასთან ერთად იჯდა მანქანაში - რატომაა საუბარი მხოლოდ თვითმკვლელობის და არა მკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე და ვინ არიან ეს ადამიანები? 
- რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, სწორედ ეგაა გასარკვევი ამ ორ ადამიანთან მიმართებაში. მე უნდა ვნახო მათი ტანისამოსი და სისხლის შხეფები მანქანაში. მეც მაინტერესებს, ვინ არის ეს ორი ადამიანი, მაგრამ ამის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის და მეც, როგორც ექსპერტს, ამის ცოდნა არაფერს მაძლევს, ჩემთვის მთავარია, როგორია სისხლის შხეფები მათ ტანსაცმელზე. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფეხზე მიყენებული დაზიანებაა. ამ თემას აღარ განვავრცობ, მაგრამ ფეხზე ბევრნაირი დაზიანება მინახავს, მათ შორის, პარკეტით, ფეხსაცმლით. მაგალითად, სულხან მოლაშვილს ჰქონდა ფეხსაცმლის ჩარტყმით მიყენებული დაზიანება. ახლა ზუსტად იმის თქმაც არ შემიძლია, რას მოგვცემს ამ დაზიანების წარმომავლობის დაზუსტება. ვიცი ის, რომ ამ მომენტში კუჭავა ცოცხალი იყო. უბრალოდ, დინებას მივყვებით და რაც გამოჩნდა, იმას გადავამოწმებთ. თუ ეს დაზიანება ხელჩასაჭიდს არაფერს მოგვცემს, მერე სხვა მიმართულებით განვაგრძობთ ძებნას და ა.შ. 
- მოვისმინეთ ვერსია, მტკიცებით ფორმაში, რომ გია კუჭავამ ჯერ მოკლა ვახტანგ ქირია და შემდეგ თავი მოიკლა. პირველადი დათვალიერებით, ოჯახთან ურთიერთობით და იმ ინფორმაციით, რაც ახლა ხელთ გაქვთ, ამ ვერსიას ეთანხმებით? 
- იმით დავიწყოთ, რომ დაუშვებელია, წინასწარ რაიმე ვერსიაზე საუბარი. როცა ამ ვერსიას ვისმენდი, პირველი, რაც გამახსენდა, ვანო მერაბიშვილი იყო, რომელმაც ჟვანიას მკვლელობის მეორე დილას გამოგვიცხადა, ზურაბ ჟვანია ჩO-თი გაიგუდაო. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, არც არაფერი დადასტურებულა და უკვე აპრიორი ვამბობთ სიკვდილის მიზეზს? პირველი ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა. გამოძიების დასრულება გამოძიების დაწყებისთანავე ყოვლად დაუშვებელია! გული მტკივა, რომ დღესაც ასე მოხდა და ეს მინიმუმ, დიდი არაპროფესიონალიზმია. გარდა ამისა, არსებობს ეთიკური ნორმები, ოჯახის წევრები, საზოგადოება და ასეთი ჰიჩკოკისეული განცხადებები ფეხების დაჭრაზე, გვამის სისხლისგან დაწრეტაზე და ა.შ. ხალხს თრგუნავს. შერლოკ ჰოლმსის დედუქციური უნარებით ჩვენც აღფრთოვანებული ვართ, მაგრამ უკაცრავად, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დედუქცია კი არ გვჭირდება, იმისთვის ვიბრძვით, ქვეყანაში მტკიცებულებითი სამართალი დავამკვიდროთ. თორემ ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე მკვლელის ხელისდამფარებელი ან თანამგრძნობი ვიყო. თანაც, ხომ არსებობს გამოძიებისა და დაცვის ინტერესები - ექსპერტები და ადვოკატები მეტ-ნაკლებად თავს იკავებენ და თუ ყველამ ყველაფერი ილაპარაკა, ასე ჭეშმარიტებას როგორ დავადგენთ? მით უმეტეს, სასამართლო გამოძიებამდე ჯერ საქმე არ მისულა და არც ერთი ექსპერტის დასკვნა არ არსებობს. 
- გაურკვეველია კიდევ ერთი - მკვლელობის მოტივი. საუბრობენ ვალებზე, აზარტულ თამაშებზე, ქირიას სამსახურეობრივ მდგომარეობაზე და .. რომელი ვერსიაა რეალური, თქვენი აზრით და რას ფიქრობს ამ თემაზე ბიძინა კუჭავას ოჯახი? 
- ვალები იყო თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი დასამტკიცებელია. ცნობილია, რომ ქირია-კუჭავას შორის ნათესაური კავშირი იყო, თუ არ ვცდები, ისინი დეიდაშვილები იყვნენ, ერთმანეთში მიმოსვლაც ჰქონდათ ოჯახებით და ქირიას ოჯახმა კუჭავას ახალი წელიც მიულოცა. თავად ქირიას საკმაოდ დადებითად ახასიათებენ. ერთ რამეს გეტყვით ჩემი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე - შესაძლოა, ადამიანი, რომლის სახელსაც არასასიამოვნო ამბები და წარსულში შავი ლაქები უკავშირდება, ამა თუ იმ საქმეში კითხვის ნიშნების გასაქრობად გამოიყენონ. ეს ჩვეულებრივი სქემაა. 
- ანუ შესაძლოა, ეს სქემა ამ შემთხვევაშიც აქტუალური იყოს, რადგან კუჭავას სახელს ბოლო დღეებია, გენერალ ნინუასა და სამორინეს მეპატრონე ბიზნესმენ მაღალდაძის მკვლელობების საქმეც მიეკერა. სულ ბოლოს კი უკვე - დის გაქრობისა და გერის მკვლელობის გაუხსნელ საქმეებზეც ალაპარაკდნენ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 
- ეს ძალიან ცნობილი სქემაა - ასე ხდება იმ ადამიანების შერჩევა, ვისი სახელიც შავი ლაქებითაა გასვრილი. ამიტომ არავითარი ერთი ვერსია - გამოძიებას ყველა ვერსია უნდა ჰქონდეს ჩამოწერილი. არავინ მინდა იფიქროს, რომ, რადგან ამ საქმეში ვარ ჩართული, მაინცდამაინც კუჭავას ინტერესებს ვიცავ. ასე არ არის - ბიძინა კუჭავას მეუღლეს პირდაპირ ვუთხარი, ყველაფერს ვიტყვი ისე, როგორც არის და ეს შეიძლება თქვენ არც გაწყობდეთ-მეთქი. მათ არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ. 
ოჯახებს ყოველთვის ვეუბნები, რა შედეგსაც დავინახავ, იმას დავდებ, იმის მიუხედავად, ვის რა აწყობს-თქო. მე ჩემს სინდისთან მართალი ვარ და ეს შეთანხმება არსებობს კუჭავას ოჯახთანაც. სიმართლეს არც ოჯახს დავუმალავ, არც საზოგადოებას. დიდი მომართვიანობა დამოუკიდებელ ექსპერტებს სწორედ ბრალდებულების მხრიდან გვაქვს, მაგრამ რაც უნდა ხშირად ვიყო ამ საქმეებში ჩართული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში კანონიერება არ მინდა. 
- ამ საქმეში თქვენი ჩართვა ოჯახმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხით საქმის გადაკვალიფიცირების იმედი ჰქონდა. დღეს, როცა გამოძიება თავის ვერსიაშია დარწმუნებული, რა წონა და იურიდიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას? 
- შესაძლოა, ასეთი განცხადებები საზოგადოებაში წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება. თუმცა რა აზრი და წონა აქვს ამ დასკვნებს, ამაზე ერთ პარალელს გავაკეთებ. რა აზრი ჰქონდა დასკვნას ზურაბ ჟვანიას საქმის შემთხვევაში?! მე მისი გვამი საერთოდ არ მინახავს, ექსპერტიზაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, უბრალოდ, მაშინ ხელისუფლების მიერ განცხადებებში დაშვებულ და სხვა შეცდომებს მივყევი და ვთქვი, რომ ჟვანიას გვამი, გვამური ლაქებიდან გამომდინარე, გადატანილ-გადმოტანილი იყო. მაშინ ხელისუფლებამ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა, რაც აშკარად საქმის შეკერვას ემსახურებოდა. ამის მერე რამდენიმე წელი გავიდა და ხომ მაინც გაირკვა, რომ ჟვანიას გვამი მართლაც იყო გადატანილი-გადმოტანილი? რაც შეეხება კუჭავას საქმეს, მათი ოჯახის სამ ადვოკატს, ნათია კირკიტაძეს, გია გოროზიასა და კახა ჩუბინიძეს უკვე მიეცათ გამოძიების ჩატარების უფლება. მათ შეუძლიათ აწარმოონ გამოკითხვები და ა.შ. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ჩავატარეთ 18 იანვარს კუჭავას გვამის დათვალიერებაც, შედგა დათვალიერების ოქმი, რომელიც სასწრაფოდ გადაეცა გამოძიებას.
კუჭავა, ფაქტობრივად, ამ ვითარებაში ბრალდებულია და არა დაზარალებული, თუმცა მას ჯერ სტატუსი არ აქვს, მაგრამ როგორც ბრალდებულს, აქვს უფლებები. ოჯახის ადვოკატებს სრული უფლება აქვთ, ყველა მასალას გაეცნონ. ჩვენ გეგმა უკვე გავწერეთ - რა უნდა გაკეთდეს, რაში უნდა მივიღო მონაწილეობა მე, რაში უნდა ჩაერთოს სხვა ექსპერტი, რომელ უწყებას რა განცხადებით უნდა მივმართოთ და ა.შ. კიდევ ერთი - როცა დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრება განსხვავებულია ექსპერტიზის დასკვნისგან, გამოძიება ვალდებულია, ექსპერტი დაკითხოს. პრობლემაა ისაა, რომ ზოგადად, დასკვნები ძალიან გვიან იდება. ამ შემთხვევაში კი, ალბათ, განსაკუთრებით გაიწელება, რადგან როცა არავის არსად ეჩქარება და ორივე ადამიანი გარდაცვლილია, შესაძლოა, ეს პროცესი წლობით გაიწელოს. ერთი ამის მეშინია და მეორე - რადგან სამართლებრივად, კუჭავას ჯერ სტატუსი არ აქვს, ერთი შემთხვევა მახსენდება. ბორჯომში, ვითომ, ბიჭმა ავტომატით დაცხრილა რაღაცები, მანქანას ცეცხლი გაუჩინა, შემდეგ გაიქცა, პოლიცია დაედევნა და მოკლა. საქმის მასალები რომ ვნახე, ამ ბიჭს აშკარად ახლოდან ჰქონდა ნასროლი. მის დედას, ოჯახს რეაბილიტაცია სურდა მოკლული ბიჭის და არ უნდოდათ, მას დამნაშავის სტატუსი ჰქონოდა, მაგრამ რადგან ბიჭი უკვე მკვდარი იყო, ოჯახსა და ადვოკატებს არც საქმის მასალებს უჩვენებდნენ და ფაქტობრივად, საქმე ადგილზე გაყინეს. იმედია, ამ საქმეზეც მსგავს ეშმაკობას არ გააკეთებენ. სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანების რეაბილიტაცია ვეღარ ხერხდება და თუ ბრალდებული გარდაცვლილია, საქმე იყინება ხოლმე. ეს საფრთხე ამ შემთხვევაშიც არსებობს. რაც შეეხება ექსპერტიზის ვადებს, ამას საქართველოში მინიმუმ 4-5 თვე სჭირდება. ჩემს ხელში მკვლელობის ბევრ საქმეს გაუვლია, მასალებით მაინც და შემიძლია ვთქვა, რომ კუჭავას საქმე ჩემთვის ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რადგან არ არსებობს მის მიერ ქირიას მოკვლის დაზუსტებული მოტივი. 
- რაკი საქმე პარალელებზე მიდგა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე მახსენდება, რომელიც, კუჭავასი არ იყოს, მედიამაგნატი იყო და მანქანაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა გამოძიებას დასკვნა არც მასზე დაუდია. 
- ეროსისთან ბევრი რამ გარკვეული იყო. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის გარკვეულია ის, რა არ აქვს გარკვეული გამოძიებას - მათ არ უმუშავიათ რუსთავის არჩევნების თემაზე, როგორც ვერსიაზე და ეს ნაწილი საერთოდ არ დაუმუშავებიათ. 
- ზოგადად, ფონია ისტერიკული, განსაკუთრებით, სამეგრელოში. ზუგდიდის პროკურორი მოკლეს, ფოთის მთავარი პროკურორი მანქანაში ჩაცხრილეს, თუმცა გადარჩა, თბილისში ფოთის ყოფილი ვიცე-მერის მანქანა დაწვეს. ეს ერთიანი სიუჟეტური ხაზი არ შეიძლება იყოს? 
- ამ ფაქტებს ყურადღებისმიღმა არ დავტოვებდი. ფოთიცა და ზუგდიდიც სამეგრელოა და მგონია, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული ვითარებაა, რომელსაც სერიოზული ანალიზი სჭირდება. აპრიორი არ უნდა ითქვას ყველა შემთხვევაზე, მკვლელობა თუ ჩაცხრილვა ადამიანის პროფესიულ საქმიანობას არ ეხებაო. ეს სირაქლემას პოზაში ჩადგომაა. ახლა ერთ ძალიან საინტერესო, რუსგენ ჩუხუას საქმეზე ვმუშაობ. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა, ჩუხუა ახალგაზრდა ბიზნესმენია, რომელიც სახლიდან ე.წ. რაზბორკაზე გაიყვანეს, ვალების გამო. მას დაცვის პოლიციის მოქმედი უფროსის ვალი ჰქონდა. ასე დაეჯახა ერთმანეთს ორი ავტორიტეტული პირი ზუგდიდში. როცა ჩუხუა გარჩევიდან სახლში მობრუნდა, ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორ მოჰყვა უკან დაცვის პოლიციის მანქანა და დილით, სახლთან დარაჯობდა თანამშრომელი. მოგვიანებით, მან ჩვენება მისცა, ჩუხუას უფროსის დავალებით ვდარაჯობდიო. შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა, ეს ბიჭი მოკლეს და საქმის მასალებს დღესაც არ ვიცნობ. ექსპერტიზა დეკემბრის ბოლოს დასრულდა. მეორე მხარე უფრო ავტორიტეტულია, როგორც ჩანს და ყველაფერი ამიტომ ჭიანურდება, რადგან გავლენა მოქმედებს. რატომ არ შეიძლება, ასეთ კონტექსტში დავინახოთ კუჭავა-ქირიას თემაც? 
ჩანს, ფულის, ვალების, წილების საკითხი სამეგრელოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ამას სახელმწიფოს მხრიდან ერთიან კონტექსტში დანახვა, სერიოზული ანალიზი, პრევენცია სჭირდება. უნდა არსებობდეს ანალიტიკური სამსახურები, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის, რადგან ეს პრობლემები ამ რეგიონში უკვე აქტიურად გამოიკვეთა. ვისაც იქ ადრე ფული და ძალაუფლება ჰქონდა, ახლა მათი დათმობა თუ გადანაწილება უწევს, მოდის ახალი ხელისუფლება, ახალი ხალხი, გავლენები და ვალებისა და წილების თემა აქტიურდება. არადა, ამაზე ყველას ბამბა აქვს ყურებში გათხრილი. სამეგრელოში, ამ მხრივ, ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობები, ნათესაურ-კლანური კავშირები არსებობდა. ხელისუფლებას კი არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ დამნაშავეთა სამყარო ადაპტირებულია ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებასთან და არსებული პრობლემების გამოძახილია.