გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy ოდესის გუბერნატორის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მუშაობის პროცესს და მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინელი მაღალჩინოსნების და კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მეთოდებს მიმოიხილავს სტატიაში „საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ“.
პუბლიკაციის ავტორი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი ადრიან კარატნიცკი აღნიშნავს, რომ კრიტიკით გაჯერებულ კამპანიაში, რომელშიც კონკრეტიკა ხშირად უგულებელყოფილი იყო, სააკაშვილს ხელს უწყობდა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შეძენილ პოლიტიკურ თანაშემწეთა ქსელი, მდიდარი ოდესელი ბიზნესმენები და გავლენიანი რუსი ბიზნესმენი - კონსტანტინ გრიგორიშინი.
კარატნიცკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სულსწრაფს უწოდებს და წერს, რომ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული პოლიტიკური ხასიათის ცდუნება, რომელიც პრობლემების სწრაფი და ადვილად გადაჭრის ილუზიას ქმნის, უკრაინაში არასტაბილურობას გამოიწვევს. აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი განგაშის საფუძველი უნდა გახდეს ის, რომ შთამბეჭდავი ანტიკორუფციული კამპანიის გატარებასთან ერთად, მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს დემოკრატიას სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვით, ოპოზიციური პროტესტების ძალადობრივად ჩახშობითა და ოპოზიციური მედიის გამოცემებისთვის ხელის შეშლით.ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი განგაშის საფუძველი უნდა გახდეს.
სტატიის ავტორი ასევე დასძენს, რომ გარდა ამისა, პირად საუბრებში მაღალი დონის ევროპელი ლიდერები სააკაშვილსაღწერენ როგორც არამდგრად, დაუბალანსებელ ლიდერს, რომლის იმპულსურობამ ის და მისი ყოფილი სამშობლო, საქართველო, არასასურველი საშიშროების წინაშე დააყენა. შედეგად, მისი მზარდი როლი უკრაინის პოლიტიკაში სკეპტიკურად ფასდება ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მალე მოგვევლინა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად. საამისოდ არსებობს კარგი მიზეზი, - იგი ასხივებს გამბედაობასა და უშრეტ ენერგიას და უკრაინელებს სიღარიბესა და კორუფციასთან ბრძოლის მარტივი რეცეპტით აბითურებს - ეს რეცეპტი თავადაა.
სააკაშვილმა მალევე დაიწყო იმის შემოწმება, თუ რისი მიღწევა იყო შესაძლებელი ოდესაში, და ამტკიცებდა, რომ კიევის ცენტრალურ ხელისუფლებას მისი ბრძოლა კორუფციასთან ჩიხში შეჰყავდა. ამასთან, იგი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა ოდესაში და მეტად იყო კიევში, სადაც მისი გადამდები შემართება და ქარიზმა ენერგიას მატებდა უკრაინის პოპულარულ და ხმაურიან პოლიტიკურ თოქშოუებს. მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ უკრაინაში მას უფრო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების ამბიცია არ ჰქონდა, სააკაშვილის სამიზნე პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის პოსტი და ეროვნულ პოლიტიკოსთა არენაზე შესვლა იყო.
უკრაინაში ენდემურად ქცეული ტრანსპლანტატის მსგავსად, სააკაშვილი სწრაფად გახდა ანტიკორუფციული აქტივისტების საყრდენი. 6 დეკემბერს, ოდესაში, მისი მიერ ორგანიზებულ მსხვილ ანტიკორუფციულ ფორუმზე სააკაშვილმა კორუფციულ დანაშაულში უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს დასდო ბრალი, თუმცა, ეს განცხადება არ ეყრდნობოდა აუდიტორულ დასკვნას ან სხვაგვარ დეტალურ ანალიზს. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცება მალე გააბათილა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ, რომელმაც სააკაშვილის ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდა. პივოვარსკი, რომლის სამინისტრო რკინიგზის კომპანიას ზედამხედველობს, ხელისუფლებაში საბანკო-საინვესტიციო სფეროდან მოვიდა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს შორის შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის რკინიგზა ეს არის „კომპანია, რომელსაც უტარდება აუდიტი და რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობს“.
ამასთან, პივოვარსკიმ ხაზი გაუსვა სააკაშვილის ერთჯერადი განცხადების შედეგად ორგანიზაციის რეპუტაციისთვის მიყენებულ ზიანს, იმ დროს, როდესაც ქვეყნის მთავრობა მუშაობდა რამდენიმე ასეულმილიონიანი დასავლური ინვესტიციების რკინიგზაში ჩადების მიმართულებით“, - წერს Foreign Policy.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ გამოთქმული კორუფციული ბრალდებები კონკრეტიკას მოკლებული იყო: „კრიტიკით გაჯერებულ კამპანიაში, რომელშიც კონკრეტიკა ხშირად უგულებელყოფილი იყო, სააკაშვილს ხელს უწყობდა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შეძენილ პოლიტიკურ თანაშემწეთა ქსელი, მდიდარი ოდესელი ბიზნესმენები და გავლენიანი რუსი ბიზნესმენი - კონსტანტინ გრიგორიშინი. ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა მონაცემებით, სააკაშვილმა გამოიყენა გრიგორიშინის რამდენიმე პირადი PowerPoint პრეზენტაცია სავარაუდო კორუფციული სქემების აღწერილობით და პრეზიდენტ პოროშენკოს მომხრეებზე პირდაპირი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად მათში უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანა“, - ნათქვამია სტატიაში.
მისი ავტორი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი ადრიანკარატნიცკი 2015 წლის 15 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის შს მინისტრ ანდრეი ავაკოვის დაპირისპირებასაც იხსენებს და წერს, რომ პოლიტიკური წარმოდგენა, რომელმაც უკრაინის ლიდერების იმიჯს ვერაფერი შემატა, უკრაინის ტელევიზიებითა და საერთაშორისო მედიით მაქსიმალურად გაშუქდა.
„თავიდან, სააკაშვილის თავდასხმები ხელისუფლებაზე მოიაზრებოდა როგორც პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ საკუთარი პოზიციის დასაცავად პრემიერ-მინისტრისთვის მხარდაჭერის გამოცლის მცდელობა. პრემიერი იაცენიუკი ბოლო პრეზიდენტის უდიდესი კოალიციური პარტნიორიცაა და მისი პოლიტიკური მეტოქეც, მაგრამ ახლა სააკაშვილის მოქმედებები საკუთარი მნიშვნელოვანი ამბიციებით გამოწვეულს უფრო ჰგავს. მართლაც, იგი ერთიანდება პრეზიდენტის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებთან.
სამწუხაროდ, სააკაშვილის პოლიტიკური შოუმენობის მადა და ის, რასაც ბევრი პოლიტიკურ ამბიციად მიიჩნევს, უკრაინის ხელისუფლების დესტაბილიზაციას უფრო უწყობს ხელს.
სააკაშვილის მიერ შეთავაზებული ცვლილებების ანტიკორუფციულ მოქმედებათა პაკეტში შეტანის დიდი ცდუნების მიუხედავად, სიფრთხილის კარგი მიზეზი არსებობს. ისტორიის დეტალური ანალიზი ცხადყოფს მისი რთული პიროვნების დადებით და უარყოფით მხარეებს. სააკაშვილი იმსახურებს ქებას საქართველოში არსებული კრიმინალური და კორუფციული ქსელების დასანგრევად გადადგმული ადრეული, გადამწყვეტი ნაბიჯების გამო. გარდა ამისა, იგი იმსახურებს მაღალ ქულას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ მიმართული რეფორმების გატარებისა და მნიშვნელოვანი დერეგულაციის გამო.
მაგრამ პრეზიდენტის ადრეული წლების მიღწევები მართვის ავტორიტარული მანერის მტკიცებულებებითაა გაჯერებული. ეს საშიშია უკრაინისთვის, რომელიც მერყეობს დემოკრატიასა და ტირანიას შორის. თბილისში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის ხელში, კონსტიტუციური რეფორმების შედეგად, ფართო საპრეზიდენტო უფლებამოსილებები აღმოჩნდა. შთამბეჭდავი ანტიკორუფციული კამპანიის გატარებასთან ერთად, მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს დემოკრატიას სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვით, ოპოზიციური პროტესტების ძალადობრივად ჩახშობითა და ოპოზიციური მედიის გამოცემებისთვის ხელის შეშლით.ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი განგაშის საფუძველი უნდა გახდეს.
გარდა ამისა, მისი საერთაშორისო რეპუტაციის საკითხი დგას. პირად საუბრებში მაღალი დონის ევროპელი ლიდერები აღწერენ სააკაშვილს როგორც არამდგრად, დაუბალანსებელ ლიდერს, რომლის იმპულსურობამ ის და მისი ყოფილი სამშობლო, საქართველო, არასასურველი საშიშროების წინაშე დააყენა. შედეგად, მისი მზარდი როლი უკრაინის პოლიტიკაში სკეპტიკურად ფასდება ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
სააკაშვილის მონდომებაში ყველაზე შემაშფოთებელია მის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისთვის დანაშაულის ჩადენაში ბრალის წაყენება, ნაცვლად მათი იდეების კრიტიკისა, რაც ნორმალურ, დემოკრატიულ პოლიტიკას შეესაბამება“, - წერს Foreign Policy
სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ უკრაინის საზოგადოება არ ენდობა საკუთარ პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესელიტას. ეს ეჭვები რიგ შემთხვევებში გამართლებულია, თუმცა, კორუფციასთან დაპირისპირება უნდა მოხდეს არა ზოგადი ბრალდებების, არამედ გააზრებული, კარგად დოკუმენტირებული დანაშაულების გამოვლენით. ამგვარად, კორუფციასთან მებრძოლ უკრაინელებს ახლოს არ უნდა ჰყავდეთ სააკაშვილი. მათ უნდა გააგრძელონ იმ გზით სიარული, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა და რომელიც დეტალურ გამოძიებასა და კორუფციული სქმეების სახალხო გაშუქებას გულისხმობს, ასევე მუდმივ ზეგავლენას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათი მოქმედების უზრუნველსაყოფად.
ამგვარი წინდახედულობა შეიძლება მეტისმეტი იყოს უკრაინის მოქალაქეთათვის. რევოლუციის ორი წლის განმავლობაში გამოფიტვის, ეკონომიკური კრიზისისა და ომის შემდეგ ქვეყანა დაღლილია. მისი მოთმინება სწრაფად იწურება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნელი ტემპის გამო. სწორედ ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სულსწრაფი სააკაშვილის მიერ შეთავაზებული პოლიტიკური ხასიათის ცდუნება, რომელიც პრობლემების სწრაფი და ადვილი გადაჭრის ილუზიას ქმნის,შეუძლებელია. ეს გამოიწვევს არასტაბილურობას უკრაინაში - მდგომარეობას, რომელშიც სააკაშვილი კარგად გრძობს თავს.
http://foreignpolicy.com/2016/01/20/the-case-against-saakashvili-ukraine/