7 მაისს ბაქოში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების პრობლემების განხილვა ეწყობა. სპეციალურ კონფერენციაზე 300-მდე მოწვეული სტუმარი ქვემო ქართლის აზერბაიჯანული სოფლებისათვის სახელების ქართულად გადაკეთებას გააპროტესტებს. ამასთანავე საუბარი შედგება აზერბაიჯანლებისათვის არასაკმარისი მიწის ქონასა თუ აზერბაიჯანული სკოლების სიმცირეზეც.
ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძის განცხადებით, სახელწოდებების გადარქმევაზე პრეტენზია თავად მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არ არსებობს.
“გარკვეულ ჯგუფს რაღაც მოეპრიანება და პროტესტს დაიწყებს, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ აჰყვება”, - აცხადებს კირკიტძე და დასძენს, რომ “ტოპონიმების ცვლა არ განიხილება”.
“ბოლნისის რაიონში რა დისკრიმინაციული პრობლემებიცაა, მსგავსი დონის და მასშტაბის პრობლემა სხვა ეთნიკურ უმცირესობებს არასდროს ჰქონიათ”, - ამბობს ა-ო “მრავალეროვანი საქართველოს”თავჯდომარე არნოლდ სტეპანიანი.
7 მაისს ბაქოს საერთაშორისო მედიაცენტრში გაიმართება ფორუმი ”აზერბაიჯანელთა მდგომარეობა საქართველოში - დღეს და ხვალ”.
აზერბაიჯანული გამოცემა “ზერკალოს” ცნობით, ამ ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს აზერბაიჯანლების არასამთავრობო ორგანიზაციათა და საქართველოს აზერბაიჯანლების ინტელიგენციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გაგზავნილია მიწვევა საქართველოს რეინტეგრციის სამინისტროშიც. ფორუმზე დაახლოებით 300-მდე სტუმარია მიწვეული.
ფორუმის დღის წესრიგით სამი საკითხია გათვალისწინებული. პირველი საქართველოში აზერბაიჯანლების მდგომარეობას ეხება და თავის მხრივ, ოთხ თემას მოიცავს: განათლებას, მიწასა და დასაქმებას, ისტორიული ძეგლების შენახვასა და აღდგენას, ტოპონიმიკას.
დღის წესრიგში მეორე პუნქტად პრეზიდენტების - ილჰამ ალიევისა და მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვები ფიგურირებს: ”გასაგებია, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში, საქართველოს ხელმძღვანელობას ეკისრება, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მივმართავთ თხოვნით, ამ პრობლემების გადაჭრაში დახმარება გასწიოს”.
საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში აღინიშნება, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მიხეილ სააკაშვილის სახელით განაცხადა, რომ ”საქართველოს სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, როცა 20 წლის წინ ბოლნისის რაიონის დასახლებული პუნქტების ისტორიული სახელწოდებების შეცვლას დასთანხმდა. საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში იმედს გამოვთქვამთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს და ბოლნისის რაიონის სოფლების უწინდელი დასახელებები, რომელიც მათ 1991-92 წლებში ჩამოერთვა, დაუბრუნდებათ და სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად”, - აღნიშნულია საორგანიზაციო კომიტეტის წერილში.
წერილშივე ნათქვამია, რომ “ბოლნისის რაიონის სოფლებისთვის ისტორიული - აზერბაიჯანული სახელწოდებების დაბრუნებით საქართველოს მკვიდრი აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემები, რათქნა უნდა, ვერ აღმოიფხვრება, ამდენად ფორუმის ამოცანაა,საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ყურადღება მიაპყროს იმას, რომ მაგალითად, პრობლემები, რომლებიც მიწის რეფორმის დროს საქართველოში წარმოიქმნა, დღემდე არ არის გადაწყვეტილი და აზერბაიჯანელი გლეხების 70% საქართველოში მიწის გარეშეა დარჩენილი.
“ან კიდევ, მაგალითად, სადღეისოდ ბოლნისის რაიონში არსებულ7 სკოლაში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ, დირექტორებად ქართველები მუშაობენ, ხოლო თბილისის შემოგარენში მცხოვრებ 37 ათას აზერბაიჯანელს არ აქვს არც ერთი სკოლა, რომელშიც მშობლიურ ენაზე ისწავლიდა”.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე ა-ო “მრავლეროვანი საქართველოს” თავმჯდომარის, არნოლდ სტეპანიანის თქმით, ბოლნისის რაიონში ნამდვილად არსებობს დისკრიმინაციის პრობლემა. მისივე განმარტებით “გამსახურდიას დროს ბოლნისიდან და რამოდნიმე აზერბაიჯანული სოფლიდან მოსახლეობა აზერბაიჯანში გაყარეს. ჯავახეთშიც იყო სომხების გაყრის მცდელობა, მაგრამ ისეთი რამ, რაც ბოლნისში მოხდა, არ ყოფილა. ასეთი დონის და მასშტაბის პრობლემა სხვა ეთნიკურ უმცირესობებს არ ჰქონიათ”.
არნოლდ სტეპანიანი: “ქალაქ ბოლნისში წარმოშობით აზერბაიჯანელმა სახლი რომ იყიდოს, ან საკუთარ სახეზე გააფორმოს ეს დიდი პრობლემაა. თავისთავად, ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და ა.შ., მაგრამ რამოდენიმე მაგალითი არსებობს, როცა აზერბაიჯანელს ქალაქ ბოლნისში სახლის ყიდვის საშუალებას არ აძლევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი იყო. სომეხს, ებრაელს თუ სხვა ეთნიკურ უმცირესობას მსგავსი შემთხვევაარ ჰქონიათ.
“პრობლემაა ისიც, რომ რადგანაც აზერბაიჯანული სკოლა ყველა სოფელში არ არის და თან ძალიან ცუდი გზებია, მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად ძალიან დიდი დროს დაკარგვა უწევთ.
“სახელწოდებების გადარქმევაც პრობლემაა და ეს ახლაც გრძელდება. წალკაში 12 სოფლის სახელწოდება შეიცვალა ისე, რომ სამწუხაროდ მოსახლეობას არაფერი ჰკითხეს. იმასაც გეტყვით, რომიმ სოფლებში დღეს მასობრივად ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ როცა სახელწოდებას ცვლი, ყველა პროცედურა ისე უნდა გაიარო, როგორც კანონითაა გათვალისწინებული.
“აზერბაიჯანლებთან დაკავშირებით მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში. ახლა ვერ იბრუნებენ ძველ სახელწოდებებს, თუმცა ყველანაირი უფლება აქვთ რომ მოითხოვონ. უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის ჩარჩო კონვენციაზე ხელი მოწერილი გვაქვს, თუმცა მოთხოვნები რეალურად ვერ მუშაობს. ჯავახეთშიც იყო ძველი ტოპონიმების ქართულად გადაკეთება, თუმცა მასობრივი პრობლემა არ არსებობდა. ეს არ იწვევს ისეთ აჟიოტაჟს, როგორც ქვემო ქართლში, იმიტომ, რომ ჯავახეთში ამ ცვლას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა.
სტეპანიანი დასძენს იმასაც, რომ აზერბაიჯანლებს ქვემოქართლში მიწის საკუთრების პრობლემაც აქვთ: “როდესაც მიწების გადანაწილება მოხდა, ჰექტარობით ნაკვეთები ძირითადად დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულ ეთნიკურ ქართველებს მისცეს. შემდეგ ეს მეპატრონეები ადგილობრივ აზერბაიჯანლებს ქირით აძლევდნენ, ასე ვთქვათ, მათსავე მიწას და ეს პრობლემას იწვევდა”.
მისი განცხადებით, “სომხური თემის ხმა უფრო ისმის ხოლმე, აზერბაიჯანლები კი უფრო იშვიათად საუბრობდნენ პრობლემებზე. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და აზერბაიჯანს საქარველოში ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესები აქვს.
“საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების რაღაცნაირი იგნორირება ხდებოდა თვით ბაქოს მხრიდან. ზურგის არქონის გამო იშვიათად იყო აზერბაიჯანელთა მხრიდან პრეტენზიები. ამ ბოლო დროს ხმა აიმაღლეს და ალბათ ეს ერთ-ერთი მანიშნებელია იმის, რომ ურთიერთობები იცვლება. როგორც ჩანს, ბაქოს მხრიდან მხარდაჭერა გაძლიერდება. თბილისის მხრიდან ეკონომიკური ინტერესები იმდენად ძლიერია, რომ საქართველო აზერბაიჯანზე გარკვეულწილად დამოკიდებულიც კი გახდა და ბაქოს პოლიტიკაც გააქტიურდა”.
დავით კირკიტაძის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში რაღაც გარკვეული ჯგუფი სოფლების სახელების გადარქმევას ითხოვს, მაგრამ საქართველოს ხლისუფლება არაფრის ცვლას არ აპირებს.
დავით კირკიტაძე: “რამოდენიმე კვირის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარნეულის რამოდენიმე სოფელს სახელი გადაერქვა. სახელების გადარქმევა, ანუ რაღაც სოფლებისათვის ძველი სახელწოდებების აღდგენა, 90-იანი წლებში განხორციელდა. მაშინ მოსახლეობის ნაწილმა ეს მოიწონა, ნაწილმა - გააპროტესტა. ჩემი აზრით, ვინაიდან ამ გადარქმევას ერთსულოვანი მხარდაჭერა არ მოჰყვა, ვთვლი, რომ არც თავის დროზე უნდა მომხდარიყო ეს ცვლილება.
“სწორედ ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ თავს ვიკავებთ ყოველგვარი ცვლილებებისაგან და მომავალში არც ერთი სოფლის ტოპონიმი არ შეიცვლება. თუკი მოთხოვნა ერთსულოვანი იქნება,მაშინაც კი არ მგონია მიზანშეწონილი იყო სახეწოდებების შეცვლა, რადგანაც აღნიშნულ სოფლების მოსახლეობის ყველა საბუთი, დაბადების მოწმობიდან დაწყებული პირადობის მოწმობებით დამთავრებული, გაცემულია ახლა არსებული სახელწოდებებით. ამის ხელახლა გადაკეთება კი ტექნიკურად ძალიან რთულია.
“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მოსახლეობაში ეს პრობლემა არ დგას. ადგილობრივებს სხვა საკითხები აქვთ მოსაგვარებელი. ეს იქნება სახნავი მიწების, სარწყავი სისტემების, სკოლებისა თუ ამბულატორიებს განახლება და საქართველოს მთავრობა ამაზე მუშაობს. გარკვეულ ჯგუფს რაღაც მოეპრიანება და პროტესტს დაიწყებს, საქართველოს ხელისუფლება ვერაჰყვება”.
ქვემო ქართლის გუბერნატორი იმასაც განმარტავს, რომ მიწების არასაკმარისი რაოდენობა პრობლემას არა მარტო აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის, არამედ ეთნიკური ქართველებისთვისაც წარმოადგენს.
დავით კირკიტაძე: “90-იან წლებში თითოეულ ოჯახს ნაწილს -ნახევარი ჰექტარი, ნაწილს კი - 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთები დაურიგდათ. 90-იანი წლების შემდეგ ოჯახები გაიზადა და გაიყო. ოჯახების რადენობამ იმატა, მაგრამ მიწა არ მომატებულა. არამარტო აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ქვემო ქართლის ქართულ მოსახლეობასაც კი არ ყოფნის მიწები, მაგრამ, რადგანაც აზერბაიჯანული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიწასაა მიჯაჭვული და მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწის დამუშავებით მიღებული შემოსავალია, ჩვენ მათ ვაძლევთ ახალ საშუალებებს, მიიღონ განათლება, ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში, რომ სხვა შემოსავალი გაუჩნდეთ და მიწის სიმცირე არ იყოს ასე მწვავე პრობლემა მათთვის”.