ეს სია ბევრი გულშემატკივრისთვის უნდა იყოს ნაცნობი - ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე მწვრთნელები არიან და პირველ 15 კაცს თუ არ ჩავთვლით, შეგვიძლია თამამად "ვიამაყოთ": ჩვენც საკმაოდ გვყავს ასეთი მილიონიანი მწვრთნელები.
2014 წლის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა მწვრთნელების ხელფასები:
1. ფაბიო კაპელო (რუსეთი) 8.287.132 ევრო
2. როი ჰოჯსონი (ინგლისი) 4.333.141
3. ჩეზარე პრანდელი (იტალია) 3.187.954
4. ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია) 2.931.060
5. ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარია) 2.762.377
6. იოახიმ ლიოვი (გერმანია) 2.657.144
7. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი) 2.437.746
8. ლუი ვან გაალი (ჰოლანდია) 2.019.553
9. ალბერტო ძაკერონი (იაპონია) 2.011.815
10. იურგენ კლინსმანი (აშშ) 1.933.819
11. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) 1.593.358
11. პაულო ბენტუ (პორტუგალია) 1.593.358
13. კარლუშ კეირუში (ირანი) 1.547.550
14. ხორხე სამპაოლი (ჩილე) 1.309.228
15. ხოსე პეკერმანი (კოლუმბია) 1.238.000
16. ეინჯ პოსტეკოღლუ (ავსტრალია) 1.029.121
17. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი) 928.530
18. საბრი ლამუში (კოტ დ'ივუარი) 765.264
19. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი (ალჟირი) 742.820
20. მარკ ვილმოტსი (ბელგია) 637.591
20. ფერნანდო სანტუში (საბერძნეთი) 637.591
22. ალეხანდრო საბელია (არგენტინა) 603.545
23. ჰონ იუნ ბო (კორეა) 586.522
24. ლუის სუარესი (ჰონდურასი) 464.265
25. რეინალდო რუედა (ეკვადორი) 417.833
26. ხორხე პინტო (კოსტა რიკა) 324.986
27. ფოლკერ ფინკე (კამერუნი) 290.939
28. სტეფან კეში (ნიგერია) 289.392
29. საფეტ სუშიჩი (ბოსნია) 259.988
30. ნიკო კოვაჩი (ხორვატია) 200.408
31. ჯეიმს აპია (განა) 185.706
32. მიგელ ერერა (მექსიკა) 154.755
ყველაფერი 2006 წლის 1 თებერვალს დაიწყო, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა გერმანელ კლაუს ტოპმიოლერს ჩააბარა ნაკრები. ის იყო პირველი ტოპ-მწვრთნელი ჩვენი ნაკრების ისტორიაში და საარაკო ხელფასიც ზარ-ზეიმით დაუნიშნეს. ტოპმიოლერის ხელფასი წლების განმავლობაში იყო სალაპარაკო - ერთნი მალავდნენ, მეორენი ახმაურებდნენ, მესამენი უარყოფდნენ, დრო კი გადიოდა და ზუსტი რიცხვი დღემდე გასაიდუმლოებულად დარჩა. ბოლო, ყველაზე სანდო მონაცემებით გერმანელი სპეციალისტის გასამრჯელო წელიწადში დაახლოებით 5 485 000 ლარი იყო (დღევანდელი კურსით 2 109 615 ევრო).
ტოპმიოლერისგან ესტაფეტა არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა გადაიბარა. ბუნებრივია, მისი ხელფასიც გასაიდუმლოებული იყო. თუმცა გამოჟონილი ინფორმაციით, კუპერი მთლად ტოპმიოლერის წონისა ვერ გამოდგა და შედარებით "მოკრძალებულ" თანხას დათანხმდა, ოღონდ ეს თანხაც გვარიანად აღემატებოდა მილიონ ევროს.
ერთადერთი მწვრთნელი, ვისი ხელფასიც ოფიციალურად გახმაურდა, თემურ ქეცბაიაა. კუპერის მომდევნო თავკაცი საქართველოს ნაკრებში მუშაობას 2 514 000 ლარის სანაცვლოდ დათანხმდა.
ეს ინფორმაცია, ცხადია, თავიდან კონფიდენციალური იყო, მაგრამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ სპორტის მინისტრად დანიშნულმა ლევან ყიფიანმა გაასაჯაროვა. ოღონდ აქვე ერთი დეტალიც უნდა ვახსენოთ: ქეცბაიას მტკიცებით, ის ამ თანხიდან უნაწილებდა ხელფასს თავის თანაშემწეებსაც.
და ბოლოს, კახა ცხადაძე, ნაკრების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, რომლის ჯიბეშიც ალბათ ყველაზე ნაკლებად "ჩაუხედავს" გულშემატკივარს. მისი დანიშვნა რაღაცნაირად, უხმაუროდ მოხდა და ბუნებრივია, ამჯერადაც კონფიდენციალური კონტრაქტით. თუმცა კულუარული ინფორმაციით, ისიც მილიონიანი მწვრთნელების სიაშია. მართალია, რომელ ადგილზე, ეს ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მილიონ ლარზე მეტს რომ იღებს, წყარო ამას კი გვიდასტურებს.
ტოპმიოლერი-კუპერი-ქეცბაია-ცხადაძე: 2006 წლიდან დღემდე ამ ოთხეულის საქმიანობა ათეულობით მილიონები დაგვიჯდა და როდის ექნება ამხელა ფულის განიავებას დასასრული, ძნელი სათქმელია.
როგორი მძიმე საქმეა, მაგრამ ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების კატასტროფული შედეგებიც გაიხსენეთ და...
ასე ბნელა?