კახი კალაძის მონაწილეობით ვენაში „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება ჩამოიტანოს ის შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს, მინისტრი არ მალავს, რომ „გაზპრომი“ საქართველოს ულტიმატუმს უყენებს.
თუმცა, როგორც კალაძე აცხადებს, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა „გაზპრომის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს. კომპანიამ კი ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.
„თავად „გაზპრომის“ მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე. იცით, რომ გატარებული მოცულობის 10% დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში „გაზპრომს“ ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია“, - აღნიშნა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტროში გაკეთდა ანალიზი, რამდენად შესაძლებელია „გაზპრომის“ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი განხორციელდეს.
„ამ ანალიზის შედეგად მივიღეთ ასეთი შედეგი - დღეს „გაზპრომს“ შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მათ აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას განაცხადებით, ნატურით მიღება ბევრად უფრო კარგია. მისი თქმით, ის მოცულობა, რომელსაც გაზით ვიღებდით, ეს ეკონომიურად გამართლებული იყო. როგორც მირცხულავა აცხადებს, არა მხოლოდ ახლა, ადრეც ითხოვდა „გაზპრომი“ სატრანსპორტო ღირებულების გადახდაზე გადასვლას.
„თითქმის ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც ნატურით ხდებოდეს ბუნებრივი აირის დატოვება. ალბათ, ეს გუნდი ეცდება შეინარჩუნოს ის ძველი და თუ არ ეცდება, მაშინ მოლაპარაკება იქნება ტრანსპორტირების ისეთ ტარიფზე, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს დანაკარს. ამის იმედს ვიტოვებ. ბევრი რამ დამოკიდებულია ამ გუნდის ეფექტურობაზე.
დღეს ასეთი რეალობაა - გვაქვს ბუნებრივი გაზის დეფიციტი, რეალობაა ისიც, რომ ქართულმა მხარემ იცოდა, როგორც 2014, ასევე 2015 წელსაც, რომ ეს დეფიციტი დადგებოდა. ასევე, რეალობაა ისიც, რომ გაზის კორპორაციას უმარავი წერილი აქვს გაგზავნილი აზრებაიჯანულ მხარესთან. მეტიც, მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანს უჭირდა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ხელშეკრულებებით ჰქონდა აღებული.
ასეთ რეალობაში ავღოჩნდით, ეს არც ჩვენი ბრალია და არც აზერბაიჯანის. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანული მხარე მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ სასაქონლო გაზის მოცულობა ისეთია, რომ თვითონ აზერბაიჯანში და საქართველოში გაზრდილ მოცულობებს საკმაოდ უჭირს, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში მოსაწოდებელი მოცულობების უზრუნველყოფა“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას დავით მირცულავა, რომლის განცხადებით, აზერბაიჯანის გაზის ქსელში დანაკარგები საკმაოდ მაღალია და იმედს იტოვებს, რომ აზერბაიჯანული მახარე ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ამის უზრუნველსაყოფად მიმართა გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხი მისი მონაწილეობით მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილულიყო.
„დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა, კვლავ ისმის კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „გაზპრომი“ კალაძესა და ივანიშვილს აშანტაჟებს, ხოლო ეს ორი მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
„ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებით „გაზპრომის“ პირობებს და ფულად ანაზღაურებაზე არ გადავალთ, მაშინ მილსადენი ცარიელი დარჩება და საერთოდ ვერაფერს ვერ მივიღებთ, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხის შანტაჟი“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არგუმენტიც არ უნდა დაასახელოს ენერგეტიკის სამინისტრომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ოპონენტების მრიდან კრიტიკა მაინც გაგრძელდება, რადგან მისი თქმით, ოპონენტებს სჭირდებათ თემები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების საკრიტიკებლად.
„თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება აწუხებდათ, რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური არ უნდა მიეყიდათ და რამდენადაც მე ვიცი, მილის გაყიდვასაც გეგმავდნენ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.