შვეიცარიის ქალაქ დავოსში დღეს, ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ფორუმის თემაა ინოვაციური განვითარების პერსპექტივები და ორგანიზატორების აზრით, სწორედ ამაზეა გადაჯაჭვული ყველა აქტუალური მსოფლიო კრიზისი - ევროპაში დევნილთა ტალღით დაწყებული და ჩინეთის ეკონომიკის ვარდნით დამთავრებული. რას მოუტანს დიდი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს ახალ მთავრობას და მთელ ქვეყანას? წინა შეხვედრებს მაინც და მაინც ხელშესახები სარგებელი არ მოჰყოლია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ცნობადობა უცხოელ ინვესტორებში ამაღლდა.
დავოსის წლევანდელ ღონისძიებას 2500 ადამიანი დაესწრება. ფორუმის ამჟამინდელი თემა ჯერ კიდევ ნოემბერში გაჟღერდა და ეს არის „მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ათვისება“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორი კლაუს შვაბი აცხადებს, რომ საჭიროა გაცნობიერება იმისა, როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას და როგორ შეცვლის მომავალი თაობების ცხოვრებას.
ფორუმზე ქართული დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი სესიაზე სიტყვით გამოვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში“, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. კვირიკაშვილი დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას“ და „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი“.
დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან - მათ შორის, BP,Tata Sons Ltd, Lazard-ი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევრობანკის პრეზიდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, მათ შორის, შვეიცარიის კონფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყაზახეთისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.
4საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, მნიშვნელოვანია.
„თქვენი მონაწილეობა 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე დავოს-კლოსტერსში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ასევე საკვანძო ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სურვილია, წლის განმავლობაში კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალი ინიციატივის, „ეკონომიკური კეთილდღეობის აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, რომელიც თავს უყრის ევროპას, ევრაზიასა და აზიას და მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ინკლუზიურობის ხელშეწყობას“, - აღნიშნა შვაბმა.
იგი საქართველოს ახალ მთავრობას მხარდაჭერასაც უცხადებს. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით მსოფლიოში დადებითი ცვლილებების შეტანას, მზად არის თქვენი და თქვენი მთავრობის დასახმარებლად ყველა თქვენს წარმოწყებაში. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან თანამშრომლობას საქართველოში დადებითი ცვლილებების განხორციელების გზაზე“, - აცხადებს კლაუს შვაბი.