სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოველი მეწარმე ალბერტ ჯუსოევი საუბრობს, თუ რა ხდება დღეს სამხრეთ ოსეთში და როგორ უნდა გამოვიდეს რესპუბლიკა გასაჭირიდან.
2008 წლის აგვისტოს ომით დანგრეული სახლების აღდგენის საქმე როგორ მიდის?
- ხალხი ზამთარს მეორე წელია, ქუჩაში ხვდება. სოფლები დანგრეულია. იქაც კი, სადაც სახლები გადარჩა, კაციშვილი არ ჭაჭანებს, ყველამ მთას მიაშურა. ხალხი მხოლოდ ცხინვალში, ჯავაში, კვაისაში, ლენინგორში, ზნაურსა და რამდენიმე მოზრდილ სოფელში დარჩა. ბევრი კარავში ცხოვრობს. ღამე წყალი იყინება და ხალხი ყინულზე რჩება. ვისაც შეეძლო, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგი ჩრდილოეთ ოსეთში. რესპუბლიკაში 16-18 ათასი კაციღა თუ დარჩა მივლინებით ჩამოსულთა და რუსი სამხედროების გარდა. ეს კატასტროფული ციფრია. მასობრივი მიგრაცია ომის შემდეგ დაიწყო. შარშანდელი ზამთარი ხალხმა ძლივს გადაიტანა და არც გაზაფხულზე გახსენებია ვინმეს. მთავრობა ფულის ფლანგვის მეტს არაფერს აკეთებს, მხოლოდ მტრის ხატს ეძებს. პირველ რიგში მას ხალხი უნდა დაეპურებინა და დაებინავებინა, ამასობაში ისინიც ხელს გაანძრევდნენ.
რამდენი კაცი დარჩა უსახლკაროდ?
- 4-5 ათასამდე. ჯავის რაიონში საერთოდ აღარ დარჩა საცხოვრებელი, თუმცა იქაურობა ომმა კი არა, 1991 და 2009 წლების მიწისძვრებმა დაანგრია. სხვა რაიონები აგვისტოს ომმა დააზარალა, განსაკუთრებით კი ცხინვალი. ხალხი კორპუსებიდან გაასახლეს - უნდა აღვადგინოთო, მაგრამ კენჭი არ გადაუადგილებიათ. კერძო ინვესტიციების და რუსეთთან საზღვრის გახსნის გარეშე არაფერი გამოვა. იქიდან უნდა ჩამოვიდნენ ოსი სპეციალისტები. ისინი კი მტრებად გამოაცხადა ახლანდელმა მთავრობამ. სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებამდე (2009 წლის მაისი) 3-4 პატივსაცემი სპეციალისტი რომ ჩამოსულიყო რუსეთიდან, საზოგადოებას არჩევნებისთვის მოვამზადებდით და არ მივიღებდით ისეთ პარლამენტს, სადაც უმრავლესობამ რუსულად წერა-კითხვა არ იცის. სამაგიეროდ, მზად არიან ისეთი კანონის მისაღებად, რის მიხედვითაც რესპუბლიკის ახლანდელი მეთაური სამხრეთ ოსეთის სამუდამო პრეზიდენტი იქნება.
არ გწყინთ, რომ საქართველომ უკეთ მოაგვარა 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა დაბინავების საკითხი?
- მტერი - მტერია. ქართველებმა უკვე ორჯერ მოაწყვეს ოსების გენოციდი. მათთან ერთად ყოფნაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგრამ დამაფიქრებელია ის, რომ სამხრეთ ოსეთის 10 ათასამდე მცხოვრები, მათ შორის ყველა ქართველი როდია - 30% ოსიცაა, საქართველოში გადაიხვეწა და ახლა იქ ცხოვრობს. თითქმის ყველას მისცეს კოტეჯები, ნაკვეთი, სამუშაო, მატერიალური დახმარება, ყველას, ვინც ამ საქმისთვის გამოყოფილ ფულს მოიპარავს - იჭერენ. ისინი კი იქიდან გვატყობინებენ - ნახეთ, ჩვენ როგორ ვცხოვრობთო! ლენინგორის რაიონში დარჩენილები ამბობენ, რომ ქართული ოკუპაციის დროს ხალხისთვის მეტი კეთდებოდა, ვიდრე ახლანდელი თავისუფლების დროსო. მე, როგორც ოს პატრიოტს, ამის გაგონება გულს მტკენს. რესპუბლიკაში არავის უნდა საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, მაგრამ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან მილიარდები მოდის, და არც ერთ უსახლკარო ოჯახს ჯერაც არ აქვს საცხოვრებელი.
კოკოითი ყველგან გაჰყვირის, - მე პუტინმა და მედვედევმა დამნიშნეს პრეზიდენტად და მათვე შეუძლიათ ჩემი შეცვლაო. ხალხს კი აღარაფრისა სჯერა. თუ პუტინმა და მედვედევმა დასვეს, ე.ი. რასაც ის აკეთებს, ყველაფერი მისაღებია. ამიტომ საგარეო ავტორიტეტული არბიტრია საჭირო. რუსეთმა ჩვენ დაგვიცვა და შიდა პრობლემების მოგვარებაშიც უნდა დაგვეხმაროს. სხვას არაფერს ვთხოვთ...