საქართველოს მთავრობა ბიზენსს კარს ფართოდ უღებს. საარჩევნო წელს ხელისუფლება განსაკუთრებით დამთმობი ხდება. გარდა ამისა, რეგიონში ურთულესი კრიზისია. ამიტომაც მთავრობისა და ბიზნესის ერთად დგომა დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საქართველოშიც ყაზახური ან აზერბაიჯანული სცენარი განვითარდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის 4 მთავარი მიმართულება გააცნო, რომელიც ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებს: საგადასახადო რეფორმა, ჩართულობის, გამჭვირვალობის რეფორმა, რეგიონების განვითარება და ძირეული საგანმანათლებლო რეფორმა. საგადასახადო რეფორმას ახლავს როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი და მოიცავს გადასახადების ლიბერალიზაციას, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის იგეგმება ე.წ. „სტარტ აპ“-ის დაფინანსება.
მთავრობის საგადასახადო ლიბერალიზაციაში, რეინვესტირებისას მოგების გადასახადისგან გათავისუფლება იგულისხმება. როგორც გაირკვა, მთავრობა მოგების გადასახადთან დაკავშირებით ესტონურ მოდელზე მუშაობს. კომპანიები მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრებიან.
ბიზნეს სექტორი მოგების გადასახადის რეფორმას უკვე ორი წელია ითხოვს. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ესტონურ მოდელზე გადასვლა კაპიტალის დაგროვებას ხელს შეუწყობს და საგადასახადო ადმინისტირებას გაამარტივებს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ რეფორმის განხორციელებისას საგადასახადო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო.
მთავრობის გეგმა ასევე ითვალისწინებს, დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „სტარტაპების“ დაფინანსების მექანიზმების შექმნას, რაც, ჯამში, სხვა ინიციატივებთან ერთად, ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეძლებს უფრო ჩქარი ტემპით განვითარდეს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ნიკო მჭედლიშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას არ აკმაყოფილებს ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა, რაც, რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, ცუდი მაჩვენებელი არაა.
„მთავრობა აცნობიერებს იმ სირთულეებს, რაც არის რეგიონში. ფიქრობს, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მაღალი ტემპი გვქონოდა ეკონომიკაში, პლუს არჩევნები ახლოვდება, ერთი წელიც კი არ დარჩა. მთავრობა ცდილობს, რომ რაღაც ახალი შემოიტანოს... ვფიქრობ, მოგების გადასახადის გაუქმება - ეს არის რევოლუციური იდეა. ამას ძალიან დიდი გაბედულება სჭირდებოდა“, - აღნიშნა ნიკო მჭედლიშვილმა.
რაც შეეხება ეკონომიკის დეკრიმინალიზაციას, ეს რეფორმა გამოძიების პროცესში ბიზნესმენისთვის წინასწარი პატიმრობის თავიდან აცილებას გულისხმობს. ამასთანავე, ამა თუ იმ კომპანიაში ფინანსური პოლიციის საქმიანობა რეგლამენტირებული უნდა იყოს.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელის იციკ მოშეს განცხადებით, კარგი იქნება თუ ინვესტორები, რომლებიც 10 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში და100 ადამიანს დაასაქმებენ, გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლდნენ იმ დრომდე, სანამ ინვესტიციას ამოიღებენ. იციკ მოშე ამბობს, რომ ეს პრაქტიკა ისრაელში ძალიან კარგად მუშაობს. მისი აზრით, 2016 წელი იქნება ვარდნის წელი, მსოფლიო ეკონომიკა კიდევ ქვემოთ ჩადის და ამ ვითარებაში საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას აქვს უდიდესი შანსი, რომ განსაკუთრებით მოიზიდოს ინვესტორები.
„მე წუხელ ჩამოვედი ისრაელიდან, თვითმფრინავი იყო ბოლომდე სავსე. მათგან 25% ის ინვესტორები იყვნენ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და 25% კი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან. დღეს ინვესტორებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ. არ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიოში სხვა ალტერნატივა არ არის, საქართველოს აქვს იმის შანსი, რომ თავისი სიტყვა თქვას“, - აღნიშნა იციკ მოშემ.
ამასთანავე, მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რომელიც კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების და მისი შესრულების ვადებს, ასევე გამჭვირვალობას გაუწევს მონიტორინგს.
„რეფორმის ერთ-ერთი ბლოკი გულისხმობს გამჭვირვალობის გაზრდას, ანუ მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფას. ეს თავისთავად მოიცავს მთავრობის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ნებისმიერ ადამიანს მთავრობის გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.