საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ირგვლივ კაზუსური ვითარებაა. ხელისუფლებამ იმდენი ვერ მოახერხა, რომ დიდი ბრძოლის შედეგად შექმნილ უწყებას ელემენტარული სამუშაო პირობები ჰქონოდა. გაურკვეველი ვითარება კარგა ხანია გრძელდება და ამიტომ საბჭოს წევრები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ: „გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის კომიტეტს, კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება“, - ნათქვამია განცხადებაში. გზავნილს ხელს აწერენ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წევრები აცხადებენ, რომ 2015 წლის სექტემბრიდან მთელი რიგი სამუშაო განხორციელდა. მართალია ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბჭოს უფლებამოსილება შეეზღუდა, მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები - შენობა, კომპიუტერები, სახელფასო ბიუჯეტი და ის, რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. პარლამენტის თავმჯდომარეს ხელმომწერები სთხოვენ, რომ მონიტორინგი შესაბამის კომიტეტებს დაავალოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აღიარებს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩიხშია შესული: „ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მხრიდან პარლამენტისადმი მომართვა გაკეთდა, რომელსაც პარლამენტი შეკრების შემდეგ აუცილებლად განიხილავს და ალბათ, რაღაც გამოსავალი მოიძებნება – ან ასეთი, ან - ისეთი. ვფიქრობ, დღევანდელი მომენტისათვის, სიტუაცია ნამდვილად ჩიხშია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დავით უსუფაშვილი. მანამდე მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციებიც უნდა მოისმინოს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს წევრების მოთხოვნა კანონიერია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განმარტებით, საბჭოს წევრების მოთხოვნა კანონიერია, თუმცა გასათვალისწინებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„სწორი მოთხოვნაა. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურებაც. დანარჩენი იურისტების კომპეტენციაა, რამდენად შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. მათი ხელფასიც უნდა გაიცეს ისევე, როგორც ეროვნული ბანკის თანამშრომლების ხელფასი ეროვნული ბანკის შემოსავლებიდან“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამოქმედი სტრუქტურის - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის გამოყოფილი დამატებითი ხარჯებით უკმაყოფილოა, შესაბამისად, იგი არ აპირებს დამატებითი ხარჯის გაწევას. სებ-ში განმარტავენ, რომ სააგენტოს საბჭოს წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობა 67 ერთეულით იზრდება. ასევე, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ზედამხედველობის სააგენტო ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვას აპირებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაფინანსებაა გათვალისწინებული, რომლის ფუნქციონირების დაწყებაც 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა.
„ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ მუშაობს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.