საპოლიციო გამოსახლება სამუდამოდ აიკრძალა

საპოლიციო გამოსახლება სამუდამოდ აიკრძალა

ხალხს საკუთარი სახლებიდან იძულების წესით ვეღარავინ გამოსახლებს. კანონი, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით, მხოლოდ პოლიციის მეშვეობით, ადამიანებს ქუჩაში აძევებდა, საბოლოოდ გაუქმებულია. საქართველოს პრეზიდენტმა საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბანკების მოთხოვნა ვეტოს გამოყენების თაობაზე არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონი უკვე ძალაში შევიდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე განმარტავს, რომ ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით.

„მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას.

უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს ყველა მხარესთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს“, - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით არის შესაძლებელი.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიღებული ცვლილებები ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადება სთხოვეს. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებდა, რომ თუ აღნიშნული კანონპროექტი მაინც გადაიქცოდა კანონად, ბიზნესმენები მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.

„სერიოზული პრობლემები შეიქმნება იპოთეკურ ბაზარზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, ვინაიდან ეს ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. გარდა ამ პრობლემებისა, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე და ეს სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნავდა ზურაბ გვასალია.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ შეაფასებენ ბანკები საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას და როგორ მოახდენენ საპროცენტო განაკვეთების კორექტირებას.

ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბანკებს აიძულებს, ორიენტირებულნი იყვნენ არა ჩადებული ქონების რეალიზაციაზე, არამედ საბანკო სერვისებზე ამ სიტყვის ცივილიზებული გაგებით. მათი აზრით, საპოლიციო გამოსახლება იყო ადამიანის ღირსების შემლახავი პრაქტიკა, რომელიც სამართლიანად გაუქმდა.