დაგროვებითი პენსია- ბედნიერი სიბერის გარანტია?!

დაგროვებითი პენსია- ბედნიერი სიბერის გარანტია?!

ხელისუფლება დაგროვებითი პენსიის სისტემის დანერგვაზე მუშაობს. დღეს არსებული საპენსიო ფორმა არ ასახავს პენსიონერთა განვლილ ცხოვრებას და ის არა საპენსიო, არამედ უფრო სოციალური შემწეობის სისტემაა. მისგან განსხვავებით, საპენსიო ფონდის შექმნა მნიშვნელოვან იდეად მიიჩნევა, თუმცა ის შედეგებს 10 ან მეტი წლის შემდეგ გამოიღებს.

მანამდე საქართველოში დაუძლეველ პრობლემად რჩება დასაქმებული და უმუშევარი ადამიანების თანაფარდობა, რაც დაგროვებითი პენსიის შესაძლებლობას არ აძლევს მოსახლეობას და ბედნიერი სიბერის გარანტიას არ იძლევა.
საპენსიო სისტემის მოდელის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს „აფბა“-ს თავმჯდომარე შოთა გულბანი. ის აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის მოდელის ჩამოყალიბებაზე ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს, მაგრამ საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

დაგროვებითი პენსიის შესახებ For.ge შოთა გულბან ესაუბრა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, ხოლო ამ არასტაბილური სამუშაოს პირობებში დასაქმებულები გაიმეტებენ თანხის ნაწილს უზრუნველი სიბერისთვის?

- ესაა ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება და აქ არ არის არანაირი იძულებითი მექანიზმი ჩადებული. თუ ვინმეს არ სურს და თვლის, რომ მისი შემოსავალი არ არის იმ მოცულობის, რომ რაღაც კონტრიბუცია გადადოს გვერდით უზრუნველი სიბერისთვის, ძალდატანებით არავინ მიაღებინებს მონაწილეობას. თუმცა ახალი დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა იმდენად მიმზიდველია, რომ ნებისმიერ ადამიანს ამის სურვილი უნდა გაუჩნდეს. ეს ნიშნავს 2%-იან კონტრიბუციას შენი შემოსავლიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვს ხელფასი, მთავარია, ჩათვალო, რომ მზად ხარ დაზოგვისთვის. ანუ 2% კონტრიბუცია არის შენი მხრიდან, 2-2% კონტრიბუცია კი არის დამსაქმებლის, სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მინიმალური 6%. მაგალითად, 30 წელი რომ აგროვოთ ამ რაოდენობის თანხა და გაითვალისწინოთ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ინდიკატორები(ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, კერძო საპენსიო ფონდიდან მიღებული ამონაგები), მაინც მოგებული დარჩებით. 30 წლის შემდეგ თუ გადაწყვეტთ, რომ 20 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღოთ დაზოგილი თანხა, ეს 345 ლარი გამოვა. თანაც, ეს არის ყოველთვიური მიმდინარე ღირებულება. ნომინალური ღირებულება კი, ანუ მომავალში რაც იქნება, დაახლოებით სამზე გამრავლებულ თანხას შეადგენს.

რამდენად შეეძლება ჩვენს ეკონომიკურად სუსტ ქვეყანას ამ თანხების გაცემა წლების შემდეგ?

- შეძლება-არშეძლებაზე საუბარი არ არის. საპენსიო რეფორმის განვითარება დაკავშირებულია კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ჩვენს ქვეყანაში, რაზეც მუშაობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძო საპენსიო ფონდები როდესაც მოახდენენ ამ სახსრების აკუმულირებას, ანუ მოქალაქეების მიერ შეტანილი სახსრების დაგროვებას, მათ ეს თანხები უნდა გამოიყენონ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის. თუ ქვეყანაში არ არის ფასიანი ქაღლდების ბაზრობა განვითარებული, ძალიან გაჭირდება ამ თანხების მომგებიან ინვესტიციებში ჩადება. მაშინ იძულებულნი იქნებიან ეს კერძო საპენსიო ფონდები საზღვარგარეთის მომგებიანი აქციები შეიძინონ და ამგვარად მიიღონ მოგება, რომ შემდგომში დამგროვებელ პირსაც მისცენ მოგება. თავის დროზე ფასიანი ქაღალდების ბაზარი ვითარდებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ წინა ხელისუფლებას და გარკვეულ საბანკო ჯგუფებსაც არ აწყობდათ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. ამიტომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეიტანეს იმგვარი ცვლილებები, რამაც ამ ბაზრის განვითარება ძირშივე მოსპო და საფონდო ბირჟა დარჩა ჩანასახოვან მდგომარეობაში.

ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც იძახიან, რომ ქვეყანა სუსტია და ეს რეფორმა ვერ განხორციელდება. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად სუსტი რომ არის, ეს ახალი თემა არაა, მაგრამ ამ რეფორმის განხორციელება უხერხულ თანაკვეთაში არ მოდის ქვეყნის ეკონომიკასთან.

რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც დაუსაქმებელია? მათთვის არ იქნება გარანტირებული ბედნიერი სიბერე და ისევ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე მათი უზრუნველყოფა?

- მარტივად, ეს ადამიანები ისევ სახელმწიფო პენსიებს მიიღებენ. ისინი კი, ვინც დაგროვებით პენსიას შეაგროვებენ, სახელმწიფო პენსიასთან ერთად, დაგროვებით პენსიასაც მიიღებენ. ეს არის სტიმული, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ, როგორც მუშაობის, ისე დაგროვების სურვილი. რაც შეეხება პრეცედენტებს, ჩვენ ვიცნობთ საზღვარგარეთის რამდენიმე მოდელს. საზღვარგარეთ ყველა ქვეყანა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს კისერზე არ უნდა აწვებოდეს საპენსიო უზრუნველყოფა.

დაგროვებით სისტემაზე გადასვლის მთელი არსი არის ის, რომ ჩვენი პენსიონერების რაოდენობა იზრდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ შობადობა დაბალია და პენსიონერებსა და ახალგაზრდებს შორის თანაფარდობა შემცირებულია.

- არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის პენსიონერთა ციფრი მილიონს გადააჭარბებს, ახლა არის 630 ათასი პენსიონერი. თანაფარდობა შრომისუნარიან ადამიანებს, ანუ გადასახადის გადამხდელებსა და პენსიონერებს შორის სულ უფრო მატულობს პენსიონერების სასიკეთოდ. პენსიონერების ანაზღაურება კი უფრო დიდ ტვირთად აწვება გადასახადების გადამხდელს.