რეგიონში ენერგეტიკული ბრძოლა პირველობისთვის თანდათან პიკს უახლოვდება. “სოკარ ენერჯი ჯორჯია” მზადაა, “გაზპრომს” საქართველოში კომერციული გაზის მიწოდებაზე კონკურენცია გაუწიოს. “გაზპრომი” დღითიდღე აქტიურდება. მასთან ერთად ირანიც აძლიერებს ენერგოპოლიტიკას.
აზერბაიჯანული “სოკარის” კომპანიის გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი ამტკიცებს, რომ ქართული ბაზარი არც ისეთი დიდია, რათა აქ განსაკუთრებული კონკურენცია გაჩაღდეს.
“ჩვენ ვიცით, რომ სოციალური გაზის მოხმარება წელიწადში მაქსიმუმ 2,3-2,4 მლრდ კუბური მეტრია. აქ ფასები საკმაოდ დაბალია და არ იცვლება. დევალვაციის მიუხედავადაც ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეცვლილა და არც არავინ ფიქრობს მის გადახედვაზე ჩვენს კომპანიაში. კომერციული გაზის მოცულობა 900-950 მლნ კუბური მეტრია. ეს თავისუფალი ბაზარია, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ამ კონკურენციისთვის”, - განაცხადა მაირ მამედოვმა.
განცხადება, რომ “სოკარი” “გაზპრომთან” კონკურენციისთვის მზადაა, მამედოვმა რამდენიმე კვირის წინათ აზერბაიჯანულ მედიაშიც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მარაგის შესაძლო ზრდა ქვეყნის ბაზარზე კონკურენციის დონეს გაზრდის.
საქართველოსა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. “კომერსანტის”ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველო არ განიხილავს აზერბაიჯანულ გაზზე უარის თქმის საკითხს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, “გაზპრომი” საქართველოსთან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გაზრდას და გაზის თავად თბილისისთვის მიწოდებას განიხილავს. ტრანზიტის მოცულობის ზრდა რუსულ მონოპოლიას სომხეთში, რაზდანის თბოელექტროსადგურის დატვირთვისთვის ესაჭიროება, საქართველო კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ვერ იღებს საკმარის ბუნებრივ აირს მოპოვების პრობლემის გამო.
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარმა” 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 1,25 მლრდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.
“საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 3,74 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი ხორციელდებოდა. მთლიანობაში ექსპორტის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე გასული წლის იანვარ-ნოემბერში, როდესაც 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული”, - აღნიშნავს აზერბაიჯანული სააგენტო “ტრენდი”.
ამავე ინფორმაციით, 2016 წელს “სოკარი” არ აპირებს საქართველოში გაზის მიწოდების მოცულობის შეცვლას.
“ეს მაჩვენებლები წლევანდელ დონეზე შენარჩუნდება, რადგან დაკონტრაქტებული მოცულობა საქართველოს მოთხოვნიდან გამომდინარე უმნიშვნელოდ იცვლება”, - აღნიშნავს “ტრენდი”.
ამსობაში 23 დეკემბერს ერევანში სომხეთის, ირანისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა შედგა, სადაც მონაწილეობდა “რუსული ელექტროქსელების” გენერალური დირექტორიც. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას. ასე რომ, პირველი ნაბიჯი მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ გადადგმულია.
2018 წლისთვის ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ სისტემაში იქნებიან გაერთიანებული, რომლის მეშვეობითაც წელიწადში დაახლოებით 1200 მეგავატი ელექტროენერგიის გაცვლას მოახდენენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კახა კალაძის თქმით, საქართველომ საკუთარი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა სრულად უნდა გამოიყენოს.
“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიის დროს მოვახდინოთ მისი გატანა ირანის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ირანს დიდი დეფიციტი აქვს. მოთხოვნა არის ძალიან დიდი ირანულ ბაზარზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სომხეთის გავლით მოვახდინოთ ენერგიის გატანა მომავალში არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ირანის მიმართულებითაც. მემორანდუმის საშუალებით ასევე გვექნება საშუალება, რომ ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი, გვექნება საშუალება ელექტროენერგია შემოვიტანოთ ირანიდან”, - ამბობს კახა კალაძე.
მართალია, ამჯერად საქმე მხოლოდ ელექტროენერგიას ეხება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია.