სინოპტიკოსები უახლოეს მომავალში ტემპერატურის მატებას არ გვპირდებიან. სამაგიეროდ ოპოზიცია მკვეთრად აპირებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას. 21 მაისს პოლიტიკურ ტემპერატურის აწევას სახალხო კრება შეეცდება. სახალხო კრების ინიციატორები დარწმუნებული არიან, რომ მათი ძალისხმევა წარმატებით დასრულდება, რაც ხელისუფლების სახლში გაშვებით დამთავრედება.
ხელისუფლებას სახალხო კრების მუქარის არ სჯერა. მათი თქმით, ვერც სახალხო კრება და ვერც სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს. მათი არგუმენტი ასეთია, რომ მოსახლეობა კარგად ცხოვრობს.ხელისუფლების გარდა სახალხო კრების ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციური რვიანიც. მათი აზრით, საპროტესტო აქციები და არეულობა სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
“დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი თემურ მურღულია მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გაუშვან სახლში. რატომ არის ეს ხელისუფლება სახლში გასაშვები, ამის შესახებ თემურ მურღულია “ახალ თაობას" ესაუბრება.
სახალხო კრება 21 მაისიდან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიხართ. ხელისუფლება ამბობს, რომ თქვენ ვერაფერს ვერ გახდებით, იმიტომ, რომ ხალხი გვერდში არ დაგიდგებათ, რადგანაც ისინი კარგად ხედავენ ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს.
- ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ რა კარგს უკეთებს ხელისუფლება ხალხს. მცირედი ოდენობით კარგი საქმეები, რა თქმა უნდა, კეთდება. ჩვენი დღევანდელი ეკონომიკა ისეა აწყობილი, რომ ის მცირედი კარგიც კი დაკავშირებულია ბევრ დიდ პრობლემებასთან. დაკავშირებულია უზარმაზარ ვალებთან. ამ ვალების აღება ისევ ხდება. ეს თანხები მოსახლეობას და ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ამ მიმართულებით ძალიან ცოტა თანხა იხარჯება. უმეტესი ნაწილი მიდის ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეში. ისინი ამ ფულით იწყობენ ცხოვრებას. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ მოგვიწევს ამ თანხების გადახდა. მე არ უარვყოფ, რომ კარგი გზებია დაგებული, არ ვხუჭავ თვალს იმაზე, რომ ქვეყანა განათებულია. ოღონდ იმასაც კარგად ვხედავ, რომ ამ საქმის უკან რამდენი ვალია. დღეს ბევრს საუბრობენ ეკონომიკის ზრდაზე. რაც საქართველოში ხდება, იმას ეკონომიკის ზრდა არ ჰქვია. ეს არის ეკონომიკის გაბერვა. ქვეყნის განვითარება არ მოხდება. ნებისმიერ ოჯახს შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს. შეუძლია სესხი აიღოს. რაღაცა დროის განმავლობაში უფრო მეტი ფული ექნება, ვიდრე ჰქონდა. თუ ეს ფული სათანადოდ არ იქნა გამოყენებული, და ის შეჭმული აღმოჩნდა, გადახდის დრო რომ მოვა, ეს ოჯახი კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავარდება. ასეთ დღეშია საქართველოც. შეუძლებელია, ადამიანი ვერ ხედავდეს, რა ხდება დღეს ქვეყანაში. ვიღაცა ამას დაგებული გზების ფონზე ვერ ამჩნევს. იმათი დუმილი კი ვინც ამას ხვდება, არის დანაშაული.
რატომ არის დანაშაული?
- როცა ხვდები ქვეყანაში რა უბედურება ტრიალებს და თვალს ხუჭავ, მისი თანამონაწილე ხდები. ეს კი არის დანაშაული. დღეს აღარ არის ის დრო, როცა ხალხმა უნდა თქვას, მოდით, ვნახოთ, რა იქნება. დრო დღეს საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობს. ყოველ დღეს საქართველოსთვის ცუდი მოაქვს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ 21 მაისს ქუჩაში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვა.
მაინც რამდენი ათასს ელოდებით?
- არავის არა აქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოების ასი პროცენტი იქნება ერთ აზრზე. ასეთი რამე კარგი ნამდვილად არ არის. გაცილებით უარესია ის, რასაც ხელისუფდება აკეთებს. ის ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მათ შორის უზარმაზარ უფსკრულს აშენებს. ის ცდილობს ამ დაპირისპირების ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. ის დრო წარსულს ბარდება, როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ყველას გვახსოვს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში რეფორმატიორებმა განახორციელეს ღონისძიებები. თავად საქმე კარგად წავიდა. მაგრამ სისტემის გაუმართაობის გამო წავიდა უკან. ჩვენც ამ ვითარებაში ვართ. სისტემა არ შედგა და საქართველოში ახლა ყველაფერი მიდის უკან. ჩვენ ვხვდებით საზლოგადოებას. ვისმენთ მათ აზრს. ხალხი ამბობს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. უკვე დადგა ის დრო, როცა კონსტიტუციური უფლებები უნდა დავიბრუნოთ.
შეძლებს ხალხი ამ უფლების დაბრუნებას?
- სხვა გამოსავალი არ არის. ხალხმა ეს უფლება უნდა დაიბრუნოს. მთავარია ჩვენ მოსახლეობას სწორად ავუხსნათ, რა პრობლემებთან აქვს ქვეყანას საქმე. კარგად დავანახოთ, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამას რომ დაინახავენ, მიხვდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლას ალტერანატივა არა აქვს. ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ცივილიზებური ფორმა არ გადის. რჩება ურთიერთობის ერთი ფორმა - ერთი ძალის დემონსტრირება. ხალხმა ხელისუფლებას უნდა დაანახოს, რომ აღარ შეეგუება ასეთ უსამართლობას. უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ მზად არის, თავისი უფლებებისთვის იბრძოლოს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. საქართველოშიც ბრუნდება ის დრო, როცა საზოგადოება ტირანიის დამკვიდრებას ადეკვატურად შეხვდება.
ხელისუფლების შეცვლის თქვენეულ გზას ოპოზიციის ერთი ნაწილიც აკრიტიკებს.მათი თქმით, აქციები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. არის მოსაზრება იმის შესახებაც, თუ გაერთიანება არ მოხდა, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი იქნება.
- ყველას თავისი გზა აქვს. იყო დრო, როცა ჩვენ, მთელს ოპოზიციას ერთად დგომისკენ მოვუწოდებდით. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ეს შეუძლებელია. ასევე დრომ აჩვენა, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის ყველა პარტიის გაერთიანება საჭირო არ არის. ოპოზიციის გაერთიანების გარეშე არაფერი არ მოხდება, ამ მითს ხელისუფლება ავრცელებს.
თქვენ გჯერათ, რომ გაერთიანების გარეშე შეიძლება ხელისუფლების შეცვლა?
- სინამდვილეში ასე არ არის. ხელისუფლების შეცვლა ერთ პარტიასაც შეუძლია. მით უმეტეს, იმ გაერთიანებას, სადაც საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები არიან გაერთიანებული. დღეს ხელისუფლების შესაცვლელად საჭირო არ არის ყველა პარტიის კონსოლიდაცია. მთავარია ხალხის კონსოლიდაცია მოხდეს. სახალხო კრება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პარტია. პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი გზა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაა. კი ბატონო, გააგრძელონ მოლაპარაკებები. ოღონდ მე, თემურ მურღულიას მიმაჩნია, რომ ისინი ცუდ რამეზე აწერენ ხელს. სწორედ ისინი ასხამენ ხელისუფლების წისქვილზე წყალს.
რატომ ასხამენ ისინი ხელისუფლების წისქვილზე წყალს?
- თავიანთი ქმედებით ისინი შანსს აძლევენ ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ეს მოლაპარაკებები იქნება, ამასობაში ჩუმ-ჩუმად მოხდება აქციების მონაწილეთა დაპატიმრება. ხელისუფლება მერე თავს გაიმართლებს; იტყვის, ესენი არიან რადიკალები. დახვეწილი და კონსტრუქციული ოპოზიცია დიალოგზე მოდისო. საზოგადოება თავის პოლიტიკურ განაჩენს ყველას გამოუტანს. ხელისუფლება მოლაპარაკებით არასოდეს არ წავა დათმობაზე. თუ ასე უნდათ ლაპარაკი, ილაპარაკონ.ჩვენ არ ვაპირებთ უსასრულოდ ლოდინს. არ ვაპირებთ იმიტომ, რომ დრო საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვან დღედ მიმაჩნია 21 მაისი. ჩავთვალოთ, რომ ეს არის არჩევნები.
რატომ არის არჩევნები?
- იმიტომ, რომ იმ დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს. 21 მაისს ხალხმა რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უნდა დაუჭიროს მხარი. მან უნდა აირჩიოს, ან უუფლებობა, ანდა თავისუფლება. დრო არ ითმენს და არჩევანი უნდა გაკეთდეს. ვინც დროს გაწელვაზე წავა, მაშინ თავისი შვილებისთვის მოუწევს ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ აქვთ მათ მკურნალობის, სწავლის და ნორმალურად ცხოვრების საშუალება. მე მჯერა, რომ 21 მაისს საზოგადოება სხვა არჩევანს გააკეთებს.
რა არჩევანი იქნება ეს?
- ეს იქნება თავისუფლება. ჩვენ კონსტიტუციის დაცვით ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში.