უფლებადამცველი ირინა ენუქიძის წმინდანად შერაცხვის იდეით გამოდის და იუსტიციის საბჭოს ,,გარეკვას'' ითხოვს!
სანდრო გირგვლიანის საქმის სკანდალური მოსამართლე ლევან მურუსიძე 3 წლის გამოსაცდელი ვადით, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს. მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო, აქედან სამი არამოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში სწორედ ,,ოცნების'' ლობირებითაა არჩეული - ევა გოცირიძე, ვახტანგ სოფრომაძე და კახა თორდია. ერთადერთი, ვინც მურუსიძეს მხარი არ დაუჭირა, როგორც მოსალოდნელი იყო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აღმოჩნდა. მურუსიძის გარდა, საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით 100-დან 61 მოსამართლე შეარჩიეს ვაკანტურ თანამდებობებზე.
ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება და მძიმე შეფასება მხოლოდ არასამთვრობოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კი არა, თავად ,,ოცნების'' ცალკეული დეპუტატებიდანაც მოჰყვა. იმ სამმა ადამიანმა კი, რომელთა ხმების გარეშე მურუსიძე მოსამართლე ვერ გახდებოდა, ,,სამართლიანობის აღდგენის მესაფლავეების'' სტატუსი დაიმსახურა. მოგვიანებით, მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, მურუსიძის არჩევა არაპოპულარული, მაგრამ ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება იყოო. გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ განაცხადეს, მართალია, მურუსიძეს ხალხის თვალში არასახარბიელო რეპუტაცია აქვს, მაგრამ მოსამართლეთა კორპუსში ,,გამორჩეული ავტორიტეტითა და პატივისცემით“ სარგებლობს და „უპრეცედენტო მხარდაჭერა“ გააჩნიაო. ამიტომ იუსტიციის საბჭო ,,მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციების იგნორირებას'' ვერ შეძლებდა და ამ ახალგაზრდა კაცს, ბატონ მურუსიძეს, რომელსაც ,,ნაკლოვანებებიც აქვს და ღირსებებიც'', შანსი მივეცითო. ამ სამწლიანი შანსის შემდეგ, მათივე განმარტებით, მურუსიძის უვადოდ გამწესებას ცალკე კენჭისყრა დასჭირდება. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებსაც გამოემშვიდობაო, თუმცა ამ დროისთვის, ეს ინფორმაცია არ დასტურდება ისევე, როგორც მოარული ხმა იმის შესახებ, რომ ექსპრემიერ ღარიბაშვილს სავარძლის დათმობა სწორედ მურუსიძის ლობირების გამო მოუხდა. ლევან მურუსიძის არჩევის დღიდან მოყოლებული, არც პოლიტიკური სპექტრი მოდუნებულა. მეტიც, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ერთ მაგიდასთანაც ვიხილეთ და გამორიცხული არც ფართომასშტაბიანი, ერთობლივი აქციების დაწყებაა მურუსიძისა და ,,ოცნების'' ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატების წევრმა, იურისტმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც სტრასბურგში გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი წარმდგენი იყო, განაცხადა, შესაძლოა, მთელი ოპოზიცია უპრეცედენტოდ გაერთიანდესო. საკუთარი პოზიცია არ დამალა პრეზიდენტმაც, რომელმაც სწორედ ამ საბედისწერო კენჭისყრის პარალელურად, გირგვლიანის გარდაცვლილი დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
მათ შორის, ვინც მურუსიძის წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და სხვათა შორის, არა მხოლოდ ამ დღეებში, ყველასთვის ცნობილი უფლებადამცველი, შეწყალების კომისიის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის'' ხელმძღვანელი, ლია მუხაშავრიაა, რომელიც ,,ვერსიისთვის'' საინტერესო განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ივანიშვილ-მურუსიძეს შორის შესაძლოა, წინასაარჩევნო გარიგება შედგა, რაც 2016 წელს დაპირისპირების საფრთხის წინაშე დაგვაყენებს: ,,პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ დღეს მურუსიძე მოსამართლეა და სხვა გაცილებით ღირსეული კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწუნა. აშკარა გარიგებასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ ითქვა, რომ ეს გარიგება ბიძინა ივანიშვილთან შედგა. იყო ხმებიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ მურუსიძის ლობირებას შეეწირა. ვფიქრობ, როცა ხელისუფლებამ პოლიტიკური რეიტინგები ნახა და მიხვდა, რომ საქმე ცუდად აქვს და არჩევნებს ვერ მოიგებს, მისი გაყალბება გადაწყვიტა. ეს კი აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და თუ იქ ,,ოცნებას'' მურუსიძე ეყოლება, თავი ქუდში ექნება. მურუსიძე ერთ უკანონობასაც არ აღიარებს დავის დროს _ ,,ოცნებას'' ამ გზით უკვე დაგეგმილი აქვს არჩევნების გაყალბება. მურუსიძის არჩევა კატასტროფული მოვლენაა ყველა იმ ანგარიშისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე სჭირდება. ეს გადაწყვეტილება ,,ქართულ ოცნებას'' მხოლოდ პოლიტიკურ კი არა, დიდ საერთაშორისო ფასადაც დაუჯდება. ამ რისკზე წასვლა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი ივანიშვილი და მისი გუნდი მართლა არჩევნების გაყალბების გზას აირჩევენ, რასაც მურუსიძისნაირი მოსამართლის წყალობით, იოლად დააკანონებენ. ეს კაცი ყველა იმ ძალის ,,ნოტარიუსი'' გახდება, ვინც მას მოიმსახურებს. მას კარგად ესმის, რომ ციხეს ვერ გადაურჩება, თუ ყველა ხელისუფლების კვერისდამკვრელი არ იქნება. ამიტომ მურუსიძის ფენომენი გასაგებია. უფრო საშიში აქ ისაა, რომ ხელისუფლება ამ გეგმით ისეთ დიდ დესტაბილიზაციას მოიტანს პოსტსაარჩევნოდ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომშიც კი გადაიზარდოს. საზოგადოება არ მოითმენს საარჩევნო კანონისა და საარჩევნო უფლების თავზე გადახევას და ვერ მიიღებს იმ გამარჯვებულს, ვინც მას არ აურჩევია. ვფიქრობ, ოპოზიციაც ხედავს ამ საფრთხეებს და მისი გაერთიანებაც საკმაოდ ლოგიკური და პრაგმატულია. ოპოზიციას ისიც ესმის, რომ სასამართლოში წასვლა, შედეგების გაყალბების შემთხვევაში, აზრს კარგავს. კიდევ უფრო მაწუხებს საზოგადოების პოზიციაც - ხალხს სამართალი აქ, ამ ქვეყანაში სჭირდება, რომ ყველა საქმეზე ჰააგის ტრიბუნალში არ ირბინოს. შემთხვევითი არც პრეზიდენტის ღირსეული ნაბიჯი იყო, როცა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ეს ქალი ჩვენი დროის ეროვნული გმირია და მთელი ქალთა, გენდერული თანასწორობის, უფლებადამცველთა მოძრაობა მისი სახელის ქვეშ უნდა გაერთიანდეს და ალბათ, ეს ქალბატონი ეკლესიამ წმინდანად უნდა შერაცხოს. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გზავნილი უნდა ყოფილიყო უდღეური იუსტიციის საბჭოსთვის, მაგრამ ამ დაყრუებულებმა ვერაფერი შეისმინეს. ვფიქრობ, ყველაფერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის, საზოგადოება კი მხარს იმას დაუჭერს, ვინც სამართლიანობის აღდგენასა და მართლმსაჯულების სისტემის გაწმენდას დაგვპირდება. იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა უნდა გაირეკოს და ამისთვის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება საჭირო. ეს იქნება არარევოლუციური, გამართული სასამართლო მექანიზმი''.
ლია მუხაშავრია იუსტიციის საბჭოს მიერ დაწუნებულ მოსამართლეებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სთავაზობს და მათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, სასამართლო დავებში დახმარებას ჰპირდება.