რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რა აკავშირებს შაქრო კალაშოვთან, რას ნანობს და რაში ადანაშაულებს ახალაია-მერაბიშვილ-სააკაშვილს
ადამიანი, რომლის გამოც ლამის ერთთვიანი სკანდალი არ ცხრება, ცნობილი საერთაშორისო ნარკოკარტელის, თუ ,,კოკაინის საქმის'' მთავარი მოქმედი პირია. მთელი ეს აჟიოტაჟი სწორედ იმ განცხადებას მოჰყვა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილმა ბესელია-კობახიძეს პოლიტდევილთა სიაში შეყვანის სანაცვლოდ ფული გადაუხადა. ალეკო ელისაშვილის გულახდილობა ბოლოს იქამდე მივიდა, რომ მან იმ ორი ადამიანის გვარიც დაასახელა, ვინც ბოჭორიშვილის საქმის გამო ,,ისტერიკულ'' მესიჯებს წერდა და ეს ორი ადამიანიც ბესელია-კობახიძე აღმოჩნდა. სწორედ კობახიძე იყო ბოლო წლებში ბოჭორიშვილის ადვოკატი. ,,ვერსიამ'' ,,ნარკობარონად'' შერაცხული, რამდენჯერმე ნასამართლევი, რესპუბლიკელების ყოფილი წევრი ნუგზარ ბოჭორიშვილი ექსკლუზიურად ჩაწერა. რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, რა აკავშირებს რეალურად რესპუბლიკელებთან, როგორ ამტკიცებს, რომ ,,კოკაინისა'' და სხვა საქმეები მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივითაა ,,შეკერილი'' და რა ურთიერთობა აქვს ცნობილ ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვთან - ნუგზარ ბოჭორიშვილი ,,ვერსიასთან'' ამ და სხვა საკითხებზე ესპანეთიდან საუბრობს:
- ბატონო ნუგზარ, უკვე განაცხადეთ, რომ თეთრი არ გადაგიხდიათ არავისთვის, არცერთ სიაში მოსახვედრად. თუმცა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ უკვე დაასახელა ბესელია-კობახიძე, რომლებიც თქვენი საქმის განხილვას მესიჯებითაც კი აიძულებდნენ კომისიას. რას ნიშნავს ეს განცხადება?
- ბოლო ინფორმაცია თქვენ უფრო გეცოდინებათ, მაგრამ როგორც ვიცი, ელისაშვილმა პროკურატურაში თითქოს მტკიცებულებები მიიტანა და მის ტელეფონში მესიჯები არ აღმოჩნდა.
- საუბარია 6 მესიჯზე, რომელსაც თქვენი ყოფილი ადვოკატი ელისაშვილს სწერდა. თუ ეს მართალია და ამაზეც არაფერი იცით, გამოდის, მანანა კობახიძე თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებდა?
- მე მხოლოდ ის შემიძლია დავადასტურო, რომ არავისთ¬ვის არაფერი არც მითხოვია და არც შემითავაზებია. ვიცი, რომ ელისაშვილი თავად შედიოდა საპატიმროში ჩემს ნათე¬სავებთან და ეუბნებოდა, ახალი მთავრობის სირცხვილია, დღემდე ციხეებში რომ სხედხართ და შეწყალება ყველაზე მოკლე გზაა გამოსასვლელადო. გამოვკითხე ჩემი ნათესავები და მითხრეს, რომ 6-7-ჯერ მივიდნენ ბატონ ქორიძესთან, რომელმაც ხან რა დოკუმენტი მიატანინა, ხან - რა, საბუთე¬ბზე არბენინა, მაგრამ ფულზე საუბარი არასდროს, არცერთ ეტაპზე, არავისგან ყოფილა.
- მოკლედ, სკანდალი თქვენი სახელითა და ე.წ. კოკაინის საქმით დაიწყო. ალბათ, ფართო საზოგადოებამ თქვენზე სხვა არც არაფერი იცის. გვიამბეთ, რას საქმიანობდით 2010 წლამდე და რომელიმე პარტიის წევრი თუ იყავით?
- 1986 წლიდან მოსკოვში წავედი, ნათესავებთან. იქ დავამთავრე უნივერსიტეტი, დავიწყე ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი, 1998 წელს კი საქართველოში დავბრუნდი. რუსეთში ჩემი ბიზნესი და ბინა გავყიდე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავიწყე რესტორნების აშენება. სიმართლე გითხრათ, საქართველოში დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ შვილები შემეძინა და ასე შევრჩი.
რაც შეეხება პოლიტიკას, მისგან შორს ვიყავი, მაგრამ ექსკლუზიურად მხოლოდ თქვენ გეტყვით - ანასტასია ზაუტაშვილისა და ჩემი საერთო შვილის ნათლია ლევან ბერძენიშვილია. ნათელმირონობიდან გამომდინარე, მასთან დაახლოებული ვიყავი. ბატონ ლევანს დღესაც დიდ პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რაც ჩემზე თქვეს რესპუბლიკელებმა. როცა ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ვეხმარებოდი. დავუთმე დარბაზი სემინარებისთვის, რა თქმა უნდა, უფასოდ. ჩემი პირადი დაცვა და მანქანებიც გადავეცი ბატონ ლევანს. არ მინდა დავწვრილმანდე, მაგრამ იმ 2 თვის განმავლობაში, რაც ფალიაშვილზე საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებდა, საჭმელიც ჩემი რესტორნიდან მისდიოდათ. ანუ, ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე ძალასთან დაახლოებულ პირად ვითვლებოდი.
- თქვენ და ბატონი ლევანი როდის და როგორ დამეგობრდით, მეგონა, გიგლა აგულაშვილთან მეგობრობდით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. არაა ასე?
- დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიცნობ ბატონ გიგლას. ბატონი ლევანის შვილი კი ჩემი უფროსი შვილის, ანას მასწავლებელი იყო 53-ე სკოლაში და იქ გადავიკვეთეთ. დავახლოვდით და როცა მეგობარ ქალთან, ზაუტაშვილთან, შვილი გამიჩნდა, ბატონი ლევანი პატარა ლიზის ნათლია გახდა.
- პარალელურად, ნაციონალურ მოძრაობასთანაც თუ გქონდათ რაიმე კავშირი და როგორ გადაიკვეთა პირველად თქვენი გზები?
- აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ესპანეთიდან ჩამოვფრინდი. 2008 წლის 2 სექტემბერს ფალიაშვილზე, სახლში დამადგა პოლიცია და მითხრეს, წამობრძანდით, თქვენთან გასაუბრება უნდათო.
ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ადრე, შევარდნაძის დროს, რაღაც ,,მერსედესით'' დავდიოდი, რომელიც დაზღვეული, მერე დაკარგული და ათასჯერ გადაყიდული ყოფილა. ეს მანქანა ჩემი ბიძაშვილის საკუთრება იყო, თუმცა საჭესთან მეც ვმჯდარვარ. ამ საქმეზე არც ჩემი ბიძაშვილი დაკითხულა, არც არავინ, პირდაპირ მომვარდნენ და მითხრეს, 200 000 დოლარი გადაიხადე და გაგიშვებთო. პირველად სწორედ მაშინ მაჩვენეს ფირი, როგორ შევდივარ ბერძენიშვილის საარჩევნო შტაბში და ა.შ. გამიკვირდა, ეს რისთვის გინდოდათ, რომელი პოლიტიკოსი მე ვარ-მეთქი?
- ანუ, რა გამოდის, გაგაგებინეს, ბერძენიშვილის დაფინანსების გამო ისჯებიო?
- აი, შენ ვის ეხმარებოდი, შე ასეთო და ისეთოო. ასე შემითითხნეს ეს საქმე და 200 000 მომთხოვეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მანქანა, სულ ახალიც კი, 50 000 დოლარი ღირდა და 200 000 რატომ უნდა გადამეხადა? ამ საუბარში რომ ვიყავით, ჩემი დეიდაშვილის ქმარი, ოთარ ლომინაძე მოვიდა, რომელიც ქვეყნიდან წასვლის მერე მირეკავდა და 3 მილიონ დოლარს მთხოვდა. ბატონი დათა ახალაიასგან ასეთი შეთავაზება გადმომცა: თუ შევიძენდი 10 ჯიპს და საჩუქრად გადავცემდი კუდ-ს, საქმე შეწყდებოდა. მაინც იგივე თანხა გამოგდის ამ ჯიპების ყიდვით, რასაც გთხოვენ, შეიძლება, 200 000-ზე ცოტა ნაკლებიც კი დაგიჯდეს, თან ჩვენთან იქნები, ,,კრიშა'' გექნება და აღარავინ შეგეხებაო. პიროვნულად ოთართან პრეტენზია არც მაქვს, რასაც უფროსები ავალებდნენ, იმას აკეთებდა. კაცმა მითხრა, ნუგზარ, ბევრი ვევაჭრე, მაგრამ ამაზე ნაკლებს არ დათანხმდნენ, თუ ამ მოთხოვნას შეასრულებ, დღესვე გახვალ, ნასამართლეობის გარეშეო. სასტიკი უარი განვაცხადე. არ მეგონა, მართლა ასე, ჩალით თუ იყო დახურული ეს ქვეყანა. ციხეში გამიშვეს. 10 დღე ვფიქრობდი, იქნებ გადაიფიქრონ-მეთქი, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ადვოკატს დავურეკე და დიდი ვაჭრობითა და ვაივაგლახით 100 000 დოლარზე შეთანხმდნენ. თავიდანვე ვთქვი, პირობითს თუ მომისჯით, არ გადავიხდი-მეთქი, რადგან კარგად ვიცოდი, მეორე დღესვე რამეს იმაიმუნებდნენ და ისევ შემაბრუნებდნენ. თურმე, ნაქურდალი ნივთის შეძენა დაჯარიმებას იწვევს, ასე დამიწერეს ჯარიმად ეს 100 000 დოლარი და გამიშვეს. მახსოვს, 141 000 ლარი გამოვიდა. შევიტანე ფული, მეორე დღესვე მივედი იუსტიციის სამინისტროში და უარი ვთქვი საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან ევროკავშირის პასპორტი მქონდა. ამავე დღეს, ჩემთან ის ბიჭი მოვიდა, ვინც ამ მანქანის საქმეზე მკითხავდა. წადი საქართველოდან, თორემ ისევ დაგიჭერენო. თურმე, ახალაიას ერთი ამბავი აუტეხია, ასე იაფად რატომ გაუშვითო. ავიკრიფე გუდა-ნაბადი და წავედი. ეს იყო მთელი ჩემი პოლიტიკური თავგადასავალი.
- ამ თავგადასავლის შესახებ ბერძენიშვილმა ასე დეტალურად იცის?
- ამის მერე იშვიათად ჩამოვდიოდი საქართველოში. ტელეფონით კი, ამ თემაზე არ მისაუბრია. აზრიც არ ჰქონდა, რადგან მახსოვს ვალერი გელაშვილის შემთხვევა. რით დაეხმარნენ რესპუბლიკელები? ჩემმა ადვოკატმა წერილი გადმომცა, სადაც დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიას აქტიურად ვეხმარებოდი და მისი წევრი ვიყავი. არც დეპუტატობა მინდოდა, უბრალოდ, ვეხმარებოდი. უფრო იმიტომ დამიჭირეს, რომ რესპუბლიკელებს ვეხმარებოდი და არა ნაციონალებს, რადგან მაშინდელი ოპოზიციისკენ უფრო მიმიწევდა გული. ამიტომ მგონია, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
- ,,კოკაინის საქმეც'' პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუ დათა ახალაიას თქვენზე შურისძიება 2010 წელს გაახსენდა? რა მოხდა 2010 წელს?
- ,,კოკაინის საქმეში'', თურმე, 220 კილოგრამი კოკაინიდან ნაშთი 30 გრამი კოკაინი დარჩენილა და იმასაც, ჩემი სიძე მანქანით ატარებდა, ძრავაში ჰქონდა დამალული. პოლიციაში დევს კადრები, როგორ ამოიღეს კოკაინი ძრავის ზემოდან, მოწმეების ჩვენებაში კი წერია, რომ ის ძრავის ქვემოდან გამოაძრეს. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რაღაც ნივთიერების ზემოქმედებით დადგინდა, რომ ეს ფხვნილი კოკაინი იყოო. ხოლო სტრასბურგში ჩემს მიერ გაგზავნილი საექსპერტო ბიუროდან პასუხი მოვიდა, რომ ამ ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, კოკაინს ვერ ამოიცნობდნენ, ამ გზით, მხოლოდ ჰეროინის ამოცნობა შეიძლებოდა.
ამ გაყალბებული ექსპერტიზის ჩამტარებელი კი დღესაც შს სამინისტროს საექსპერტო ბიუროში მუშაობს, ხოლო გამყალბებელი პროკურორი, დღეს ქვემო ქართლის მთავარი პროკურორია. მაშინდელი პროკურატურის განყოფილების გამგე თან იძახდა, არ ვიცი, სადაა გაქცეული ბოჭორიშვილიო და მეორე ტელეფონით მირეკავდა, 3 მილიონი გადამიხადეო. დღეს ეს კაციც დაწინაურებულია. ან, როგორ შეიძლება, განაჩენში მეწეროს, რომ კოლუმბიაში არაერთხელ ვიმოგზაურე და ამ დროს, კოლუმბიიდან მოდიოდეს საბუთი, რომ იქ არც ერთხელ არ ვარ ნამყოფი?
- მერე, ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მყოფმა თქვენმა ექსადვოკატმა არ იცის?
- გამოდის, ქალბატონი მანანა არაფერს აკეთებდა, რომ ეს ინფორმაცია თუნდაც პრემიერამდე ან ივანიშვილამდე მისულიყო. რამდენი ხანია გავიძახი, რომ ,,კოკაინის საქმეში'' არ დევს მტკიცებულებები. ისე, პროკურატურა ახლა უფრო გამოფხიზლდა, ჩემი დაკითხვა მოინდომეს სკაიპით.
- დაგკითხეს უკვე?
- არა, ჯერ შეთანხმების პროცესში არიან, დეტალები არ ვიცი. სხვა საქმეებიც წამოსწიეს.
- აუცილებლად წამოწევდნენ, რადგან მედიაში ბევრი რამ გახმაურდა. ,,ვერსიას'' ექსკლუზიურად ეწერა, პროკურატურის ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომ თქვენი აგარაკის ჩხრეკისას ამოღებული თანხიდან 700 000 ევროა გამქრალი. იქნებ გვითხრათ, ბოლო ბოლო, სახლიდან 2 მილიონი ევრო ამოიღეს თუ სამი და სად გაქრა 700 000 ევრო, რომელიც არსად ფიქსირდება და როგორც ადვოკატები ვარაუდობენ, სწორედ დათა ახალაიამ წაიღო?
- რამდენი ამოიღეს, ამას, ამ წუთას, გვერდს ავუვლი, თუმცა რამდენიმე მილიონი ნამდვილად იყო. ყველას ახსოვს, რომ სააკაშვილმა მაშინვე განაცხადა, ამ ფულით პირველკლასელებს კომპიუტერებს ვუყიდიო. თუმცა გვაქვს ყველა საბუთი და ამონაწერი, რომ ეს თანხა არსად ფიქსირდება.
ოფიციალური დოკუმენტებით, ეს თანხა 1 700 000 იყო, თუმცა აქედან მხოლოდ 100 000 შეიტანეს ბიუჯეტში, დანარჩენი კი ჰაერშია ,,მოტეხილი''. ამას მარტო დათა ახალაია ვერ გაბედავდა. რამდენადაც ვიცი, ეს ახალაია-მერაბიშვილი-სააკაშვილის ნახელავია. მაქვს კითხვა პროკურატურასთან - რატომ არ იძიებს ამ საქმეს?! მართლა გული მწყდებოდა მანანაზეც და სხვა ადვოკატებზეც. მეგონა, შეეძლოთ, ჩემი საქმე სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგომამდე მიეყვანათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუ მანანამ ვინმეს რამე ესემესი გაუგზავნა, ამ საქმეზე რა ხდებაო, ეს მოქრთამვაა?
მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, საქმეს მეც მოვიკითხავდი, დავრეკავდი და გავარკვევდი, რა ხდება. თუ არ შეიძლება ასეთი საქმეების დაძვრა და რეკომენდაციების მიცემა, მაშინ უბრალო მოქალაქემ რა ქნას, ვინც არც მანანა კობახიძეს იცნობს და არც სხვა დეპუტატებს?! აქ მოქრთამვაზე არაა საუბარი.
- ,,კოკაინის საქმეზე'' ერთი დეტალიც მაინტერესებს - მასში ცნობილი ,,კანონიერი ქურდის'', შაქრო კალაშოვის სახელი ფიგურირებს, რომელიც გურჩიანთან რეკავდა და სთხოვდა, დაგხმარებოდათ. რატომ, იცნობთ კალაშოვს და მასთან რამე ურთიერთობა გაქვთ?
- მოგიყვებით, რა და როგორ იყო. ესპანეთში, ერთ სამტრედიისხელა ქალაქში, მარბელაში ვცხოვრობდი. როგორც მახსოვს, იმ პერიოდში, კალაშოვი დაჭერილი იყო, მერე გათავისუფლდა და ისიც ამ ქალაქში დასახლდა. იქ იაპონურ რესტორანში წილს ვფლობდი და მეწილეები რუსეთიდანაც გვყავდა. ამ რესტორანში, რამდენჯერმე, კალაშოვიც გამოჩნდა. ამ დროს, საქართველოში დაძაბული ვითარება მქონდა. რაღაც ბინძურ კადრებს მიდებდნენ, თითქოს, ანასტასიას ბავშვის მამა მე არ ვიყავი და მსგავს სიბინძურეებს ავრცელებდნენ. ჩემგან დამოუკიდებლად, ჩემთვის რამის თქმის გარეშე, კალაშოვმა მართლა დაურეკა გურჩიანს და უთხრა, ეს რა სიბინძურეებია და რა წესია, ადამიანებთან ამ მეთოდებით ბრძოლაო.
- ანუ ადასტურებთ, რომ კალაშოვმა გურჩიანს მართლა დაურეკა?
- მე ასე ვიცი. თუმცა ამ კაცს ფიზიკურად არც ვიცნობ. არც რუსეთში და არც ესპანეთში, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და ვერანაირად ვერ დამაკავშირებდნენ კალაშოვთან. ვერც მიმოწერას დამიდებდნენ, ვერც სატელეფონო ჩანაწერს, ადამიანს სახეზეც კი ვერ ვცნობ.
- თქვენს ე.წ. კრიმინალურ ბიოგრაფიაზე სხვა დეტალებიც ვრცელდება. მაგალითად, მოსკოვში ცხოვრებისას, ბიზნესმენ გეორგ ბრილიგნის შვილი გაგიტაცებიათ და გამოსასყიდის სახით, 50 მილიონი დოლარი მოგითხოვიათ. მერე ესპანეთში გაქცეულხართ და ცოტა ხანში საქართველოში დაბრუნებულხართ, სადაც უკანონო იარაღით დაგიჭირეს და რამდენიმე თვე ციხეშიც გაგიტარებიათ. ესეც პოლიტიკური ნიშნით შეკერილი საქმეები იყო?
- კი ბატონო, გეტყვით ყველაფერს. ბატონი ბრილინგის მამა ჩვენი ბიზნესპარტნიორი იყო. მოსკოვში ალკოჰოლური სასმელის ბიზნესი მქონდა და საქართველოდან რუსეთში სპირტი შედიოდა. მათთან რაღაც კონკრეტულ საკითხზე განხეთქილება მომივიდა, ამიტომ დავტოვე ეს ბიზნესი, წილიც გავყიდე, ბინაც მოსკოვში და წამოვედი. თუმცა როგორც ხდება ხოლმე რუსეთში, ისე მოხდა - ცნობილი სქემაა, აღგიძრავენ რამე საქმეს და სანაცვლოდ ბიზნესს დაგათმობინებენ.
- და შვილის გატაცება რა შუაშია?
- არ ვიცი, თუ ვინმემ ბრილინგის შვილი გაიტაცა, მე არ ვყოფილვარ. რაც შეეხება იარაღის თემას, იარაღი სოსო ალავიძემ ჩამიდო, 2000 წელს. ამას ასე პირდაპირ იმიტომ ვამბობ, რომ ჩხრეკა-ამოღებას, კანონით, ორი მოწმე უნდა დასწრებოდა. პროცესზე კი ერთი მოწმე არ გამოცხადდა, ხოლო მეორე - პოლიციელი აღმოჩნდა. მე ამ პროცესზე გავმართლდი და მერე მთელი პოლიცია დადიოდა ჩემთან იმის სათხოვნელად, ის კაცი, მეორე მოწმე, არ გაასამართლო და არ დააჭერინოო.
- სოსო ალავიძეს რაღა უნდოდა თქვენგან?
- რაში აწყობდა ეს ყველაფერი სოსო ალავიძეს?! ის და ჭუტა მაშინ სიგარეტის ქარხანა ,,სამგორს'' ფლობდნენ. მაშინ საქართველოს თურქმენეთის გაზის ვალი ჰქონდა. დღესაც იხდის საქართველო ამ ვალს. მოკლედ, ასეთი სქემა იყო - ჩაიტანდი რაღაც საქონელს თურქმენეთში, ისინი საქართველოს ვალის რაღაც ნაწილს, ვთქვათ, 2 მილიონს მოაჭრიდნენ, შენ კი საქართველოში, ბიუჯეტიდან 1 მილიონს გაძლევდნენ. ეს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი იყო, ჰოდა სწორედ ამ რუსული საქმის მოკერებით ჩამხსნა სქემიდან ალავიძემ, თუმცა ჭუტა ამასთან არაფერ შუაშია. სოსო ალავიძემ კი დიდი ფული გააკეთა.
- როგორც ამბობთ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მთელი დასტა გქონიათ და პირველის მერე, პოლიტპატიმართა მეორე სიასაც ელოდებოდით, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. რატომ ვერ მოხვდით ვერცერთ სიაში?
- როგორც კულუარულად მითხრეს, სიაში ჩემს შეყვანაზე უარი დავით უსუფაშვილმა თქვა. მე არავის ვადანაშაულებ. ადამიანურად, შეიძლება, მესმოდეს კიდეც ეს დამოკიდებულება. ყველაფერი მას მერე შეიცვლება, რაც დადგინდება, რომ ნარკოდანაშაულთან არავითარ კავშირში არ ვიყავი. მას მერე, რაც 20 წლის გავხდი, ჩემს დედ-მამას მოსკოვიდან ფულს ვუგზავნიდი, ოჯახიც მას მერე შევქმენი, რაც ფინანსურად ფეხზე დავდექი. ბატონი ბიძინასავით მილიარდები ვერ ვიშოვე, მაგრამ რამდენიმემილიონიანი ბრუნვა მქონდა და ნარკობიზნესის დაუფლება ნამდვილად არ მჭირდებოდა. როცა ამ სიბინძურეს ჩამოვირეცხავ, ალბათ, მერე მიხვდებიან, რომ ამ საქმეში გასვრილი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, დღეს ადამიანებს ნარკოტიკზე, ნარკოდანაშაულზე საუბარი ეჩოთირებათ და არც რეკომენდაციების გაცემა სურთ.
- მაგრამ, ამ სიაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ბევრი ადამიანი მოხვდა, მაგალითად, ნარკოტიკის შენახვისთვის უვადო პატიმრობამისჯილი დევრიშაძე, რომელიც გათავისუფლდა. რატომ ის და არა თქვენ?
- არ ვიცი. თუ ამ ამბავს მაინცდამაინც ფინანსური საზომით შევხედავთ, ისიც არ ვიცი, ფული მართლა ვინმესთან უნდა გადამეხადა თუ არა. რა ვიცი, ჩემთვის არავის უგრძნობინებია, ფული მინდაო. მეუბნებოდნენ, შენს საქმეს მიეხედება ერთ-ორ თვეშიო. მეტიც, ქუთაისელ პროკურორს აგზავნიდნენ საპატიმროში მყოფ ჩემს ნათესავებთან და ყველანაირ საპროცესო პირობაზე თანახმა იყვნენ, ოღონდ ჩემი ფულის უკან დაბრუნება არ მომეთხოვა და საქმე არ გამესაჩივრებინა. უკვე 2012 წელი იყო, ნაციონალები ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებიდან მიდიოდნენ და ჩემთვის უძრავი ქონების, მანქანების, რესტორნების, ვაკის სახლის დაბრუნებაზეც თანახმა იყვნენ, ოღონდ ის 1 700 000 ევრო უკან არ მომეთხოვა და დანაშაული ჩვენს თავზე აგვეღო. ამბობდნენ, საპროცესოს გაფორმების მეორე დღესვე ციხიდან გაგიშვებთო. ამას მანანა კობახიძე და ლალი აფციაურიც დაგიდასტურებენ. მათ მითხრეს, მაგ საპროცესოს ხელს არ მოვაწერთ, ისეთი გაყალბებული საქმეაო. მეუბნებოდნენ, ახლა ძველი ხელისუფლება წავა, ახალი მოდის და 2-3 თვე რა გაგიჭირდათ ციხეში ჯდომა, ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლებაო. მითხრეს, შეგიძლია, 1000-ლარიანი ადვოკატი აიყვანო და იმან მოაწეროს ხელი ამ საპროცესოზე, ჩვენ გვრცხვენია, ასეთი სწორად წარმართული საქმის საპროცესო გარიგებით დასრულებაო. დავთანხმდი და ჩემი ნათესავებიც დავარწმუნე, რომ ასე სჯობდა.
- და დღეს ნანობთ, რომ 2012-ში იმ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდით?
- როგორ არა, დღეს უკვე ვნანობ, რომ ამაზე წავედი. იმიტომ კი არა, რომ მე მიჭირს რამე, ჩემი ნათესავები მეცოდებიან, რადგან ისევ ციხეში არიან. ჩემი შვილის დედა, ბიძაშვილები 6 წელია იმ ციხეებში იხრჩობიან, ფიზიკურად და მორალურად ნადგურდებიან.
- დღეს რა გამოსავალს ხედავთ, სავარაუდოდ, მათ შეწყალების შანსი აღარც აქვთ.
- ერთადერთი გამოსავალი ისაა, ეს საქმე პროკურატურამ ხელახლა განიხილოს. ამ ხალხს თავად აღარ უნდა საპროცესო, ამბობენ, დღესვე რომ გვითხრან, აღიარეთ დანაშაული და გაგიშვებთ, პრინციპულად უარს ვიტყვით, მოვკვდებით, მაგრამ ამას არ ვიზამთო. ამ სკანდალიდან გამომდინარე კი, გამოდის, მათ აღარც შეიწყალებენ, ამიტომ რჩება პროტესტის, შიმშილობის, თვითდაზიანების გზა. თუმცა ჩემს ახლობლებს მუდმივად ველაპარაკები და ვთხოვ, ეს არ გააკეთონ, საკუთარ თავს არაფერი ავნონ, მაგრამ დაიღალა ის ხალხი.