პარლამენტმა საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით 11 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა, თუმცა იგი ჯერ ძალაში არ შესულა. მას პრეზიდენტის ხელისმოწერა აკლია. ამ ეტაპზე უცნობია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, თუმცა, პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ვეტოს დაძლევენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების - „თანადგომა და სამართლიანობა“, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ და მოძრაობა „ხალხის ხმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრეზიდენტთან შეხვედრის თხოვნით ოფიციალური წერილით მიმართავს.
„მე მაინც მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კეთლგონიერია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და არავითარ შემთხვევაში ვეტოს არ დაადებს ამ კანონს. ეს არის ცივილური კანონი, რომელიც მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში მოქმედებს“, - ამბობს „თანადგომა და სამართლიანობა“-ს ხელმძღვანელი ნანა ქადაგიშვილი.
პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადებას არ ელოდებიან საპარლამენტო უმრავლესობასა და არც უმცირესობაში. პარლამენტში ერთხმად აცხადებენ, რომ საპოლიციო ინსტიტუტის მექანიზმის გაუქმება აუცილებელი იყო.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანების ბედით ძალიან შეწუხებულია პრეზიდენტი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ ერთად იმისთვის, რომ მომავალში, ასეთი ტიპის პრობლემები აღარ იყოს ქვეყანაში“, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ აბაშიძე.
იგივე პოზიციაზეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც: „არ ველოდები ვეტოს დადებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიდგომაა - დანაშაული პოლიციამ, ხოლო გარიგების დარღვევა სასამართლომ გაარჩიოს. ეს სწორი მიდგომაა. ხალხიც ამ პოზიციაზეა“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
სულ სხვაგვარად ფიქრობენ ბანკების წარმომადგენლები, რომელთაც ახალი კანონი სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. თუმცა ბანკების ასოციაციაში პირიქით ამბობენ, რომ საბანკო სექტორი არ არის აგრესიული კრედიტორების მიმართ. მაშინ რატომ ეწინააღმდეგებიან ბანკები ამ კანონს ასე თავგამოდებით?
„თქვენ რომ ნახოთ პროცენტული მაჩვენებლები, თუ რამდენი ოჯახი ჰყავთ ბანკებს გამოსახლებული, ეს უმნიშვნელო ციფრია. უფრო მეტსაც გეტყვით - მე არ მესმის, რას ნიშნავს ტერმინი „იპოთეკით დაზარალებული“. როგორ არიან დაზარალებულები, როცა ფული წაიღეს და ბანკს არ უბრუნებენ? - დაზარალებული პირიქით, აქეთა მხარეა. დავუშვათ, 100-ათასიანი სახლი აქვს ჩადებული და 20 ათასი აქვს გადასახდელი, იპოთეკარმა რომ მოინდომოს, გაყიდის ამ სახლს, ბინასაც იყიდის და სესხსაც გაისტუმრებს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ახლა კი რა მოხდება? - თუ პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ძალაში შევა, იპოთეკარებს უფრო მეტი ფული დაეხარჯებათ სასამართლო ხარჯებში და ადვოკატის მომსახურებაში. ყველა ის ხარჯი, რომელიც სასამართლო პროცესს მოჰყვება, მათი გასასტუმრებელი იქნება, ბოლოს კი, პროცესი აუცილებლად დამთავრდება მათი წაგებით.
ამ ხალხს იმედი აქვს, რომ ვიღაც ციდან ჩამოუგდებს ფულს, ამიტომ თავის ქონებას არ ყიდის. ათასგვარ მიზეზს ასახელებენ: „ბაბუაჩემის აშენებულია და არ მინდა დავკარგო“, „ბებიაჩემმა დამიტოვა მემკვიდრეობით“, „ამ სახლში გავიზარდე და გაყიდვა არ მინდა“...
ვეტოს არ ველოდებით და მაინც უნდა ვიჩივლოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ვეტოს შემთხვევაშიც არის საშიშროება, პარლამენტმა გაიმარჯვოს და ეს ვეტო დაძლიოს. ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს ხელი და ეს კანონპროექტი საბოლოოდ კანონი გახდეს. ე.წ. დაზარალებულ იპოთეკარებს კი, ტყუილად უხარიათ, რომ სახლებს ვერ გაუყიდიან“, - აცხადებს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.