საქართველოში სამსახურიდან ამა თუ იმ ადამიანის დათხოვნა ისედაც გამარტივებულია - დამქირავებელს დაქირავებულის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. ახლა, მორიგი “გამარტივება” საჯარო მოხელეებს უკავშირდება. საჭიროების შემთხვევაში, მათ ისე გაყრიან სამსახურიდან, რომ სასამართლოს მეშვეობითაც ვეღარ შეძლებენ ვერაფრის მიღწევას. იურისტები ეჭვობენ, რომ ასეთი ცვლილება კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში ვეღარც სამსახურში აღდგენას შეძლებს და ვეღარც იმ თანხის აღებას, რაც გაცდენის გამო უნდა მიეღო. ამ ნორმას უკუძალაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წესი მიმდინარე საქმეებზეც გავრცელდება.
დღესდღეობით, თუკი რომელიმე საჯარო მოხელე ჩათვლის, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს როგორც სამსახურში აღდგენა, ასევე - მთელი იმ პერიოდის ანაზღაურება, როცა უკანონოდ იყო გათავისუფლებული. თუკი სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, უწყება ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ახლა კი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცა. ამიერიდან, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს შეეძლება სასამართლოს მიმართოს, მაგრამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სამსახური არ იქნება ვალდებული, რომ იგი თავის სამუშაო ადგილას დააბრუნოს.
ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს გათავისუფლებული მოხელის მიერ სასამართლოში ჩივილს, გაუგებარია.
დღეს პირს შეუძლია, მთელი იმ დროის გაცდენის საფასური მოითხოვს, რაც გათავისუფლებული იყო და სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში მას ეს სრულად უნდა აუნაზღაურდეს. კანონპროექტის თანახმად კი, თუ სასამართლო ასეთ თხოვნას დააკმაყოფილებს, მხოლოდ 3 თვის ანაზღაურება მოხდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირი სამსახურში იქნება აღდგენილი. სხვა შემთხვევაში, განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ეს სამთვიანი ვადა 1 წლით იყო განსაზღვრული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა საოციაცია 1-წლიან ვადასაც აპროტესტებდა, რადგან მიაჩნიათ, რომ უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანს გაცდენილი დრო სრულად უნდა აუნაზღაურდეს.
პრობლემურია კანონპროექტის ის ჩანაწერიც, რომელიც ამ ცვლილებებს უკუქცევის ძალას ანიჭებს. “ეს საკითხი იქნება ძალიან მტკივნეული, რადგან ბევრ ადამიანს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი და აღმოჩნდება, რომ ისინი სულ სხვა შედეგს მიიღებენ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს სამი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფორმით დატოვებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით”, - აცხადებს სოფო ვერძეული.
ამასთან, ახალგაზრდა იურისტები არ გამორიცხავენ, რომ სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეებისთვის ანაზღაურების შემცირების პროექტი კონკრეტულ საქმეებს უკავშირდებოდეს. “კანონისთვის უკუქმედების ძალის მიცემა გვაფიქრებინებს, რომ ახალი გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება”, - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.