როგორ შედგა პოლიტპატიმრების სია და ვინ ირიდებს პასუხისმგებლობას ,,ოცნებიდან'' - 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმი და 3 დეკემბრის სკანდალური დადგენილება
,,პოლიტპატიმრების სკანდალი'' ამოუწურავი აღმოჩნდა. ვინაიდან ძველი სახეები, ასევე, ფაქტები რატომღაც ახლებურად გაჟღერდა, მაშინ ქრონოლოგიას მივყვეთ და ყველაფერი გავიხსენოთ. ერთი შეხედვით, უცნაურია, როგორ მიება სამართლებრივად სრულიად სხვა ღონისძიება - შეწყალება პოლიტპატიმრების სიას, რაც პარლამენტის ერთჯერადი აქტი იყო და 2012 წლის დეკემბერში შესაბამისი დადგენილების პროექტიც გამოიცა. როგორც გაუთავებელი დებატებიდან იკვეთება, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ვინც პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა ან ვერ მოვახვედრეთ, შეწყალების კომისიაში გავუშვათო. ორივე სიაში მოხვედრა კი ფასიანი იყო, - სულ ესაა მთელი ამ სკანდალის ლაიტმოტივი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ,,ოცნების'' ორ დეპუტატს ედავება, სიები თქვენ გაყიდეთ, ჩანს, არავის ახსოვს არც ის სხდომა და არც მისი ოქმი, რომელიც ,,ვერსიამ'' ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში მოიპოვა.
უფლებათდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, მათ შორის ნაციონალებიც და მათთან დაკავშირებული ცალკეული ,,ენჯეოშნიკებიც'', სიების გარშემო გამართულ ყველა თუ არა, გადამწყვეტ თათბირებსა და გარჩევებს მაინც ესწრებოდნენ და ნაციონალებს ისიც პირდაპირ აქვთ ნათქვამი, ,,ოცნებას'' ბევრი პირის სიიდან ამოღება გადავაფიქრებინეთო, თუმცა ამოღებაზე კი არა, დღეს იმაზეც არაა საუბარი აქტუალური, ვინ რამდენი კაცი ჩასვა, ჩატენა თუ გააპარა სიაში. ჩვენ კი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განხილულ იმ ოქმს გთავაზობთ, რომელსაც სხვადასხვა საქმისა და პარტიის მიხედვით ჩამოწიკწიკებული სია ახლავს.
ვისი კაცი ვის სიაშია
2012 წლის 3 დეკემბრის დადგენილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მთელი შემადგენლობის მიერაა მიღებული. ოქმში, რომელიც ,,ვერსიამ'' ქუთაისში, ამ დახურული სხდომის დამთავრების შემდეგ, საკანონმდებლო მაცნეში ოფიციალურად გამოქვეყნებამდე მოიპოვა, როგორც კომიტეტზე სამუშაო დოკუმენტი, კონკრეტულ პარტიებს კონკრეტული პოლიტპატიმრების რაოდენობა აქვს მიწერილი, გვარების თანხლებით, თუმცა როცა ეს სია საიტზე აიტვირთა და კომიტეტსგარეთ დეპუტატებს ჩამოურიგდა, მასში შეყვანილი პოლიტპატიმრები პარტია-პარტია აღარ იყვნენ დაყოფილნი. არ შეცვლილა რაოდენობა, მაგრამ შეიცვალა ფორმა, ამიტომ დღეს ცოტასთვის თუა ცნობილი, რომ მაგალითად, კახა კუკავას პარტიას, ამ დოკუმენტის მიხედვით, 40-მდე პოლიტპატიმარი ერიცხება, ნაციონალების მიერ არჩევნებამდე ნათრევ-დაყადაღებულ ,,ოცნებას'' კი სულ - 5. ,,ვერსია'' ამ პარტიებისა და პატიმრების რაოდენობის ჩამონათვალს გთავაზობთ: სიას ,,26 მაისის საქმე'' ხსნის და მასში 47 პოლიტპატიმარია შეყვანილი. მათ შორისაა გია სალუქვაძე, რომელიც დღეს უკვე ,,ოცნებელი'' და გურიის გუბერნატორია. ისე, ამ სიაში მყოფ რამდენიმე ადამიანზე გივი თარგამაძე მაშინვე აყვირდა და განაცხადა, ესენი არც ბურჯანაძესთან ყოფილან და არც 26 მაისის აქციაზეო. მათგან ერთი მკვლელობაშიც კი იყო ბრალდებული, თუმცა რაკი ერი შეთანხმდა, რომ რასაც ნაციონალები ამბობენ, ყველაფერი, აპრიორი, ტყუილია, მაშინ თავი ამით დავიმშვიდოთ და სია გავაგრძელოთ, სადაც 26 მაისის საქმეს ამავე მოვლენებთან დაკავშირებული ,,ყინწვისის შეთქმულება'' მოსდევს, რაც, რეალურად, ნინო ბურჯანაძის სიის გაგრძელებაა და მასში 24 ადამიანია პოლიტპატიმრად შეყვანილი. ,,გრეჩიხების'', ძმები გაჩეჩილაძეების მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს'' წილი პოლიტპატიმრების სიაში მეტად მოკრძალებულია და 4 კაცით შემოიფარგლება. ,,მუხროვანის ამბოხის'' საქმეზე სიაში 20 ადამიანია. პარტია ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის'', რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა დააარსა და მერე გია თორთლაძემ გადაიბარა, სიაში 7 ადამიანითაა წარმოდგენილი. კიდევ ერთი მასშტაბური სპეცოპერაცია ,,ენვერის'' ანუ ჯაშუშების სპეცოპერაციის საქმეზე პოლიტპატიმრად მიჩნეულთა ნაწილი 11-კაციანია. მათ შორისაა ჯაშუში, ,,გრუ''-ს ქსელის კოორდინატორი იური შკრილნიკოვი, ასევე რუსეთის მოქალაქე არმენ გევორქიანი, რომელიც ,,გრუ''-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. რუბენ შიკოიანი, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც გაჰქონდა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტების შესახებ და ა.შ. ისინი ნაციონალებმა ნამდვილად მასშტაბური სპეცოპერაციით დაიჭირეს, მაგრამ რაკი შევთანხმდით, რომ რასაც ნაციონალები ამბობენ, ტყუილია, შესაბამისად, ,,ოცნებამ'' ყველა ჯაშუშიც პოლიტპატიმრად მიიჩნია და ციხის კარი გაუღო. პოლიტპატიმრების სიას ოქრუაშვილისა და ,,გრეჩიხების'' ტანდემი აგრძელებს და ,,ქართულ პარტიას'', ამ დოკუმენტით, 10 პოლიტპატიმარი ჰყავს. საინტერესოა, რომ 2011-2012 წლების ბატალიების ავანგარდში მყოფ ,,ქართულ ოცნებას'' მხოლოდ 5 პოლიტპატიმარი ჰყავს. ,,სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას'' - 8. ეს მალხაზ გულაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობაა, რომელმაც ,,კავკასიაში'' შეჭრა და ცემა-ტყეპის გაჩაღება გადაწყვიტა. ასე იქცნენ ,,რუსეთუმე'' ბიჭები - შოთა აფხაიძე, გიორგი გაბედავა და სხვები პოლიტპატიმრებად.
სიას აგრძელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ფრონტი'', რომლის წევრები მუდმივი აქტიურობითა და უზრდელობით გამოირჩეოდნენ და 6-კაციან ჩამონათვალს გვთავაზობს. მათ შორისაა სულ მცირე, ათჯერ დაჭერილი მელორ ვაჩნაძე. ლევან გაჩეჩილაძისდროინდელი ,,გაერთიანებული ოპოზიციიდან'' პოლიტპატიმრად მხოლოდ 3 ადამიანია მიჩნეული, ,,ეროვნული ფორუმიდან'' - 3, ზვიად ძიძიგურის ,,კონსერვატორებიდან'' - 3, ირაკლი ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატებიდან'' - 2.
აი, კახა კუკავას ,,თავისუფალ საქართველოს'' კი, ალბათ, იმდენი წევრიც არ ჰყავს, რამდენიც პოლიტპატიმარი - სიაში 37 კაცი ირიცხება, რაც ოდიოზურია. მათ შორის არიან: 2 კგ ჰეროინის შემოტანისთვის უვადო პატიმრობამისჯილი ფრიდონ დევრიშიძე, რომელსაც, როგორც ამბობენ, სიაში მოსახვედრად რეკომენდაცია ფატი ხალვაშმა გაუწია, ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაპატიმრებული ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა, ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე, ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობტერმინალების მფლობელი, „მაგნატის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე. კონტროლის პალატის ექსთავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი; მწერალი მერაბ რატიშვილი, რომელიც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის დააკავეს და სიაში სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად მოხვედრას ბოლომდე აპროტესტებდა. მკვლელობის მცდელობის გამო დაპატიმრებული ზურაბ შალიკიანი, რაზეც ამ დღეებში სკანდალი ატყდა; კაზაკების გენერლად მიჩნეული ტრისტან წითელაშვილი; ბესო ხვინთელიანი, რომლის გვარსაც აჟიოტაჟი მხოლოდ ახლა მოჰყვა და როგორც ამბობენ, ბესელია-კობახიძეს მისგან დიდძალი თანხა აქვთ აღებული. კუკავას სიაშია ცნობილი „ჯაშუშების“ საქმიდან ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი ჩაპლიგინი და სხვები. მოკლედ, ეს პოლიტპატიმრების სია ,,ოცნების'' ორი ქალის ,,ჟურნალიდან'' კი არა, საერთო ოპოზიციური ,,კინოდანაა'', თუმცა ჩვენი დაინტერესება იმან უფრო გამოიწვია, რა აქვს ამ ხალხს საერთო კახა კუკავასთან და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ,,თავისუფალი საქართველოს'' სიაში.
,,ვერსიამ'' ეს კითხვები კახა კუკავას დაუსვა, რომელმაც მოულოდნელი განმარტება შემოგვთავაზა: ,,რეალურად, რაც ხდება, რამდენიმე დამოუკიდებელი პროცესია: შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა. ამნისტიით გამოდის ადამიანი, როცა კონკრეტულ მუხლს ეხება ცვლილება. პოლიტაპტიმრების სია კი იყო დადგენილება, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემების გაერთიანება, უბრალოდ, სპეკულანტობაა და ამას ახლა ნაციონალებთან დაკავშირებული სხვადასხვა პირი და ორგანიზაცია აკეთებს. ერთი ამბავი ბოჭორიშვილზე ატყდა, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტპატიმრების სიაში, რადგან მისი იქ ჩაწერა საკუთარ გუნდს, რესპუბლიკელებსაც კი ეუხერხულა, ამიტომ გადაწყდა, ეს საქმე უფრო კულუარულად გაკეთებულიყო. კიდევ ერთი განსხვავება შეწყალებასა და პოლიტპატიმრების სიას შორის ისიცაა, რომ სია ყველა ეტაპზე საჯაროა, შეწყალებულთა გვარები კი მხოლოდ პოსტფაქტუმ საჯაროვდება და როგორც წესი, არავის აინტერესებს. შესაბამისად, ამიტომ გადაწყვიტა მანანა კობახიძემ თავისი კლიენტის, ნუგზარ ბოჭორიშვილის ამ გზით გამართლება, რადგან საქმე ასე უფრო ჩუმად და უხმაუროდ მოხერხდებოდა, თანაც ისე, რომ შემდეგ მისი პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის გადაბრალებაც შეძლებოდა. რაც შეეხება თავისუფალი საქართველოს სახელით გასულ სიას: ჩემი პარტიის წევრი ამ სიაში სულ ორი ადამიანია - კახა ხაინდრავა და გიორგი ახალკაცი. პარლამენტიდან დაგვირეკეს და გვთხოვეს, გადაგვეგზავნა სია. ასეც მოვიქეცით და შეგიძლიათ ნახოთ, ვის ვაძლევთ რეკომენდაციას და ვის - არა. დანარჩენები კი მას მერე ჩაემატა, რაც ეს სია პარლამენტს გადაეგზავნა. ჩვენს ვარიანტში ცვლილებები შევიდა, ვიღაცები მოაკლდა და ისე მოხდა, რომ დანარჩენები თვითონ მოგვაწერეს. მაგალითად, ვახტანგ მაისაია, რომელიც არც წევრი ყოფილა და არც მხარდამჭერი. თავისუფალ საქართველოსთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ ადგნენ და თავისუფალი საქართველო მიაწერეს. იგივე მოხდა ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის შემთხვევაშიც. ეს ხალხი ჩვენ არ გვიკავშირდება და ვინმე ვერც იმას იტყვის, რომ დემეტრაძემ ჩემს სიაში მოსახვედრად ფული გადაიხადა''.
,,ვერსიის'' კითხვას, აქამდე რატომ არ გააპროტესტა ამ ხალხის მიწებება ან რატომ მიაწერა კომიტეტმა ეს ხალხი მაინცდამაინც კუკავას და არა, მაგალითად, ,,ქართულ ოცნებას'', კახა კუკავა ასე პასუხობს: ,,პარლამენტის განხილვებს საერთოდ არ ვესწრებოდი, ეს სია არც მინახავს. ეს ჩვენი ვარიანტი არ არის, სია სამუშაო ჯგუფში დაიწერა და მას ჰკითხეთ. ისე, ლოგიკური იქნებოდა, ჩემთვისაც დაეძახათ, რადგან რაც პოლიტპატიმრებზე მაქვს ნამუშევარი, იმდენი სხვებს ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ მაშინ კუკავა მოდაში არ იყო და ჩემი დაძახება საჭიროდ არ ჩათვალეს. სამაგიეროდ, ზაქარია ქუცნაშვილისა და კიდევ ვიღაცების ლობირებით, სიაში ხალხი ჩაამატეს, თუმცა ისევ ვერ ვიტყვი, რომ ამ სიაში ყველა ფინანსური ინტერესის გამო ჩაამატეს. თავად ჰკითხეთ ამ ხალხს, რატომ არ მიაწერა ეს გვარები ,,ოცნებას'' და მიაწერა ჩემს პარტიას''.
როგორც კუკავამ განაცხადა, ამის შესახებ განცხადება 17 დეკემბერს, პარტიის საიტზეც ატვირთეს და საზოგადოებისთვის განმარტება გააკეთეს. განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ 190-კაციან სიაში შედიოდნენ 2007-2012 წლებში დაპატიმრებული პირები სხვადასხვა პარტიიდან, სიის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, პროექტი მოამზადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და არასამთავრობოებისა და პარტიების მიერ პარლამენტში გაგზავნილ სიას შემდეგი ადამიანები დაემატნენ: ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ხუცურაული ვაჟა, მუმლაძე რევაზ, ნეფარიძე ზურა, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი, ლეონიძე ჯემალ, მურმანიშვილი ტარიელ, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიად, ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავით, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი, გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია, ბაჩიაშვილი დავით.
ასევე, ძებნილი პირები: გოგუა გურამ, გიგაშვილი თემურ, რაისიანი მელიქ, ვეტრიაკოვი გოჩა, ბეგიაშვილი დავით, ქარქუსოვი იანიკ, ქარქუსოვი ჯემალ, ხალვაში ტარიელ, ბაბლიძე მალხაზ, რამიშვილი ილია, შენგელია თეიმურაზ, ბარამიძე გრიგოლ.
იმ ოქმის მიხედვით, რომელსაც ,,ვერსია'' აქვეყნებს, გიორგი დემეტრაძე, ჯემალ ლეონიძე, ტარიელ მურმანაშვილი, დავით ალიმბარაშვილი, მამუკა ფარეშიშვილი, ზვიად შინჯიკაშვილი, ივანე ყველაშვილი, პაატა სვანიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი, გივი ექვთიმიშვილი, შალვა გველესიანი, ილია დალაქიშვილი, დავით ბაჩიაშვილი და ვახტანგ მაისაია სწორედ კახა კუკავას თავისუფალი საქართველოდან წარდგენილი პოლიტპატიმრები არიან.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტპატიმრების სიის შედგენა-დამტკიცებაზე
2012 წლის 3 დეკემბრის დადგენილების პროექტი ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა'' შესახებ ის საბოლოო დოკუმენტია, რომლის მერეც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა ჩამონათვალი არ შეცვლილა. სხვათა შორის, დადგენილების პროექტის ავტორი მანანა კობახიძე არაა, ის არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია. გაგიკვირდებათ და, ამ დადგენილების ავტორი არც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და არც მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე არიან - დადგენილება მთელ კომიტეტს ეკუთვნის, რომლის შემადგენლობაც ასეთია: მოადგილე, ნაციონალი ჩიორა თაქთაქიშვილი, მოადგილე რუსლან პოღოსიანი; წევრები უმრავლესობიდან: მერაბ კაჭახიძე, (კონსერვატორი), პაატა კიკნაველიძე, თეიმურაზ ნერგაძე, ზაზა პაპუაშვილი, ოთარ ჩრდილელი, ფატი ხალვაში და აწუკვე ოპოზიციონერი შალვა შავგულიძე, რომელიც მაშინ კოალიციის წევრი იყო; ასევე კომიტეტის ერთ-ერთი აქტიური სახე აწ გარდაცვლილი თამაზ ავდალიანი გახლდათ და იმედია, მავანი ამ სიებთან არსებულ ყველა კითხვისნიშანს მასთან არ გადაამისამართებს. ნაციონალებიდან ამ კომიტეტის წევრები იყვნენ ახლა უკვე ,,გირჩი'' ექსნაციონალი გოგა ხაჩიძე, ომარ მეგრელიძე, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და იაშა შერვაშიძე. ჩნდება კითხვა: რატომ ტრიალებს სკანდალი მხოლოდ სამი ადამიანის გარშემო, რომლიდანაც ერთ-ერთი, კობახიძე, ყველაფერ ამის შემოქმედი კომიტეტის წევრიც კი არ არის?
ნაციონალების პოზა და პოზიცია გასაგებია, მაგრამ სად არიან დანარჩენები ,,ოცნებიდან'', რომელთა გვარებს, მათი აქტიურობა სულ რომ არ გვახსოვდეს, ეს ოქმი ამხელს?! გამოდის, ან ისინიც ფულს იღებდნენ და დუმდნენ, ან იმდენად ნომინალურნი და არადჩასაგდებნი იყვნენ, რომ მთელმა აღებ-მიცემობამ მათ გარეშე ჩაიარა. 3 დეკემბრის დადგენილებაში 30 ნოემბრის სხდომის იმ #8 საკრალურ ოქმზეცაა ჩანაწერი, რომელმაც პოლიტპატიმრების ბედი გადაწყვიტა და 8 ხმით გავიდა ნულის წინააღმდეგ. ოქმის მიხედვით, სხდომაზე კომიტეტმა დაამტკიცა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა 184-კაციანი და დევნილ პირთა 25-კაციანი სია. სხვა უამრავი შემოსული საქმე გადაიდო, რადგან ზოგს შესაბამისი მასალები აკლდა, ზოგიერთი ხარვეზიანი იყო და ა.შ. ამიტომ სხდომაზე დადგა საკითხი, სამუშაო პროცესი ორ ეტაპად დაყოფილიყო. სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის, მომხსენებლები და სიტყვით გამომსვლელები იყვნენ როგორც ცალკეული დეპუტატები, ისე იურისტები და უფლებათდამცველები. დღეს ეს ადამიანები არ ჩანან, ჩვენ კი საზოგადოებას სიების შედგენაში მათ აქტიურ მონაწილეობას შევახსენებთ: მერაბ ტურავა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან ჩიტაძე, უფლებათდამცველი, ნინო გვენეტაძე, რომელიც დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა. მაშინ მოსაზრებების გამოთქვამდნენ და ,,ოცნებიდან'' საკმაოდ აქტიურობდნენ მერაბ კაჭახიძე, ოთარ ჩრდილელი, ფატი ხალვაში. ამ ოქმში ისინი გამომსვლელებადაც არიან მოხსენიებულნი, ამიტომ დავინტერესდით, სად არიან და რატომ არ საუბრობენ დღეს ამ თემაზე და საერთოდ, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას არამხოლოდ კონკრეტულ სიაზე, არამედ მთელ იმ პროცესზე, რომელიც პარლამენტმა დაიწყო? ,,ვერსია'' ყველა იმ დეპუტატს დაუკავშირდა, ვინც მაშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი იყო, თუმცა ზოგმა საერთოდ არ გვიპასუხა, ზოგმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ერთი დეპუტატი გამოგვეხმაურა, ისიც ,,კონსერვატორების'' ფრაქციიდან.
მერაბ კაჭახიძე: ,,მაშინაც ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ეს სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო, რადგან მართლაც ბევრი უკანონოდ დასჯილი გამოვიდა საპატიმროდან. პოლიტპატიმრის სტატუსი არ მქონია, თორემ მეც ანალოგიური ბედის ქვეშ მოვექცეოდი, რომ არა არჩევნები - დაკავებული ვიყავი და ჩემი გასამართლება წუთი წუთზე დაიწყებოდა, 1 ოქტომბრის არჩევნებში ,,ოცნებას'' რომ არ გაემარჯვა. არ ვიცი, ახლა ბრალდებების ავანგარდში მხოლოდ 3 ადამიანი რატომაა. ეს მეორე მხარეს უნდა ვკითხოთ, ვინც მათ გვარებს აჟღერებს. დიახ, ვიღებ პასუხისმგებლობას იმ აქტზე, სადაც ჩემი ხელმოწერაცა და ხმის მიცემაც დაფიქსირებულია - ამ სიას ხმა მივეცი და მხარი დავუჭირე. ალბათ, მანანა კობახიძის, ეკა ბესელიასა და გედი ფოფხაძის გვარები მათი სტატუსებიდან გამომდინარე ტრიალებს. ზოგიერთებს სურათის დასამძიმებლად სწორედ ეს გვარები სჭირდება. რაც შეეხება კახა კუკავას განცხადებას, მახსოვს, როცა ამ სიის კეთება დაიწყო, 2007-2008 წლები იყო. მაშინ მე და ბატონი კუკავა ერთ პარტიაში, ,,კონსერვატორებში'' ვიყავით და ზოგჯერ ეს სია 53, ზოგჯერ 33 და ზოგჯერ 27-კაციანი იყო, თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჩვენი პოლიტიკური თანაცხოვრების განმავლობაში, ეს რიცხვი 27-ზე ქვემოთ არასოდეს ჩამოსულა. ამიტომ არ ვიცი, ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებს''.
კულუარული ინფორმაციით, ,,ოცნება'' ამ სკანდალის გარშემო საერთო პოზიციაზე ჯერ არ შეთანხმებულა, შესაბამისად, არ იციან, ვინ რა უნდა თქვას, მაგრამ კოლეგიალობას სხდომა და შეთანხმება არ სჭირდება. კარგი იქნებოდა, ,,ოცნებას'' ნაციონალებისგან მხოლოდ ცუდი ტრადიციები არ გაეგრძელებინა და ერთი კარგი მაგალითიც აეღო - გუნდურობის პრინციპი. ამ სკანდალის გარშემო არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, არც უმრავლესობას და არც პარლამენტს ერთიანი, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. არადა, არავინ იცის, ვინ შეიძლება იქცეს ახალი სახელისუფლო გუნდის მოსვლის შემთხვევაში პოლიტპატიმრად.