მერაბ კოსტავას უცნობი წერილი - ,,მოსახლეობის მიგრაციის შესახებ''

მერაბ კოსტავას უცნობი წერილი - ,,მოსახლეობის მიგრაციის შესახებ''

საქართველოს ეროვნული გმირის მოსაზრება სიდუხჭირის დასაძლევად

,,ვერსიამ'' მერაბ კოსტავას აქამდე გამოუქვეყნებელი წერილი მოიპოვა. წერილი, რომელიც ფართო მასისთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელი იყო და რომელიც საქართველოს მთიანი მოსახლეობის მიგრაციის პრობლემებს ეხება, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ანგარსკის ციხეში პატიმრობისას დაწერა. ადრესატი დედა, ოლღა დემურია-კოსტავაა. რუსეთში პატიმრობისას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კოსტავა ხშირად წერდა და თითქმის ყველა წერილში, მოსახლეობის სხვადასხვა პრობლემას განიხილავდა. 
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას განმარტავს: ,,წერილი დათარიღებულია 1983 წლის 12 დეკემბრით. გადასახლებაში ყოფნისას, მერაბ კოსტავამ მთის პრობლემების შესახებ ჯერ წერილში მოიწერა, შემდეგ კი მას პუბლიკაციის სახე მისცა. წერილი თავდაპირველად რუსულ ენაზე დაიწერა - მაშინ ასე ხდებოდა, ნაწერს ცენზურა რომ გაევლო, რუსულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, რადგან ქართულს ვერ შეამოწმებდნენ. წერილში საუბარია, რომ მთის მოსახლეობა, მთაში გაუსაძლისი პირობების გამო, იძულებული გახდა, ბარში ჩასულიყო. წერილის მიზანია, აჩვენოს, რა პოლიტიკას ატარებდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება. კოსტავა მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. წერილში იმაზეცაა საუბარი, რა უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა და რა უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტი, რომ ერმა სიდუხჭირისგან ამოისუნთქოს''. 
და რადგან, მთის მოსახლეობა დღესაც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას და სიდუხჭირეც, განსაკუთრებით რეგიონებში, დღემდე ვერ დაგვიძლევია, ვფიქრობთ, ეროვნული გმირის მოსაზრებები და აქამდე უცნობი წერილი, მკითხველისთვის ორმაგად საინტერესო იქნება.
მოსახლეობის მიგრაციის შესახებ 
სულიერი სიჯანსაღე ერისა, მსოფლიო კულტურისა და საკუთარი თავისადმი სწორი დამოკიდებულებით რომ მიიღწევა, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და ფიზიკური ძლიერების საწინდარიცაა, იმგვარი ძლიერებისა, აგრესორობასა და ძალმომრეობას რომ გამორიცხავს, თორემ სად ძალმომრეობა და სად ჯანსაღი სული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ერის კეთილდღეობა და სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძალუძს მას წონასწორობის დამყარება სულიერსა და ბუნებისმიერ საწყისებს, გონებრივსა და ფიზიკურ ცხოვრებას შორის. იმისთვის, რომ მაღალ სულიერ დონემდე აღზევებული ეროვნება არ დაბერდეს, არ დაძაბუნდეს და ჭაბუკურ ენერგიას ინარჩუნებდეს, საჭირო რაოდენობა მოსახლეობისა ნიადაგ უნდა იდგეს მისი გაახალგაზრდავებისა და განახლების სათავეებთან, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებშიც არ წყვეტდეს კონტაქტს ბუნებასთან, მიწასთან და აღნიშნული ფუნქციის დაურღვევლად, პერიოდულად ანახლებდეს ინტელექტუალური ცხოვრების სფეროს. სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას შორის წონასწორობის მკვეთრ დარღვევას მრავალი ერი და ცივილიზაცია დაუქვეითებია ან სულ დაუღუპავს. კულტურამ და ურბანიზაციამ არ უნდა დაამუხრუჭოს ათვისება და რეალიზაცია საკუთარი ქვეყნის ძნელადასათვისებელი რაიონებისა, არ უნდა გამოიწვიოს უკვე ათვისებულის დაკარგვა. საცხოვრებლად მძიმე და პირქუშ გარემოში სიცოცხლის შეტანა, უვარგისი ადგილების სავარგულად ქცევა განუზომლად აძლიერებს ნებისმიერი ერის სასიცოცხლო ძალებს. 
საუბედუროდ, ამ თვალსაზრისით, გარკვეულ უკუქმედებას ჰქონდა ადგილი ჩვენში ამ საუკუნის მეორე ნახევარში.თითქმის მთლიანად დაიცალა მრავალი სოფელი საქართველოს მაღალმთიან რაიონებში. ადგილი ჰქონდა მთის მოსახლეობის მასიურ გადასახლებასა და მიგრაციას ბარში. საქართველოს იმჟამინდელი მთავრობა ამ ღონისძიებას ეკონომიკური მიზეზებით, კერძოდ, მთის მოსახლეობის არაპროდუქტიულობით ამართლებდა, რომელიც თითქოს მეტს იღებდა სახელმწიფოსგან, ვიდრე უბრუნებდა და ბარში მათ გადასახლებას სახელმწიფოს ეკონომიკისათვის და თვით მთიელებისთვისაც სასარგებლოდ მიიჩნევდა, რადგან ამაში ხედავდა გარკვეულ საყოფაცხოვრებო და სწავლა-განათლების საქმეში მათი ჩამორჩენისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობას. ამჟამად თვალსაჩინო გახდა ოდესღაც დაშვებული შეცდომა და კიდეც შეუდგნენ მთის ნასოფლართა აღდგენასა და ხელახალ დასახლებას. თანდათან რწმუნდებიან, სახელმწიფოს დემოგრაფიული პოლიტიკა ნიადაგ უნდა ეყრდნობოდეს ღრმა სულიერ და არა წმინდა ეკონომიკურ საფუძველს, ვინაიდან მყარი და სტაბილური ეკონომიკა მხოლოდ სულიერ წიაღსვლათა გზით მიიღწევა. სულიერ საფუძველზე აღმოცენებული ერთადერთი მართებული დემოგრაფიული პოლიტიკა, ესაა სვლა არა ძნელიდან იოლისა და ხელსაყრელისაკენ, არამედ, პირიქით, ხელსაყრელიდან ძნელისაკენ, ამ ძნელის ხელსაყრელად ქცევისათვის. ესაა გარდამქმნელი, ფაუსტური პოლიტიკა, მორალის სფეროში სიქველეთა შორის უმაღლესს, ბოროტების სიქველედ გარდაქმნას რომ შეესატყვისება. ოდესღაც, ზნეობის სფეროში, ბოროტებისთვის თავის არიდება და იზოლირება თუ ითვლებოდა სიკეთედ, დღეს, ფაუსტურ ხანაში, სიკეთის უმაღლესი ეტალონია აქტიური სიკეთე, ანუ თავად ბოროტების სიკეთედ გარდაქმნა როგორც ინდივიდუალურ, ასევე სოციალურ პლანში. შესაბამისად ამისა, დემოგრაფიის სფეროში და საერთოდ, გარემოსთან ურთიერთობისას, სიკეთის უმაღლეს ეტალონად ამჟამად მიიჩნევა არა კარგ მიწებზე დაფუძნება, მომთაბარეობიდან მდგრად ცხოვრებაზე გადასვლისას რომ ჰქონდა ადგილი, არამედ უვარგისი ადგილების სავარგულად ქცევა, მწირ ან პირქუშ ბუნებრივ გარემოში სიცოცხლის ჭავლის შეტანა. ორივე შემთხვევაში ადამიანი ღვთის თანაშემოქმედი და არასრულყოფილების სრულმყოფელი ხდება. შემთხვევითი როდია, რომ ყველაზე მაღალი სულიერების პერიოდი საქართველოში, ეპოქა თამარისა და რუსთველისა, გარემოს გარდაქმნისა და უვარგისი ადგილების სავარგულებად გადაქცევის გასაოცარი მაგალითებით ხასიათდება. ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ მესხეთის შიშველ დამრეცებზე მოწყობილი სავენახე ტერასები, ქართული სოფლის მეურნეობის ეს ფანტასტიური მოვლენა. ქართველმა გლეხობამ ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაგვანახა საქმით, რომ მარილი ადამიანის მოქმედებისა ძნელად ასათვისებელი მიწების ათვისებისა და გარდაქმნაშია და არა დეზერტირობაში, აყრასა და სხვაგან გადასახლებაში. ჩვენში თვით გერმანული ანდაზის გაჩენამდე იცოდნენ, რომ ცუდი მხოლოდ მიწათმოქმედი იყო და არა მიწა. 
ნაცვლად იმისა, რომ შორეული, მაგრამ ზნეობრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით რეალური მიზნები დაესახათ, დალოდებოდნენ დროს, როცა შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს მთების გზებით დაქსელვა, საყოფაცხოვრებო მდგომარეობისა და განათლების სისტემის ადგილზევე გაუმჯობესება და იმ სამეურნეო დარგების აღორძინება, რომელთა განვითარების საშუალებასაც მთა იძლევა, საკითხი უფრო სწრაფად და ,,იოლად'' მოაგვარეს, მთის მკაცრ პირობებს ოდითგანვე შერჩეული მოსახლეობის ნაწილი აჰყარეს და ამით საერთოდ უარი განუცხადეს ამ ადგილებს, დეზერტირობა ჩაიდინეს მათ მიმართ მაშინ, როდესაც რუსებმა სისხლი ჩაანთხიეს ციმბირის ათვისების საქმეში, რადგან თავიდანვე, საქმე იგი, რუსეთის ძლიერების საწინდრად მიიჩნიეს. რაც ციმბირია რუსეთისთვის, იგივეა საქართველოსათვის მისი მთიანეთი. მსგავსია მათი როგორც ზამთარ-ზაფხულის ხანგრძლივობათა თანაფარდობა, ასევე თვით მცენარეული საფარიც. ოღონდ ეგაა, რომ რუსები ოთხი საუკუნეა, რაც ახორციელებენ ციმბირის დასახლებასა და ათვისებას, საქართველოში კი უხსოვარი დროიდან გათავისებული პოზიციების დათმობას ჰქონდა ადგილი, პოზიციებისა რომელიც, მტრებისთვის აუღებელ სიმაგრეს წარმოადგენდა მუდამ. სწორედ მთებისა და მკვიდრთა მისთა სიმტკიცემ გარდაუწყვიტა ოდესღაც არაბებს, მონღოლებს, სპარსელებსა და თურქებს საქართველოს დამორჩილებისა და მასში სამუდამო დამკვიდრების იმედი. მხოლოდ ისტორიისა და კულტურის სუსტმა ცოდნამ და სახელმწიფო საქმეებში ჩაუხედაობამ, არცოდნამ იმისა, თუ სად ფეთქავს მთავარი ძარღვი ქართველი ხალხის ძლიერებისა, მისი სიჭაბუკისა და უკვდავების არტერია, განაზრახა იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, ბარში ჩამოესახლებინა ნაწილი მთის მოსახლეობისა. დავუშვათ მთებმა დაჰკარგეს ამჟამად ის სტრატეგიული დანიშნულება, უწინ რომ გააჩნდათ, მაგრამ დაჰკარგავენ ისინი ოდესმე ნიადაგ გამაახლებელ და გამაახალგაზრდავებელ ძალას, ესოდენ მნიშვნელოვანს ქართველი ერისათვის? მხოლოდ მთასთან ნიადაგ მორკინალი, მთასთან შეგუებული მოსახლეობაა საწინდარი ქართველი ხალხის არდაბერებისა, მისი ენერგიის უშრეტობისა. საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას ბარზე ნაკლებად მთები როდი განსაზღვრავენ. მხოლოდ ბოლომდე ათვისებული საქართველოს მთიანეთი იძლევა ნაღდ გარანტიას მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის დარგთა სრულყოფილებისათვის ჩვენში. ეს გახლავთ ძნელად მისაღწევი, მაგრამ ამ რეგიონში ერთადერთი გზა ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილიზაციისა. ეს გზა მართებულია, მორალურად გამართლებული, რადგან გარდაქმნას, წინააღმდეგობათა დაძლევას ეფუძნება და ადამიანთა ნებელობის წვრთნას განაპირობებს. 
მაინც საკითხავია: რატომ არ დგას ჩვენში მეცხოველეობა, მეჩაიეობისა და მევენახეობის დონეზე? იმიტომ ხომ არა, რომ მას, ამ კულტურების მსგავსად, საკავშირო მნიშვნელობა არ გააჩნია და გეგმების ჩავარდნისას არ ტყდება განგაში, ვინაიდან პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო რესპუბლიკური მასშტაბებით იფარგლება და არ იშვის საშიშროება ზემოდან თითის დაქნევისა? სხვებზე უკეთ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება? განა არ გვაუწყებს ჩვენი დიდი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი თავის კაპიტალური შრომის ,,ქართველი
ერის ისტორიის'' პირველ ტომში, რომ უხსოვარი დროიდან კავკასიონის ქედი წარმოადგენდა ერთობ განვითარებული მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის კერას, შავი ზღვის მთელს აუზს რომ ამარაგებდა თაფლითა და რძის პროდუქტებით? ბავშვიც კი მიხვდება, რომ ამჟამად სოფლის მეურნეობის ეს დარგებია აქ ყველაზე პერსპექტიული. მაშ რაშია საქმე? განა იგივე მთები არ აღმართულან, იგივე ხალხი არ ცხოვრობს დღესაც? რამ დააყენა მთის მოსახლეობის მწარმოებლური ძალები და პროდუქტულობა ეჭვის ქვეშ? მოხდა რაღაც, რამაც დაარღვია გარკვეული ჰარმონია და რომლის გასწორების ნაცვლად, დაუშვეს უფრო დიდი შეცდომა და კეთილი საბაბით გააკეთეს ის, რაც ურიცხვმა მტერმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე. მამა-პაპათა სამკვიდრებელიდან აჰყარეს მნიშვნელოვანი ნაწილი მთის მოსახლეობისა, ქართული მთების მშვენება. ზოგიერთი კულტურის გამო, საკავშირო მოთხოვნილების გათვალისწინებით რომ მოჰყავთ ჩვენში, საქართველო უარს ამბობს საკუთარი პურით თავის დაკმაყოფილებაზე და მისი შემოზიდვა სხვა რესპუბლიკებიდან გვიხდება; მაგრამ ამ შემთხვევაში ერთის დანაკლისს, ან არქონებას, მეორის ნამატი აანაზღაურებს. რაც შეეხება მესაქონლეობასა და რძის პროდუქტების წარმოებას, არ არსებობს მიზეზი, რომ გაამართლოს, ან აანაზღაუროს ამ დარგების ჩამორჩენა ჩვენში, მით უმეტეს, რომ ბუნებრივი პირობებითა და ტრადიციის სიძველით არ ჩამოვუვარდებით ამ სფეროში ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს. არა, ჭამა-სმის ხვაშიადი როდი მალაპარაკებს, თუმცა აქაც, რატომღაც მახსენდება ის, ვისზედაც უთქვამთ: „აჰა, კაცი მჭამელი და მსმელი“, კაცი, რომელსაც ინახად ჯდომაც უყვარდა და ხანგრძლივი მარხვაც ძლევდა. მისგან კი ანაზდად იმასაც გადასწვდება ფიქრი, წარღვნის ჟამს ადამიანებთან ერთად ცხოველთა სახეობანიც რომ გადაარჩინა, თვალისმომჭრელი მყინვარების ფონზე წარმომიდგება ჭრელი ჯოგებითა და თეთრი ფარებით გადაპენტილი ალპიური საძოვრები და ვხედავ თუ როგორ მოდენის შებინდებისას სოფლის მადონა ნახირს, ვხედავ ცხვარში გარეულ მწყემსებსა და ბომბორა ნაგაზებს, მჯერა, ამ ველებზე უკეთ თვით მეფე სოლომონიც კი არ იმოსებოდა და ვფიქრობ: ამგვარი პასტორალური იდილიები წარსულს არასოდეს ჩაბარდება. 
სწორედ ჩვენი ტექნიკის საუკუნეს უნდა მიეცხოს მალამოდ ამგვარი გამაწონასწორებელი ძალა. საქართველოს ბუნებრივი პირობების არ გამოყენება, მართლაც რომ ცოდვაა. საქმისთვის თავის დადგმაა საჭირო, თორემ განა ჩვენში არ არსებობს პირობები იმისა, რომ გამოიყოს მოზრდილი ტერიტორია მსოფლიოს შინაურ ცხოველთა ყველაზე აბორიგენული, თუ გამოყვანილი, მაღალი ღირსების მქონე ჯიშის შესანარჩუნებლად, თუ მოსაშენებლად და საერთოდ, ზემოაღნიშნული დარგების მაღალ მეცნიერულ დონეზე დასაყენებლად? მიიღო ბუნებისაგან ის, რასაც იგი გთავაზობს იმგვარად, რომ არაფერი აკლდება და თანაშემოქმედების გარდა არაფერს მოითხოვს შენგან, ეს ნიშნავს, შეწყვიტო მასთან ნორმალური ურთიერთობა, გამოეთიშო მსოფლიო ჰარმონიას. 
ასე რომ, არა ოდითგანვე დაწესებული საქმიანობის შეცვლას, არამედ ამ საქმიანობის შემოქმედებითად წარმართვაში მიხმარებას ძალუძს საქართველოს მთიანეთის ეკონომიური პერსპექტივის განამდვილება. ამას კი, უპირველეს ყოვლისა, მთის ნასოფლართა სრული აღდგენა-განახლება და ამ საქმის მაღალ დონეზე განხორციელებისათვის საშურო კაპიტალდაბანდება უნდა დაედოს საფუძვლად და ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას ქართული მთის მოსახლეობის ეთნიკურ-ისტორიული და ეკონომიკურ-სამეურნეო თავისებურებები. 
მთიანი საქართველოს ცხოვრებაში შეიმჩნეოდა და დღესაც შეიმჩნევა გარკვეული მრავალფეროვნება, მრავალ საერთოსთან ერთად მთის ცალკეული კუთხეებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების განსხვავებული წესი. პირადად მე, ყველაზე მეტად ცხოვრების თემური წესი მომწონდა. ცნობილია, რომ ბახტრიონის აღებისა და მოძალადე სპარსელების გაჟლეტი სათვის მეფემ საზამთრო საძოვრებით დააჯილდოვა თუშები კახეთის ველისა და კავკასიონის მთების შესაყართან. მან ასე მიმართა ბახტრიონის გმირს ზეზვა გაფრინდაულს: „დაჰკა მათრახი ცხენს და სადამდეც ირბენს, იქაამდე მოგიზომავთო მიწას თუშებს“. ასე ჩაეყარა საფუძველი ალვანს. აქედან მოყოლებული თუშები ზამთარს ბარში ატარებდნენ, ხოლო ზაფხულში საქონლიანად საზაფხულო სადგომებს მიაშურებდნენ ხოლმე მთებში. ამგვარად შეაწყვილეს მათ მთისა და ბარის ცხოვრების წესი, მესაქონლეობა და მიწათმოქმედება, რითაც კი არ დააკნინეს, არამედ განადიდეს კიდეც საკუთარი სულიერი და ფიზიკური ძალები. თუშურმა პოეზიამ არაფერში დაუთმო ხევსურულს; თუშები იყვნენ და დღემდე დარჩნენ მთიანი საქართველოს საუკეთესო მხედრებად. მხოლოდ ისინი არ იყენებდნენ საქართველოში უზანგებსა და უნაგირს, მაგრამ ვერაფერი გადმოაგდებთ მათ ცხენიდან, ან რომელი კოვბოი შეედრება დალოცვილებს მოხდენილად ცხენზე ჯდომაში. აბჯარ-მუზარადი აროდეს გამოუყენებიათ თუშებს ბრძოლაში, მაგრამ ხევსურებზე ნაკლებად როდი იქნევდნენ ხმალს. თემური ციკლოპური კოშკები არაფრით ჩამოუვარდებიან ხევსურულ სოფელ-სიმაგრეებს, ხოლო სამეურნეო გამოცდილებით თუშებმა კიდეც გაუსწრეს მათ. 
ხევსურებსაც შეეძლოთ თავის დროზე მთისა და ბარის ცხოვრების წესთა შეწყვილება. ხევსურ ვაჟკაცებს ნაკლები დამსახურება როდი მიუძღვით სამშობლოს წინაშე და საქართველოს მეფენი არც მათთვის დაიშურებდნენ საზამთრო საძოვრებს ბარში. მაგრამ, ალბათ თავად ხევსურებს არ გასჩენიათ ამგვარი სურვილი. ხევსურეთის დიდი ნაწილი ხომ დათვიჯვრის გადასასვლელის მიღმა იმყოფება, ხოლო მთათუშეთიდან მას აწუნთის მაღალი გადასასვლელი ჰყოფს. ხევსურები ყველაზე შორს იყვნენ შეზიდული მთებში, ბუნებრივი და სხვა დაბრკოლებებით ბარისაგან ყველაზე მეტად იზოლირებული. მათ მუდამ მტრობდნენ არაგვის ერისთავები, ბარისაკენ მისასვლელ გზაზე რომ ეღობებოდნენ და ამაოდ ცდილობდნენ დამორჩილებას მათსას და ერისთავობას ხევსურეთში. ამიტომაცაა გასაგები მკვეთრად ხაზგასმული მთის წესი ხევსურთა ცხოვრებისა და ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი ახალმა დრომ და ზემოხსენებულმა შეცდომებმა ყველაზე მეტად ხევსურები რომ გამოაგდო ბარად. ეს მიგრაცია ეგზომ მასშტაბური არ იქნებოდა თუშების დარად ხევსურებსაც ძველთაგანვე რომ შეეჯერებინათ მთისა და ბარის ცხოვრების წესი. და ან სულაც, იმ გადმოსახლების ნაცვლად, მრავალი მათგანის სურვილის წინააღმდეგ რომ განახორციელეს, უმჯობესი არ იქნებოდა თუშეთის ისტორიული მაგალითის გათვალისწინებით, მთიდან მოუწყვეტლად შეეჩვიათ ხევსურები ბარის ცხოვრებისათვის? ასე თუ ისე, მასთან დაკავშირებით უმთავრესი პრობლემა დღეს მთის ყოფილი მოსახლეობის უკუმიქცევა და ნასოფლართა აღდგენაა. ხოლო მესაქონლეობისა და სხვა პრობლემების განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული, სულერთია, გამოიყენებენ თუ არა კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ მთიანეთის საქართველოს განვითარებული მესაქონლეობის ქვეყნად გადაქცევისათვის, თუშური ცხოვრების წესს დანერგავენ ამისათვის, თუ სვანურსა და ხევსურულს, დაქსელავენ თუ არა საქართველოს მთებს გზებით ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებს შორის და საერთოდ, მთასა და ბარს შორის უფრო მიზანდასახული და სწრაფი მოქმედებისათვის, გამოყოფენ თუ არა ამისათვის ავტომობილების საჭირო რაოდენობას, მოახდენენ თუ არა სტუდენტებისა და სამხედროების მასიურ საზაფხულო მობილიზებას, გზების, ფერმების, საცხოვრებლების, რძის ქარხნების და ა.შ. მშენებლობისათვის როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის საძოვრებზე, რათა რძის ნებისმიერი ნაწარმის წარმოება ადგილზევე ხორციელდებოდეს და სარეალიზაციოდ იქედანვე იგზავნებოდეს. ადგილობრივ ტრადიციებს და საბჭოურ ტექნოლოგიას დაეყრდნობიან მხოლოდ, თუ იმგვარი განვითარებული მეცხოველეობის მქონე ქვეყნების გამოცდილებითაც აღიჭურვებიან, როგორიცაა შვეიცარია, არგენტინა, ინდოეთი, პაკისტანი და ა.შ, საკუთარი საქონლის გამრავლებას დაელოდებიან, თუ საკითხის მეცნიერულ დონეზე შესწავლის შემდეგ, საქმის დასაჩქარებლად ერთბაშად მრავალ სულ მსხვილ და წვრილფეხა საქონელს შეისყიდიან ზემოხსენებული ქვეყნებიდან (უმთავრესად მთის ჯიშებს), მოსახლეობის დასაინტერესებლად შემოიღებენ თუ არა ორმაგი ანაზღაურების წესს, როგორც ეს სსრკ-ს ჩრდილოეთ რაიონებშია მიღებული (ჰავის სიმკაცრით არ ჩამოუვარდებიან ჩრდილოეთს), ყოველივე ზემოაღნიშნული დამოკიდებული იქნება პირველადი პრობლემის წარმატებაზე, საქართველოს მთების მასიურ დასახლებაზე. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ფიქრობდნენ: პირველყოფილი უმანკოების შენარჩუნებისათვის საჭირო არ არისო მთებში გზის გაყვანა და ცივილიზაციის შეტანა; თავის განთქმულ პატიოსნებასა და პირდაპირობას დაჰკარგავენო მთიელები ბართან დაახლოებით. არა, დღევანდელი დღისთვის ადამიანის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ღირსებებია მთავარი და არა იზოლირების მეოხებით შენარჩუნებული ტრადიციული პატიოსნება. და ან ვიღას ცხელა დღეს ამგვარი საკითხებისათვის, როცა, სწორედ ამ ცივილიზაციის დაგვიანებამ ლამისაა ერთთავად გამოგვტაცა ხელიდან მთა. ან სულაც, მისცემს განა მთის დიდი ბუნება ცივილიზაციას იმის უფლებას, რასაც იგი ბარში ჩადის, განა იმთავითვე თავის ჩარჩოებში არ მოამწყვდევს მას? არა, დღეს სწორედ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ბარად ჩამოსულ-ჩამოქვეითებულმა ყოფილმა მთიელებმა უნდა გააცნობიერონ მთელის სიგრძე-სიგანით ამ საქმის აუცილებლობა.მხოლოდ მთაში დაბრუნებით დაამტკიცებენ ისინი, რომ ნამდვილი თუშები და ხევსურები არიან. დემოგრაფიული და ეკონომიური დარღვევების გასწორება ეროვნული თვითშეგნების დონეზე უნდა ხორციელდებოდეს, რადგან ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს ღვთის ხმასთან შეწყვილებული ერის ხმა წყვეტს ნიადაგ. დემოგრაფიული და ეკონომიური სისწორე კი წარმოუდგენელია სულიერი წიაღსვლების გარეშე. სულიერება? სულიერებას კი იმდენს დავკარგავთ ჩვენ მთების უგულებელყოფით, რომ ვეღარაფერი შეაკავებს მისგან დაწყებულ დეგრადაციას. 
ამჟამად რომ არ დაწყებულიყო მიტოვებული მთის სოფლების ხელახალი დასახლება და ამ საქმისაკენ შინაგანი წევა, აი რა შეიძლებოდა გვეფიქრა საკუთარ თავზე: 
1. მომკვდარა ჩვენში იმ საოცარი ისტორიის, გმირული წარსულისა და უზადო რაინდული თვისებების, მშვენიერებისა და განუმეორებელი კოლორიტის შეგრძნება, მთის მოსახლეობას რომ გააჩნია; 
2. დაგვიკარგავს ძარღვიანი, რვალისებრ მტკიცედ ნაჭედი ქართულის შეგრძნება, ვინაიდან ვერ შეგვიგნია, რომ მთის სოფლების დაცარიელებით დაიწრიტება სიტყვიერებისა და პოეზიის ის მძლავრი ნაკადი, რითაც მთის მოსახლეობა პერმანენტულად ამდიდრებდა ქართულ ენასა და ლიტერატურას; 
3. მაგრამ ეს ვაჟკაცური პოეზია მთისა, ხომ წარმოუდგენელია იმ თავისუფლებისმოყვარეობის, იმ დაუმორჩილებელი სულის გარეშე, მთის შემქმნელ ხალხს რომ გააჩნია და რის გამოც ვერც შინაურებმა დაადგეს ოდესღაც თავს ბატონყმობის უღელი და ვერც გარეშე მტრებმა დაიმორჩილეს იგი? ჭეშმარიტი ლიტერატურა ხომ არ არსებობს თავისუფლების, გულისნადებისა და ნააზრევის უშიშრად და თამაშით გაცხადების გარეშე, რადგან არა ხმაჩაკმედილი ყმებისა და ლაჩრების, ოდითგანვე ვაჟკაცების საქმე ყოფილა იგი; 
4. მაგრამ ეს თავისუფლებისმოყვარეობა და ქედუხრელობა ხომ პირმშოა იმ ამაღლებულისა, მთას რომ ახასიათებს? მაშ თავისუფლებისმოყვარეობასთან ერთად დაგვიკარგავს ყოველივე ამაღლებულის შეგრძნებაც, რადგან მთებშია კონცენტრირებული უჩვეულო სიზვიადე, სიწმინდე, სილაღე, მონუმენტალური მშვენიერების, აღფრთოვანების, განცვიფრების, სიმაღლისა და უსაზღვროების განცდის შესაძლებლობანი. თუ ბუნება ზღვასთან გენიალური ფერმწერია, არანაკლებ გენიალური მოქანდაკეა იგი მთებში. უფრო მეტიც: არსად ისე არ იგრძნობა ექსპრესიულობა დედამიწისა, მისი მისწრაფება აღზევდეს საკუთარ ბუნებაზე, ამაღლდეს საკუთარ თავზე, გაწყვიტოს ზღვართა ბორკილები და მისწვდეს ვარსკვლავეთს, როგორც მთებში. ოდესღაც ცისკენ ატყორცნილი გრანდიოზული ცეცხლოვანი მასები ცეცხლადვე მოგიზგიზე დედამიწისა გასაოცარ ჟესტებად გაიყინენ. ყალყზე შემდგარნი და გასაფრენად გამზადებულნი, თუმცა ვერ მოსწყდნენ მიწას, მაგრამ სამუდამოდ აღიბეჭეს თავზე აღზევების დაუოკებელი წყურვილი. 
არა, ქართველ კაცს არასოდეს მობეზრდება სიმაღლეებთან ჭიდილი, არ გაუნელდება უკიდეგანობის გრძნობა. 
ვერა და ვერ დათმობს ქალაქი ვარსკვლავებთან სიახლოვეს. საკუთარი თავისადმი არ გაუცხოვდება იგი და ზურგს არ შეაქცევს გულისწმარმტვევნელ მშვენიერებას მთებისას, საკუთარ მე-ს, საკუთარი არსების ამ მართლაც განუყოფელ ნაწილს. 
მერაბ კოსტავა 
(1983 . 12 დეკემბერი, . ანგარსკი)