რეგიონის სავალუტო კოშმარები

რეგიონის სავალუტო კოშმარები

თუკი ქართული ვალუტა ბოლო რამდენიმე კვირაა თავს სტაბილურად იჭერს, მეზობელ ქვეყნებში აბსულუტურად საპირისპირო ვითარებაა. თურქული ლირა მუდმივად გაუფასურების რეჟიმშია, მაგრამ აზერბაიჯანულმა ვალუტამ ერთდღიანი გაუფასურების რეკორდი მოხსნა. მანათს შავი ორშაბათი გაუთენდა და თითქმის 50%-ით გაუფასურდა.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ვალუტის მცურავ კურსზე გადავიდა, რის გამოც მანათის ოფიციალური გაცვლითი კურსი ორშაბათ დილით 47%-ით დაეცა. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მანათი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 47,88%-ით, რუსულ რუბლთან კი 47,3 %-ით გაუფასურდა. როგორც ქვეყნის ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკაში გრძელვადიანი შოკის გაძლიერებამ და პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაციამ განაპირობა.

„მკვეთრად შემცირდა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო“, - აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მანათის დევალვაცია მოხდა 2015 წლის თებერვალში, როცა სავალუტო ბაზარი და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის კურსი 50-55 აშშ დოლარის ნავთობის ფასს შეუსაბამეს. თუმცა, ზაფხულში, ივლისის ბოლოდან, ნავთობის ფასის შემდგომმა დაცემამ მანათის კურსზე ზეწოლა კვლავ გაზარდა.

ყოველივე ამან აზერბაიჯანზე სერიოზული გავლენა მოახდინა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკაში. მკვეთრად შემცირდა საგარეო სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო და სავალუტო შემოდინებები სხვა წყაროებიდან.

2015 წლის ივლისის შემდგომ და განსაკუთრებით შემოდგომიდან ნავთობის ფასებმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, რამაც კვლავ გამოიწვია სავალუტო ბაზარსა და მანათის კურსზე ზეწოლა. იმავდროულად, პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებულმა დევალვაციამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო დონეზე. ბოლო თვეებში რყევები კიდევ უფრო გაძლიერდა და როგორც შედეგი, 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე, მთელი რიგი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებამ 100% შეადგინა.

„ყოველივე ამან აუცილებელი გახადა სავალუტო ბაზრისა და მანათის კურსის ნავთობის ახალ ფასებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გამო ბაქოში ელექტრონიკის მაღაზიები დაიხურა, სადაც საქონლის გადაფასება დაიწყო. ზოგიერთ მაღაზიაში ფასების ზრდა უკვე ფიქსირდება. მაგალითად, „სამსუნგის“ მარკის ტელეფონი 400 მანათის ნაცვლად უკვე 485 მანათად იყიდება.

სავალუტო პრობლემები აზერბაიჯანთან ერთად, მთელ რეგიონშია. საქართველოს რომ თავი დავანებოთ, მკვეთრი დევალვაციაა რუსეთში, სადაც წინა კვირას რუბლის ოფიციალურმა კურსმა 17-წლიანი რეკორდი მოხსნა. დიდი დაძაბულობაა თურქეთში. იქაური ვალუტის - ლირის - გაუფასურება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და როგორც ვარაუდობენ 2016 წელს კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება, თუკი რუსეთი ემბარგოს დაუწესებს თურქეთს და პარალელურად გაზის მიწოდებასაც შეუზღუდავს.

ყველაზე შავი დღეები კი ყაზახეთის ეროვნულ ვალუტას უდგას. ბოლო 10-11 თვის განმავლობაში ტენგე თითქმის 80%-ით გაუფასურდა და ახლა ერთ-ერთ ყველაზე არამდგრად ვალუტად ითვლება. 14 დეკემბერს ყაზახეთის ეროვნული ვალუტის ტენგეს კურსი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ყაზახეთის სავალუტო ბირჟაზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 322,47ტენგე გახდა. ბოლოს ტენგე მინიმუმი 9 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება 312,65 ტენგე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა სავალუტო დერეფნის გაუქმებისა და ეროვნული ვალუტის მცურავ კურსზე გადასვლის შესახებ 20 აგვისტოს განაცხადა. მანამდე თებერვალში ყაზახეთში 20%-იანი დევალვაცია განხორციელდა და ეროვნულმა ბანკმა კურსი 185 პუნქტზე დააფიქსირა. ქვეყნის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, თავისუფალი რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება ყაზახური ბიზნესის თხოვნით იქნა მიღებული.