ბოლომდე ენდობიან თუ არა ერთმანეთს ბიზნესმნები და აუდიტორები?

ბოლომდე ენდობიან თუ არა ერთმანეთს ბიზნესმნები და აუდიტორები?

[ეკა ბაქრაძე]

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა, კერძო აუდიტორებს კომპანიების შემოწმების უფლება მიეცემათ და შემოსავლების სამსახური აუდიტორთა დასკვნას თვალდახუჭული ენდობა, საინტერესოა, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას კერძო აუდიტორის დასკვნაზე? აქ აზრი ორად იყოფა. ბიზნესმენებსა და აუდიტორებს უკვე სხვადასხვა შეხედულება ჩამოუყალიბდათ.

სულ მალე მეწარმეს უფლება ექნება თავად აირჩიოს გეგმური შემოწმების ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა შეამოწმოს თუ კერძო აუდიტორულმა ფირმამ. ამ სიახლეს ითვალისწინებს “საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილებების მიხედვით, კერძო აუდიტორების ფირმების მიერ კერძო კომპანიების შემოწმების წასახალისებლად, კანონში ჩაიდება ნორმა, რომ კერძო აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებული შემოწმების შემდეგ, სანქცია და ჯარიმა არ გამოიყენება.

“აუდიტორული შემოწმების ნაწილში ვაღიარებთ კერძო აუდიტორული ფირმის მიერ განხორციელებულ აუდიტს. ამის შემდეგ იქნება მეორე ეტაპი, ვამუშავებთ მეთოდოლოგიას თუ რა კუთხით უნდა განხორციელდეს შემოწმება, რა უფლებამოსილებები ექნებათ ამ მიმართულებით კერძო აუდიტორულ ფირმებს. ვფიქრობთ, ახალი საგადასახადო კურსის ნაწილში ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი”, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა.

ამავე პროექტით  გათვალისწინებულია პორტებში გემებისათვის გაწეული მომსახურებისათვის დღგ-საგან ორმაგად დაბეგვრისგან გათავისუფლების და ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების უკან გატანისას გარკვეული მომსახურების დღგ-საგან განთავისუფლების საკითხი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. ამჯერად განხილვები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს და თუკი რაიმე წინააღმდეგობა წარმოიშვება, იქვე განიხილავენ. თუმცა, აუდიტორებთან და მათ მიერ საწარმოების შემოწმებასთან დაკავშირებით, ზედმეტი კითხვები არავის აქვს. სპეციალისტებიც და ოპოზიციაც თითქმის ყველა კომპონენტში ეთანხმებიან კანონპროექტს.

მაგრამ მთავრობის მთლად ასე თვალდახუჭული ნდობა არ შეიძლება და გაურკვეველი მუხლები საგადასახადო კოდექსში უკვე აღმოჩენილია. მაგალითად, გაურკვეველია ვინ აიღებს პასუხისმგებლობას კერძო აუდიტორის დასკვნაზე? 

არასწორი დასკვნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არამხოლოდ აუდიტორს, არამედ ბიზნეს-კომპანიასაც დაეკისროს.  საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “ბიდიოს” მმართველი პარტნიორის განმარტებით, კომპანიის შემოწმების შემდეგ დასკვნაზე პასუხს აუდიტორი აგებს. თუმცა, თუ თაღლითობა ან გაყალბება დაფიქსირდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესს დაეკისრება, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

კომპანია “ყაზბეგის” დამფუძნებლის თქმით, აუდიტორს უნდა მიეცეს უფლება დეტალურად შეისწავლოს კომპანიის საქმიანობა და დასკვნაზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ მას დაეკისროს. გოგი თოფაძის შეფასებით, ახალი ინიციატივა ბიზნესის ორმაგი დაბეგვრაა, რაც დამატებითი წნეხი იქნება.

თოფაძისგან განსხვავებით, ბიზნეს-ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს. გიორგი ისაკაძის თქმით, კერძო უდიტორები კომპანიებს დეკლარაციებთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევაში კონსულტაციებსაც გაუწევენ და ეს ბიზნესის განვითარებაზე მხოლოდ დადებითად აისახება.