წელს სადღესასწაულო ხარჯს მომხმარებელი მინიმუმამდე დაიყვანს

წელს სადღესასწაულო ხარჯს მომხმარებელი მინიმუმამდე დაიყვანს

წლევანდელმა ფინანსურმა კრიზისმა მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ მომხმარებელი ცდილობს ყველა მიმართულებით შეზღუდოს ხარჯი. ამის გარეშე არც სადღესასწაულო დღეები ჩაივლის. შარშანდელთან შედარებით საახალწლო ბიუჯეტი დაახლოებით 1/3-ით შეიკვეცება. სავაჭრო ობიექტის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს, რომ სურსათის სეგმენტში რეალიზაციის კლებაა მოსალოდნელი.

სავალუტო რყევამ ხალხის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც მომხმარებლის უმეტესობას საახალწლოდ დანაზოგის გაკეთება უჭირს. მომხმარებელი ფიქრობს, რომ დოლარის კურსიდან გამომდინარე, ზოგიერთი პროდუქტი ფასი, შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც, რაც საბოლოოდ მათ მსყიდველობით უნარზე გავლენას მოახდენს.

ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ წელს საახალწლოს სუფრა ბევრ ოჯახში ღარიბული იქნება და მხოლოდ - აუცილებელი ატრიბუტებისგან შემდგარი.

ტრადიციულად საახალწლო-საშობაო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩირის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია. ბაზარში ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი. მომხმარებელი სწორედ ახლა საზღვრავს შემოსავლის რა ნაწილს დახარჯავს საახალწლო სუფრისთვის.

საშუალო ზომის ინდაურის ფასი წელს 60 ლარია, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის შეძენა 11 ლარადაა შესაძლებელი, ღორის სამწვადე კი 12 ლარი ღირს, 7-8-კილოგრამიანი გოჭი 120-130 ლარი ფასობს, ერთი კილო იმერული ყველი 8-9, სულგუნი - 13 ღირს. ნიგვზის ფასი 16 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე ადის. ქამა სოკოს ფასი ჯერჯერობით 7-დან 10 ლარამდე მერყეობს, თუმცა ფასის მომატებას ვარაუდობენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ შედარებით გაძვირდება ცოცხალი თევზიც, რომელიც ჯერჯერობით 10 ლარი ღირს, თაფლს 15 ლარად იყიდება. ჩურჩხელა - 1,50-დან 3 ლარამდე, ერთი ასხმა კარალიოკის ჩირი კი 5 ლარი ღირს.

მოვაჭრეების თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს, ახალი წლის წინა დღეებში ფასი მცირედით მოემატება, თუმცა როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ღირებულების რაოდენობა მაინც შემოსული საქონლის რაოდენობასა და მყიდველის მსყიდველობითუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს რთული მდგომარეობაა. ფინანსური კრიზისის ფონზე, მომხმარებელი ხელგაშლილობას მაქსიმალურად ერიდება.

ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ დღესასწაულებზე სისტემატურად ხდება პროდუქტების გაძვირება, რისი მიზეზიც არაჯანსაღი საბაზრო პირობებია. ფასებზე განსაკუთრებულ გავლენას, მოთხოვნის ზრდა ახდენს.

„ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, საახალწლოდ, საშობაოდ და სააღდგომოდ ხალხი ყოველთვის ეცდება შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენას. ქვეყანაში ჯერაც კრიზისია, ხალხს ყოფითი პრობლემების მოგვარება და პირველადი მოთხოვნის პროდუქციის შეძენაც კი უჭირს, მაგრამ საახალწლოდ, თუნდაც ერთი დღით, სუფრის გაშლას ყველა ეცდება. შეიძლება, ცოტა ღარიბი სუფრა ჰქონდეთ, ვიდრე ადრე, მაგრამ თანხას მაინც არავინ დაიშურებს“, - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელი გოჭი და ინდაური ნაკლებად, მაგრამ ამ დღისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები, ყველა ოჯახში ექნებათ.

„ცუდია ის, რომ სადღესასწაულო დღეებში ბაზრებში ჩვეულებრივზე მაღალი ფასია. მოთხოვნის ზრდა პროდუქტის ღირებულებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. საზღვარგარეთ პირიქითაა. ასეთ დღეებში იქ გაიაფებას ელიან, რადგან ვაჭრეები პროდუქციის სწრაფ რეალიზაციაზე არიან ორიენტირებულნი. ამ მხრივ ჩვენთან ჯერაც სერიოზული პრობლემაა და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება ასე“, - აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.

თბილისის ყველაზე დიდი, „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვეულებრივ დღეებშიც საკმაოდ ხალხმრავალია, ჯერჯერობით საშობაო საყიდლებისთვის გამოსული კლიენტების ნაკლებობას განიცდის. ბაზარში ბევრი მოვაჭრე, დიდი რაოდენობის საახალწლო სუფრის პროდუქტი და ცოტა მყიდველია.