პირველი იანვრიდან ძალაში შედის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება. ამის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას თუ რა შემადგენლობისაა ის ძირითადი პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად საკვებად იყენებს.
საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილებით, დარეგულირდება ხორბლის ფქვილის წარმოების და გადამუშავების ბაზარზე განთავსების პირობები. ახალი წლიდან პურის ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი წარწერა, რომელზეც მითითებული იქნება ფქვილის ხარისხი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაზარი უხარისხო პურპროდუქტებისგან დაცული არ არის და მომხმარებლის უფლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. პრაქტიკულად არავის აქვს ინფორმაცია რეალურად რა დანამატებისგან მზადდება პური.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფქვილს აქვს თავისი მახასიათებლები და ბოლო წლებში პურპროდუქტების წარმოებამ მოდერნიზაცია განიცადა. ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და მთელ რიგ კომპონენტებზე ფასების ზრდამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინტენსიური ტექნოლოგიების შემოღება გამოიწვია, რამაც თითქმის სრულად ჩაანაცვლა კლასიკურ ტექნოლოგიური პროცესი.
„კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში კი შედეგის მიღებას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ცომის გაფუებას, მოზელვას გარკვეული დრო უნდა. დღეს არსებული ტექნოლოგიით, მოზელილ ცომს საფუართან ერთად ფერმენტები ემატება, რათა შეფერილობა და ფორმა სწრაფად მიიღოს. კარგა ხანია, რაც კლასიკური ტექნოლოგიებით მომუშავე დიდი ქარხნები ფაქტიურად ბაზრიდან გაქრნენ, რადგან ამ ტიპის ტექნოლოგია ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული“, - ამბობს დოლიძე.
მისივე თქმით, მართალია, ინტენსიურ ტექნოლოგიაში ძალიან ბევრი დანამატი, ფერმენტი გამოიყენება, მაგრამ ეს თემა მხოლოდ თბილისში არ არის აქტუალური.
,,ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ფორტიფიკაცია და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა, იმედია, ამას მკაცრად გააკონტროლებს. რაც შეეხება ვიტამინების დამატებას - როგორც მეწარმე, წინააღმდეგი ვარ მასიურად მოხდეს ფოლიუმის მჟავის გამოყენება. ყველა წამალი არის რეაქტიული, აქვს უკუქმედება. ზოგისთვის ის საჭიროა, ზოგისთვის არა, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა იყოს ამ დანამატის ყველა პურში გამოყენების ვალდებულება?!”, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ.
მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტის მადონა კოიძის ინფორმაციით, საკვები დანამატები და საღებავები სხვადასხვა პროდუქტში მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ შორის, ჩვენთანაც.
„შეღებილი პური ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, სადაც გაირკვევა, რა ტიპის საღებავებს იყენებენ წარმოებაში“, – აღნიშნა კოიძემ.
მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ჭვავის ფქვილი ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის, ბაზარი კი შავი პურითაა გაჯერებული. „საქართველოში წარმოებული შავი პურის ნიმუშები ცოტა ხნის წინ გერმანიის ლაბორატორიაში გაიგზავნა, პასუხი საინტერესო იყო. აღმოჩნდა, რომ საქართველოში წარმოებულ პურში ჭვავის ფქვილის მხოლოდ კვალი აღინიშნება“, – განაცხადა კოიძემ.
სურსათის დეპარტამენტის რისკების მართვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის თამთა მიქანაძის ინფორმაციით, პურის ხარისხი ახლაც მოწმდება, თუმცა მხოლოდ პესტიციდების, რადიაციული ფონის, მძიმე მეტალებისა და სხვა ტოქსიკური ელემენტების შემცველობა.
„ამ მხრივ დარღვევები, ჯერჯერობით, ადგილობრივ წარმოებაში არ დაფიქსირებულა“, – განაცხადეს სააგენტოში.
„მომხმარებელი.გე“-ს დამფუძნებლი ლია თოდუა კი აცხადებს, რომ ხორბლის ფქვილის რეგლამენტის შემოღება წინგადადგმული, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. მისი აზრით, ეტიკეტირება სავალდებულო უნდა გახდეს არა მხოლოდ თეთრ, არამედ შავ და ჭვავის პურზეც.
„იმავდროულად, ეტიკეტირება უნდა მოწმდებოდეს მკაცრად, რადგან იყოს სანდო. ასევე გადაიხედოს შეფუთვის საკითხიც, რადგან პურის გადატანისას მისი დაბინძურებაც საკმაოდ აქტუალური პრობლემაა“, - აღნიშნავს ლია თოდუა.