ბავშვთა სახლების საკითხი მიჩქმალვას არ ექვემდებარება

ბავშვთა სახლების საკითხი მიჩქმალვას არ ექვემდებარება

ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობა ხელისუფლებისთვის ასე უხმაუროდ ვერ ჩაივლის. სახალხო დამცველის მიერ გახმაურებულ ფაქტებს ოპოზიცია ხშირ-ხშირად უმეორებს მთავრობის წარმომადგენლებს და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე საპარლამენტო ოპოზიცია ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია.ოპოზიციონერ დეპუტატთა თქმით, ანგარიშის “ბავშვთა ზრუნვის” ნაწილში წარმოდგენილი ფაქტები შოკისმომგვრელია და დროულ რეაგირებასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

“მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონტორინგის შედეგები არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც პატიმრებთან დაკავშირებული საკითხები. ეს შედეგები მოულოდნელიც კი იყო როგორც ოპოზიციისათვის, ასევე თვით ხელისუფლებისთვის. ანგარიშის განხილვას შედეგად, შესაძლოა, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობისა და თავად სააგენტოს, როგორც ახალადშექმნილი უწყების მოქმედების მიზანშეწონილობის საკითხი დადგეს, რადგან რჩება შთაბეჭდლება, რომ ძველი მოდელი უფრო ეფექტურად მუშაობდა”, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა მაგდა ანიკაშვილმა. 

მის საპასუხოდ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ქრისტიან-დემოკრატები ბავშვთა სახლებში “აპოკალისფსური სურათის” დახატვაში დაადანაშაულა.

თოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სპეციალურად დაამძიმა სიტუაცია და სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვამდე ამ საკითხის წამოწევა არაკორექტულია.

უმრავლესობის წევრმა ზრუნვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობის “დადებით მხარეებზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დამსახურებაა აღნიშნულ დაწესებულებში ვითარების გაუმჯობესება. თოიძე განმარტავს, რომ სექტემბრიდან 30-მდე მცირე ტიპის ბავშვთა სახლის შემოღებას გეგმავენ და სულ 70-მდე ბავშვთა სახლი იქნება.

ამ ერთი თვის წინათ საქართველოს სახალხო დამცველმა 2010 წლის 500-გვერდიან ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბავშვთა სახლების მონიტორინგს, რომელიც სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განახორციელა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2011 წლის იანვარში მონიტორინგი ჩაატარა თბილისის, რუსთავის, წყნეთის, საგურამოს, კოჯრის, თელავის, ლაგოდეხის, სურამის, ტაშისკარის, ასპინძის, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ბათუმის ბავშვთა სახლებსა და “მომავლის სახლისა” და “სათნოების” სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამტრედიის N15 საჯარო სკოლაში.  მონიტორინგის განხორციელებისას ბავშვთა სახლებში ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი შემოწმდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სახლებში მთელი რიგი სისტემური და კერძო სახის დარღვევები გამოვლინდა:  ანტისანიტარია კვების ობიექტებში, ბავშვთა დისკრიმინაცია, არასკმარისი კვება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მწვავე ნაკლებობა. განსაკუთრებით ხშირია დაწესებულების პერსონალის მხრიდან აღსაზრდელებზე ძალადობის ფაქტები, ასევე, ხშირია, ბენეფიციარებს შორის ძალადობის ფაქტებიც.

ძალადობის მხრივ რთული სიტუაციაა წალენჯიხის ბავშვთა სახლში. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში ბავშვები განმეორებით ძალადობაზე ამახვილებენ ყურადღებას რომლის შინაარსი და მიმდინარეობა ერთმანეთს ემთხვევა; ჯოხით ცემა ხელებსა და ფეხებზე, თმების მოგლეჯა დასჯის მიზნით, სახეში ჩარტყმა, ყურის აწევა. ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ხელებზე დაზიანებები აღმოაჩნდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თელავის ბავშვთა სახლს, სადაც დასჯის ერთ-ერთი მეთოდი აღსაზრდელისათვის ჭამის აკრძალვაა. ამ ბავშვთა სახლში, ასევე, ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მეორე ბენეფიციარს ძლიერი დამწვრობა მიაყენა ხელზე და სახის არეში.

მძიმე სიტუაციაა კოჯრის ბავშვთა სახლშიც, სადაც გარდა იმისა, რომ ხშირია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, მონიტორინგის წინა დღეს ორ ბენეფიციარს შორის (7 და 9 წლის) გარკვეული სახის სექსუალური ქმედების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც დირექტორმა ორივე სასტიკად ცემა.

“მომავლის სახლში” ერთ-ერთი აღმზრდელს მზია ტ-ს მიერ დასჯის უცნაური ფორმა აღმოაჩნდა, ეზოში ხესთან ბავშვის გაურკვეველი დროით დაყენება. ამავე დაწესებულებაში, აღმზრდელი ნატო მ.  გოგონებს დერეფანში მუხლზე დაჩოქილს რამდნიმე საათი მხოლოდ იმიტომ ტოვებდა, რომ აღსაზრდელები ღამით ვერ იძინებდნენ.