მოსამზადებლად დაგჭირდებათ:1 მთლიანი კურდღელი, 1 ბოთლი თეთრი,
(მშრალი) ღვინო, 1 ლ. ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, 300 გრ. ხახვი, 300 გრ. სტაფილო, 500 გრ. კარტოფილი (სეზონურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კარტოფილი), 2 ლაიმი ან ლიმონი,1 ქილა ხახვის მარინადი, 2 საშუალო კონა ტარხუნა,მარილი, შერეული წიწაკა,3 დაფნის ფოთოლი.
კურდღლის ხორცი გაცილებით უფრო მჭლეა ვიდრე საქონლის ან ღორის, გემოთი ქათმისას ჩამოგავს, თუმცა ქათამთან შედარებითაც დაბალცხიმიანია და ცილებით მდიდარი. ამიტომ, თითქმის ნებისმიერი ქათმის კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ კურდღლის ხორცით. თუ კურდღელი ახალგაზრდაა, მაშინ ხორცი ნაზი აქვს და ადვილად ითვისებს ჩვენთვის სასურველ გემოს. საქართველოში კურდღელზე ნადირობენ, ან მცირე ფერმები აქვთ, თუმცა, ჩვენთან, კურდღლის ხორცი ნაკლებად გავრცელებულია, ამიტომ კურდღლის შეძენა ბაზარში ან სარეალიზაციო ქსელში ადვილი არ არის. წინამდებარე რეცეპტისთვის ჩვენ ბიოლოგიური მეურნეობის – ბიოფუდის (www. biofood.ge) კურდღელი შევარჩიეთ. ამ ფერმაში კურდღელი ორგანული მეცხოველეობის სტანდარტებით იზრდება, იღებს ორგანულ საკვებს, დაავადების პრევენცია ჰომეოპათიური საშუალებებით ხორციელდება და არა ანტიბიოტიკური მედიკამენტებით, რაც სტანდარტული პრაქტიკაა ინდუსტრიულ ფერმებში – ამიტომ სუპერმარკეტში შეძენილ ქათამს, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი და გემრიელი კურდღელი ამჯობინეთ.
მომზადება: დაჭერით კურდღელი რვა თანაბარ ნაჭრად, მოაყარეთ მარილი და ფერადი, შერეული წიწაკა. მოათავსეთ კურდღლის ნაჭრები ტაფაზე და შებრაწეთ ოთხივე მხრიდან, შემდეგ გადაიღეთ თუჯის ქვაბში. წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოთუშეთ იმავე ტაფაზე. მოთუშული ბოსტნეული მოათავსეთ კურდღლის ნაჭრებთან ერთად. თუჯის ჭურჭელი დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ნახევარმთვარის ფორმებად დაჭრილი ლაიმი ან ლიმონი, ერთი ბოთლი თეთრი ღვინო, ბულიონი და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ ერთი საათის მანძილზე ან ვიდრე კურდღლის ხორცი ბოლომდე არ მოიხარშება. ( გაითვალისწინეთ, რომ ნანადირევი კურდღლის მოხარშვას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ფერმის). კუბებად დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი ჩაუშვით კურდღლის ქვაბში, დაუმატეთ ხახვის მარინადი, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილითა და შერეული წიწაკით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. გამასპინძლებამდე დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა. მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ან უბრალო გახუხულ ნივრიან ბაგეტის ტოსტთან ერთად. .