პირველი იანვრიდან საქართველოში სოფლების 45%-სთვის სპეციალური შეღავათები ამოქმედდება. მათზე მთის კანონი გავრცელდება. ეს დახმარების პირველი მასშტაბური შემთხვევაა ხელისუფლების მხრიდან, რაც გამოწვეულია რეგიონების საგანგაშო დაცარიელებით. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფლის მოსახლეობა თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის ინფორმაციით, საქართველოს 1600 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. კომისიამ უკვე განიხილა 1600 დასახლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. პარალელურად, კიდევ გაგრძელდება მუშაობა, რომ ამ სიას გარკვეული დასახლებები დაემატოს.
სტატუსის მინიჭება განისაზღვრა როგორც ჰიფსომეტრიული პარამეტრების, ისე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების გათვალისწინების პრინციპით, ანუ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ დასახლებულ ტერიტორიებს ავტომატურად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე ავტომატურად მიენიჭა ეს სტატუსი ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებს, როგორიცაა: სვანეთი, მაღალმთიანი რაჭა, გურია, მთიულეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, პანკისი. სრული ნუსხა იმ დასახლებებისა, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
მაღალმთიანის დასახლების სტატუსის მქონე სოფლისთვის მთელი რიგი შეღავათები პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ის უკვე მოიცავს პენსიონერებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისა და მასწავლებლებისთვის გათბობის პროგრამას და ა.შ. უკვე მოქმედებს დახმარება ახალშეძენილ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში.
„თავად ამ სოფლების სია, რაც დღეს დამტკიცდა, არ გადაიხედება 10 წლის განმავლობაში, ანუ აქედან ამოღება არ მოხდება, შეიძლება, მხოლოდ დაემატოს. რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, ეს კანონშია გაწერილი, ვადიანი არ არის და ვიდრე კანონის ეს ნორმა იმოქმედებს, აღნიშნული შეღავათებიც იქნება.
შეიქმნა ბიუჯეტში მთის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტი არის 20 მილიონი და ეს უკვე გაწერილია 2016 წლის ბიუჯეტში. ასე რომ, 2016 წელს ეს ხარჯები იქნება 60 მილიონის ფარგლებში, ხოლო 2017 წელს გაცდება 100 მილიონს“, - განაცხადა შერგელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ყურადღებას ამახვილებს მთის კანონით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო და სამეწარმეო ნაწილზე.
„სკოლის პედაგოგებს ვუზრდით ხელფასებს. ისინი განაკვეთზე მიიღებენ 50%-იან დანამატს. რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი აპრილის თვეში სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასი იქნება 550 ლარი, მთის პედაგოგი 550-ლარიან ხელფასზე მიიღებს 50-%-იან დანამატს, ანუ 275 ლარით მეტს.
კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება სწორედ ის პროცედურები და მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. მარტო რეგისტრაცია საკმარისი არ არის. მან თუ იქ საქონელი არ აწარმოა, ისე ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ გააფართოონ თავიანთი წარმოება ან გადმოიტანონ მაღალმთიან რეგიონებში“, - აცხადებს ქუცნაშვილი.
საგადასახადო შეღავთები, რომელიც კონკრეტულ საწარმოს მიენიჭება, იმოქმედებს 10 წლის განმავლობაში.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, დაინტერესებულმა კომპანიებმა მთის საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რის შემდეგაც დამუშავებულ პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ.