პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ თამბაქო და სპირტიანი სასმელები იანვრიდანვე გაძვირება. ამჯერად კომპანიები ახალ ფასებზე მუშაობენ.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები დეპუტატებმა 73 ხმით მიიღეს. დამტკიცებული კანონპროექტი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.
გარდა ამისა, 2016 წლის იანვრიდან დაგეგმილია - ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდა.
კანონპროექტის მიღება 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 90 მლნ ლარით ზრდის. მთავრობა პროექტის ინიცირებას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ხსნის.
ასე არ ფიქრობენ ეკონომისტები. მათი აზრით, პროდუქციის გაძვირება მოხმარებას შეამცირებს და შესაბამისად, ვერც საბიუჯეტო შემოსავლები მოიმატებს. ეკონომისტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატება პროდუქციას ბაზარზე 10%-ით გააძვირებს, რაც ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება.
„აქციზის გადასახადი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ფასწარმოქმნაში, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მისი მატება, პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ჩემი ვარუდით, არც სიგარეტის და არც სასმელის ფასი 10%-ზე მეტად არ უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ეკონომისტმა დ დასძინა, რომ სრულიად შესაძლებელია, მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დაბალფასიან სეგმენტში გადაინაცვლოს, რაც საბოლოო ჯამში, გარკვეული შემოსავლების შემცირების მანიშნებელი ფაქტორია.
„ჯაფან თაბაქო ინთერნეიშენალის“ კორპორატიულ საკითხთა მენეჯერის, ივა ხასიას აზრით, აქციზის გადასახადის ზრდა თამბაქოს ფასს აუცილებლად გაზრდის, თუმცა როდიდან და რამდენით, ძნელი სათქმელია. იგი სომხეთიდან იაფი თამბაქოს კონტრაბანდის საფრთხეზეც საუბრობს.
„მოგეხსენებათ, ორი სახის აქციზია, ანუ იზრდება სფეციფიკური კომპონენტი 20 თეთრით და საერთო ჯამში ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი 1,20 ლარი იქნება. ასევე, 5%-დან 10%-მდე იზრდება ადვალური კომპონენტი. საერთო ჯამში, ეს იწვევს დაახლოებით 45 თეთრით მხოლოდ აქციზის გადასახადის გაძვირებას, ამას ემატება დღგ, რაც ბუნებრივია ფასზე აისახება, თუმცა ზუსტად რა მოცულობით და ზუსტად როდიდან აისახება, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.
რაც შეეხება არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს, მოგეხსენებათ, დღესდღეისობით რეგიონში არსებული სურათის გათვალისწინებით, უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ფასთაშორისი სხვაობა თამბაქოს პროდუქციაზე, კონკრეტულად სომხეთთან მიმართებაში, საიდანაც, გვაქვს კიდევაც სამწუხარო გამოცდილება, როდესაც 2005 წელს თამბაქოს პროდუქციის უკანონოდ შემოდინება ხდებოდა“, - განაცხადა ხასიამ „ბიპიენთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუ ასეთი მასშტაბებით გაგრძელდება მომავალშიც აქციზის ზრდა, ეს საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდება.