მესამე კვარტლის როლი ინვესტიციებში

მესამე კვარტლის როლი ინვესტიციებში

მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირებამ მორიგი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართალია მთლიანად იანვარ-სექტემბრის მონაგარი შთამბეჭდავია - 1,019 მილიარდი დოლარი, მაგრამ მესამე კვარტლის ვარდნამ ჯამური მაჩვენებელი მაინც გადაწონა.

რეალობა კი ისაა, რომ შარშან უცხოური კაპიტალის, ლამის, ნახევარი სწორედ ივლისიდან ოქტომბრამდე შემოვიდა და წლევანდელი შედარებითი კლებაც (შარშანდელი მესამე კვარტლის წლევანდელ მესამე კვარტალთან) ამ ფაქტორმა განაპირობა. არადა, წელს ზაფხული ცხელ თვეებსა და შემოდგომის პირველ თვეს, ლამის, ნახევარი მილიარდი დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მარტოოდენ შარშანდელ შედეგს ჩამორჩება.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 33%-ით ნაკლებია. სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 1,019 მილიარდი დოლარი დააბანდეს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 17%-ით ნაკლებია. ამჯერად უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (საერთო მოცულობის 35%), ნიდერლანდები (11%) და თურქეთი (9%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 218 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 45%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 73 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე გადამამუშავებელი მრეწველობა კი - 68 მილიონი დოლარი(შარშანდელთან შედარებით 44 მილიონი დოლარით ნაკლები).

ენერგეტიკაში მე-3 კვარტალში სულ 22 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც 29 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამ კვარტალში კი ენერგეტიკას 129 მილიონი დოლარით შეუმცირდა ინვესტიციები.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ინვესტიციების შემცირების ბევრ მიზეზს ასახელებს, მათ შორის, გლობალურ ფაქტორებს, რეგიონსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ჯერ ერთი, მთლიანად მსოფლიოში საინვესტიციო აქტივობა შემცირებულია, იმ ეკონომიკური და გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, რომელსაც ადგილი აქვს. ამ თვალსაზრისით რეგიონშია კლება ინვესტიციების, მათ შორის, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. გარკვეულწილად ეს უკავშირდება არასატაბილურობის ფატორებსაც, რასაც ამ რეგიონში აქვს ადგილი“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება საქართველოს და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, აკაკი ცომაიას შეფასებით, მაღალია არასტაბილურობის შეგრძნება, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური რისკი, სავალუტო კურსის 35%-იანი გაუფასურება, რაც ბუნებრივია, ასევე ამ მაჩვენებელზე უარყოფითად მოქმედებს და საქართველო თანდათანობით ინვესტიციურად არამიმზიდველი ქვეყანა ხდება.

რაც შეეხება შემცირებულ ინვესტიციებს ენერგეტიკის სეფროში, აკაკი ცომაიას შეფასებით, ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობს და ეკონომისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია.

„ბოლო ტენდენციები - „გაზპრომთან“ ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ან ამის მოლოდინი და ინფორმაციის ჩაკეტვა, რომ თითქოს ერთ ინფორმაციას აჟღერებენ, მაგრამ საზოგადოებას ამის არ სჯერა, ბუნებრივია, რომ ეს ენერგოსექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასევე ის, რომ არ კმაყოფილდება კერძო სუბიქტების მოთხოვნა ტარიფების ზრდასთან მიმართებაში, რადგან ადგილი ჰქონდა სავალუტო ბაზარზე კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას, ენერგეტიკა არამიმზიდველია საქართველოში ამ მიმართულებით, ამიტომ ინვესტიციების ჩადების პროცესი მნიშვნელოვნად შენელდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ცომაიამ.

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოს მთავრობის საქმიანობას, აკაკი ცომაია ხელისუფლების მუშაობას კრიტიკულად და მკვეთრად ნეგატიურად აფასებს.

„ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. არანაირ მოქმედებას არ ახორციელებს, არ აქვს ერთიანი ხედვა, გუნდური მიდგომა, არ იკვეთება სტრუქტურა, მექანიზმი, მოქმედება იმასთან მიმართებაში, რომ რამე ხდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ცომაიამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე, საინვესტიციო ნაკადების შემცირებასთან ერთად, ქვეყნიდან გადინებულ ნაკადზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, საგადასახდელო ბალანსი აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის. ასე რომ, ამ მიმართულებით მთავრობას გაცილებით მეტი აქვს საფიქრალი.