რუსულ-სომხური კომბინაცია საქართველოს 200 მლნ კბ/მ გაზს დააკარგვინებს

რუსულ-სომხური კომბინაცია საქართველოს 200 მლნ კბ/მ გაზს დააკარგვინებს

„გაზპრომის“ სომხური გეგმა საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ბუნებრივ აირს ირანიდან მიიღებს, საქართველო დაახლოებით 200 მლნ კბ/მ გაზს დაკარგავს, რომელსაც ამჟამად ტრანზიტის საფასურად იღებს. როგორც ჩანს, ამ კომბინაციით მოსკოვსა და ერევანში სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ახლა მისი განხორციელების გეგმას ამუშავებენ.

„გაზპრომს“ სომხეთისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გვერდის ავლით აქვს გადაწყვეტილი. რუსული გეგმა ასეთია - საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის სახით 10%-ის ნაცვლად თანხას მიიღებს, სომხეთს კი ბუნებრივი აირი ირანიდან მიეწოდება. ეს დაადასტურა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანთან ბუნებრივი აირის გაცვლითი ოპერაციების საკითხზე მუშაობენ.

„დიახ, ეს თემა კალაძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ. ამ დროისთვის კი, ირანელ კოლეგებთან გაზის გაცვლითი ოპერაციების თემაზე ვმუშაობთ“, - განმარტა მილერმა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ეს გეგმა არ მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდება.

„გაზპრომის მხრიდან, ის საკითხიც იყო დაყენებული, რომ გატარების ის 10%, რომელსაც საქართველო იღებს, თანხობრივად ყოფილიყო ანაზღაურებული. გააკეთეს მინიშნება, რომ აქვთ შესაძლებლობა, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და მიუღებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მილერის გეგმაზე მსჯელობის პარალელურად, ირანთან მოლაპარაკებებს გეგმავს ქართული მხარეც. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ირანში ვიზიტს ქართული დელეგაცია აპირებს, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში ირანული გაზის შემოტანა იქნება.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი პაატა ცინცაძე ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ირანთან მოლაპარაკებების დაწყება კარგია, თუმცა საქართველოს ენერგომომარაგებაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს ტრანზიტის 10%-იანი მოგების დანაკლისი.

„არ ველოდები იმას, რომ გაზის მიწოდება მთლიანად შეწყდება რუსეთიდან სომხეთში. რაღაც მოცულობა ამ გაზსადენში იქნება, მაგრამ, ალბათ, არა იმ რაოდენობით, როგორც ადრე იყო. თუ ეს მოცულობა შემცირდება, ბუნებრივია, ჩვენ შეგვიმცირდება ეს შემოსავალი და ეს ჩვენთვის კარგი არ არის“, - განმარტა პაატა ცინცაძემ.

განხორციელდება თუ არა ალექსეი მილერის გეგმა, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან შეხვედრების გაგრძელებას კვლავ აანონსებს.

რაც შეეხება საქართველოში რუსული ბენებრივი აირის იმპორტს, მთავრობაში ირწმუნებიან, რომ „გაზპრომთან“ არანაირი ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება, ეს არის ლიბერალური ბაზარი კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება, ე.წ. „სოციალურ გაზის“ (შედარებით დაბალ ფასად) ქვეყანას ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან და ამ ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების - 27%, ხოლო დანარჩენი - 43% კომერციული სექტორის მოხმარებაა. მოთხოვნის უზრუნველყოფას ახდენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ხოლო ე.წ. სოციალური სეგმენტის (მოსახლეობა და თბოსადგურები) მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

„ე.წ. სოციალური გაზის (2015 წელს 1.35 მლრდ კბ/მ) ძირითად წყაროს წარმოადგენს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულება (სამხრეთ კავკასიური მილსადენით გატარებული მოცულობის 5% და 500 მილიონი დამატებითი მოცულობის სახით, ჯამში, დაახლოებით, 750 მილიონი კბ/მ-ის ფარგლებში), აგრეთვე სომხეთის ტრანზიტის შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა 200 მილიონი კბ/მ-ის ფარგლებში.

საქართველოს გაზმომარაგება (დაახლოებით 92%) ხდება აზერბაიჯანიდან ორი მილსადენის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 8% რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით. მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სოციალური გაზის ფასი დღეისათვის შეადგენს 120 აშშ დოლარს 1000 კბ/მ-ზე, ხოლო თბოსადგურებისთვის 143 აშშ დოლარს 1000 კბ/მ-ზე.