წინასაარჩევნო ეკონომიკური ბლეფი

წინასაარჩევნო ეკონომიკური ბლეფი

163-ლარიანი საარსებო მინიმუმი - 1.18-ლარიანი რაციონისა და 500-ლარიანი პენსიის აფერა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, რიმა ბერაძის 1.18-ლარიან დღიურ ნორმასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რამდენიმე დღის წინ, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის წინასაარჩევნო დანაპირებმა 500-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით, სრულად გადაფარა. რიმა ბერაძე კატეგორიულად აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, კვების დღიურ ნორმად განსაზღვრული 1.18 ლარი, საკმარისია და მასში კალორიულობაც სრულად დაცულია. რეალურია თუ არა 1.18-ლარიანი დღიური ნორმა, ან თუნდაც 500-ლარიანი პენსია? რამდენი ლარითაა განსაზღვრული საარსებო მინიმუმი ქვეყანაში და რა დასახელების პროდუქტი შედის სასურსათო კალათში? რატომ ახსენდებათ პენსიონერები მოქმედ ან ხელისუფლებაში მოსვლის მსურველ პოლიტიკოსებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ?
500-ლარიანი პენსია და 1.18-ლარიანი დღიური ნორმა 
რიმა ბერაძისეული 1.18-ლარიანი შოკიდან, ერი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის წინასაარჩევნო დაპირებამ გამოიყვანა. პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, ჩერნოვეცკი პენსიის 400-500 ლარამდე გაზრდას გვპირდება. მსგავსი დაპირებები არაერთი არჩევნების წინ მოგვისმენია, მათ შორის, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების ლიდერებისგანაც. შევარდნაძისეული 14-ლარიანი პენსია, ნაციონალებმა 120 ლარამდე კი გაზარდეს, სამაგიეროდ, საკუთარი დანაპირები, რომლითაც პენსია 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი უნდა ყოფილიყო, ვეღარ აასრულეს. საპენსიო დაპირება ვერც ,,ქართულმა ოცნებამ'' შეასრულა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ნაციონალებისეული 120-ლარიანი პენსია, 150 ლარამდე გაზარდა. 2015 წელს, მთავრობამ პენსიონერებს ჯერ 10 ლარი მოუმატა და პენსია 160 ლარი გახდა, ხოლო 1 ივნისიდან კიდევ 20 ლარს მოუმატებს და წინასაარჩევნოდ, 180 ლარი გახდება. თუმცა ,,ოცნებისეული'' დანაპირები 220-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით, ჯერ ისევ აუხდენელ ოცნებად რჩება. 
როგორ აპირებს ჩერნოვეცკი პენსიის 500 ლარამდე ზრდას? მას ამისთვის მარტივი ეკონომიკური რეცეპტი აქვს და აცხადებს, რომ საჭირო ფულს, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მიიღებს: ,,რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა? გადასახადები უნდა გაიზარდოს მდიდრებისთვის ისე, როგორც ისრაელშია. ვისაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს, ფულიც უნდა გადაიხადოს'', - ასეთია ჩერნოვეცკის დანაპირების ეკონომიკური განმარტება. 
ქველმოქმედების მიზნით, ჩერნოვეცკიმ საქართველოში 3 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯა. 13-14 ივნისს, თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ფონდში, სოლიდური თანხა - 110 000 ლარი ჩარიცხა. ოფიციალური ინფორმაციით, აქედან 100 000 ლარი - თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხა, ხოლო 10 000 ლარი - გმირთა მოედანზე, სამაშველო ოპერაციის დროს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახს გამოუყო. 
ერთია, უკვე მოქმედი პოლიტიკოსების (ამ შემთხვევაში, რიმა ბერაძის), ან პოლიტიკაში მოსვლის მსურველთა (ჩერნოვეცკის) პოპულისტური განცხადებები და სხვაა რეალობა, რასაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვუწოდებთ. დავიანგარიშოთ, არის თუ არა რეალური რიმა ბერაძისეული 1.18-ლარიანი დღიური ნორმა, ან ჩერნოვეცკის 500-ლარიანი პენსია. ამისთვის ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა პრინციპითაა გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი 2015 წელს და კონკრეტულად, რა დასახელების პროდუქტი შედის მინიმალურ სასურსათო კალათში. 
საარსებო მინიმუმი და სასურსათო კალათა 
საარსებო მინიმუმი, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა, კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათაა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. 
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საარსებო მინიმუმს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად: 
,,შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 163 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ამავე პერიოდში - 144 ლარითა და 70 თეთრით, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 274 ლარით განისაზღვრა. 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 144 ლარი და 70 თეთრი, ორსულიანი ოჯახის - 231 ლარი და 50 თეთრი, სამსულიანი ოჯახის - 260 ლარი და 40 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახის - 289 ლარი და 40 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახის - 325 ლარი და 50 თეთრი, ხოლო ექვსსულიანი (და მეტი) ოჯახის - 384 ლარი 80 თეთრია''. 
მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისთვის, 40 დასახელების პროდუქტს შეიცავს. მათ შორისაა ხორბლის პური, ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, ლობიო, ბრინჯი, ბურღული (მანანის, წიწიბურა და სხვა), მაკარონის ნაწარმი, ძროხისა და ხბოს ხორცი, ღორის ხორცი, შინაური ფრინველი, ნედლი და გაყინული თევზი, ძეხვეული, რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, ნადუღი, კვერცხი, ცხოველური ცხიმი (კარაქი, ერბო), მარგარინი, მცენარეული ზეთი, თესლოვანი ხილი, კურკოვანი ხილი, სუბტროპიკული ხილი და კარალიოკი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, კაკალი, თხილი, მზესუმზირა, პომიდორი, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, შაქარი, მურაბები და ჯემები, საკონდიტრო ნაწარმი, სამამულო ღვინო, მარილი, ჩაი. 
ჩერნოვეცკი - თანამედროვე ,,ოსტაპ ბენდერი'' 
შეესაბამება თუ არა რიმა ბერაძის 1.18-ლარიანი დღიური ნორმა, ,,საქსტატის'' მიერ გამოთვლილ საარსებო მინიმუმს? ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, სოსო არჩვაძემ ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ 1 ლარი და 18 თეთრი, 1 600 კილოკალორიაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება, მხოლოდ პურიდან მიიღოს. მისი თქმით, შრომისუნარიან ადამიანს, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა აქვს, ამაზე გაცილებით მეტი კალორია სჭირდება: ,,შესაბამისად, 1 ლარი და 18 თეთრი, მხოლოდ მოხეტიალე ციფრია, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან. მეორე მსოფლიო ომის პირობებში, ,,ლენინგრადის ბლოკადაში'' ხომ არ ვიმყოფებით, რომ პოლიტიკოსები ჩვენს ფიზიოლოგიურ გაძლებაზე გვესაუბრონ? ამით იმის თქმა მინდა, რომ საარსებო მინიმუმი, მინიმალურ დონეზე ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებას კი არა, სოციალური ფუნქციების შესრულებასაც გულისხმობს. ცხადია, ეს თანხა, ანუ 1, 18 ლარი, აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია. მართალია, მინიმალურ სასურსათო კალათში 40 დასახელების პროდუქტი შედის, მაგრამ დღიურ ნორმას კალორიულობის მიხედვით ანგარიშობენ. ეს 40 დასახელების პროდუქტი, ერთი თვის საშუალო ნორმაა, რომელიც 30 დღეზე უნდა გაიყოს. მთავარი იდეა ისაა, რომ დროის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ პერიოდში, ადამიანის რაციონი კვების ამ ძირითადი პროდუქტებით უნდა დაბალანსდეს, რადგან მათ შორისაა ცილებიც, ცხიმებიცა და ნახშირწყლებიც''. 
იქიდან გამომდინარე, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი 163 ლარით, ხოლო საშუალო მომხმარებლისთვის - 144 ლარითაა განსაზღვრული, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რამდენად რეალურია კიევის ყოფილი მერის წინასაარჩევნო დაპირება? აქვს თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს რესურსი, რომ პენსია 500 ლარამდე გაიზარდოს, თუ ჩერნოვეცკის დანაპირებიც ისეთივე ბლეფია, როგორიც აქამდე არაერთი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია. ზოგადად, რამდენად გამართლებულია, რომ წინასაარჩევნო დაპირებების სოციალურ ნაწილში, სწორედ პენსიის მომატების თემა დომინირებს. სოსო არჩვაძე,,ცხადია, ჩერნოვეცკის ეს დაპირება პოპულისტურია. კიევის ყოფილ მერს ვურჩევ, კარგად გაიაზროს, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისია და არა ნიუვასიუკი. დიდი კომბინატორი ოსტაპ ბენდერი, სწორედ ნიუვასიუკში აპირებდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას და ამ ქალაქის გულუბრყვილო მოსახლეობას ,,ოქროს თევზსაც'' პირდებოდა. რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის შეუძლია, საპენსიო უზრუნველსაყოფად, საკუთარი ქონება გამოიყენოს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე, ნიკო ფიროსმანმა გაყიდა მთელი ქონება, რათა საკუთარი რომანტიკული სურვილი აესრულებინა. საქართველოს პენსიონერთა 800 000-იან არმიას, პენსია 10 ლარითაც რომ მოუმატოთ, წელიწადში, დაახლოებით, 90-100 მილიონი ლარი დაგჭირდებათ. ახლა დავიანგარიშოთ, რა განსხვავებაა დღევანდელ 160-ლარიან და იმ 500-ლარიან პენსიას შორის, რასაც კიევის ყოფილი მერი პირდება მოსახლეობას. ვფიქრობ, ერთი ჩერნოვეცკი ამას არ ეყოფა, მაგრამ თუ ამ მხრივ, სხვა ოლიგარქებსაც შეიამხანაგებს, შესაძლოა, პენსია მართლაც 500 ლარი გახდეს. რაც შეეხება პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დანაპირების სოციალურ ნაწილს, პენსიის მომატებაზე ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი, პენსიონერების კეთილდღეობასა და მათი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების დასაქმებაზე ზრუნვა უნდა იყოს. საქართველოში ყოველი 100 ოჯახიდან, 50 ოჯახში, არცერთი შრომისუნარიანი წევრი დასაქმებული არ არის. თუ ამ ადამიანებს სამუშაოს მივცემთ და დავასაქმებთ, ამით პენსიონერთა კეთილდღეობა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე პენსიის 20, ან 30 ლარით მომატების შემთხვევაში. ქვეყნის სოციალური პოლიტიკის სტრატეგია, სწორედ შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმება, ანუ დასაქმებულთა კონტინგენტის ზრდა უნდა იყოს''.