2004 წელს, ბათუმის მერის არჩენებისას “რესპუბლიკელების” სლოგანი ასეთი იყო: “აჭარა ასლან აბაშიძის ნარჩენების გარეშე”. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, თუმცა როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, აჭარას ასლან აბაშიძის “ნარჩენების” პრობლემა დღესაც აქვს - აბაშიძისდროინდელი ჩინოვნიკები სახელმწიფო ვერტიკალის ყველა საფეხურზე მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ. მეტიც, დღეს აჭარაში ყველაზე დიდ ბიზნესს ისინი ფლობენ, ვინც თავის დროზე ჩოლოქს იქით შეკრებილ აბაშიძის მომხრეებს აფინანსებდნენ... წყაროების ცნობითვე, ამ ადამიანების დღევანდელი მფარველი - არც მეტი, არც ნაკლები - ლევან ვარშალომიძის მამა, ასევე აბაშიძის ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ ვარშალომიძეა.
ფაქტი პირველი: გურამ ვარშალომიძე 1991 წლის მოწვევის აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. დღეს, ინტერესთა კონფლიქტის გამო, ოფიციალური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ როგორც აჭარაში ამბობენ, რეგიონს, ფაქტობრივად ის მართავს.
ფაქტი მეორე: აჭარის დღევანდელი უზენაესი საბჭო და ბათუმის საკრებულო 60-70%-ით აბაშიძის ძველი თანამოაზრეებითაა დაკომპლექტებული.
ფაქტი მესამე: ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი თემურ დუმბაძე ახლა ამ რაიონის გამგებელია.
ფაქტი მეოთხე: იაშა შერვაშიძემ, იმის გამო, რომ ბიზნესი შეენარჩუნებინა თავის დროზე აჭარის უაზენაესი საბჭო დატოვა და ახლაც ძალიან ბევრ ბიზნესს მართავს. ერთ-ერთი მათგანი ხელვაჩაურის პურის ქარხანაა, რომელსაც, როგორც ინფორმატორი იუწყება, გურამ ვარშალომიძე ხშირად სტუმრობს. ამიტომაც აჭარაში ეჭვობენ, რომ გურამ ვარშალომიძე ამ უდიდესი ქარხნის ერთ-ერთი მეწილეა.
ფაქტი მეხუთე: ბიზნესმენი თენგიზ ქოქოლაძე ბათუმში ერთ-ერთი დიდი სასტუმროს, “დავითის” მფლობელია. როგორც ამბობენ, მას წილი აქვს “ნეფტობაზაშიც”. ეს ის ქოქოლაძეა, რომელიც აჭარის რევოლუციის დროს ფინანსურად ეხმარებოდა ჩოლოქს იქეთ “გამაგრებულ” აბაშიძის მომხრეებს. არსებობს უამრავი მოწმე, ვისაც ქოქოლაძე ბარიკადებს იქით უნახავს.
როგორც “ქართულ სიტყვას” “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, “აჭარაში ხელისუფლების საკადრო ცვლილება არ მომხდარა, პირველი ეშელონი ასლან აბაშიძეს გაჰყვა, დანარჩენები კი, ისევ იქ არიან. ვარშალომიძეც ბოლო მომენტამდე აბაშიძის მთავრობის წევრი იყო”.
სხვათა შორის, “რესპუბლიკელები” პირველები იყვნენ, ვინც ასლან აბაშიძის “ნარჩენებთან” ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ. რა ხდება დღეს აჭარაში? “ქართული სიტყვა” “რესპუბლიკური პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერ ირაკლი ჩავლეიშვილს ესაუბრა:
- “ვარდების რევოლუციამ” მხოლოდ ის გააკეთა, რომ აბაშიძის ჩინოვნიკები ერთი კარიდან გამოვიდნენ და მეორე კარიდან შევიდნენ. აჭარის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო ძირითადად ამ ხალხით იყო დაკომპლექტებული და დღევანდელ უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის 60-70%-იც ისევ ეს ხალხია. ასეთივე მდგომარეობაა საკრებულოში. ჩვენ კონკრეტული პიროვნებების მიმართ კი არ გვაქვს პრეტენზია.
შეიძლება, რომელიმე კონკრეტული ადამიანი კარგად მუშაობდა, მაგრამ ისინი, ვინც აჭარის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ, დღეს უმუშევრები არიან, თუმცა მათ არც კომპეტენცია აკლიათ და არც - განათლება. ისინი, ვინც ასლან აბაშიძის რეჟიმს ამაგრებდნენ და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, იმათ, ვინც “ვარდების რევოლუციაში” ღებულობდა მონაწილეობას, ჭკუას დღეაც ასწავლიან და თავი მათზე მაგარი ჰგონია.
ამბობენ, რომ ამ ხალხის უმრავლესობას გურამ ვარშალომიძე მფარველობს, რომელიც თავის დროზე აბაშიძის მაღალჩინოსანი იყო...
- კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: 1991 წელს, როცა “რესპუბლიკელები” აჭარის უმღლეს საბჭოში 11 კაცით ვიყავით წარმოდგენილი და ჩვენი ფრაქცია გვქონდა, მაშინ ბატონი გურამიც დეპუტატი და, ამასთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო და... დღეს, ფაქტობრივად, ისევ ხელისუფლებაშია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რაღაც შეიცვალოს, ეს ხალხი კიდევ ხელისუფლებაში იქნება და ეს იმიტომ, რომ საქართველოში მორალური სტანდარტები არ მოქმედებს... “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედი “რესპუბლიკური პარტიაც” იყო, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. მაგრამ არ ველოდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა და არ გვეგონა, რომ “ელიტური კორუფცია” შეჭამდა მთელ საქართველოს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ აჭარა გაგვეთავისუფლებინა ასლან აბაშიძის ნარჩენებისაგან. ის, რაც ასლანის დროს აჭარაში ხდებოდა, სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, დღეს იდეალური ხელისუფლება გვყავს. გვინდა, აჭარაში რეალური თვითმმართველობა, შეუზღუდავი ბიზნესი იყოს და რეგიონი განვითარდეს.