საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება საბოლოო ფაზას უახლოვდება. ურთიერთშეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა. ენერგეტიკის სამინისტრო ჯერჯერობით ყოველგვარ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. არაფერი თქმული 8 დეკემბრის ლუქსემბურგის შეხვედრაზე.
„გაზპრომის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ კომპანიის ხელმძღვანელ ალექსეი მილერსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ტერიროტიაზე რუსული გაზის ტრანზიტსა და კომერციულ მიწოდებებზე მსჯელობა გააგრძელეს.
კახა კალაძის გათვლით, მომავალი წლისთვის ქართველი ბიზნესმენებისთვის რუსული გაზი ხელმისაწვდომი იქნება, თუკი მათ „გაზპრომთან“ ურთიერთობის სურვილი გაუჩნდებათ. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება და ფასი იცვლება, ამიტომ უმჯობესია, რომ ქვეყანამ დივერსიფიკაციაზე იზრუნოს.
„თუ ჩვენ მოვახერხებთ და რუსეთიდან შესაძლებელი გახდება დამატებითი მოცულობის წამოღება მისაღებ ფასში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე.
არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, ანუ ახალი წლიდან რუსული გაზის იმპორტი შესაძლებელი გახდება.
მთავრობაში ირწმუნებიან, რომ „გაზპრომთან“ არანაირი ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება, ეს არის ლიბერალური ბაზარი კომერციული სექტორისთვის. რაც შეეხება, ე.წ. „სოციალურ გაზის“ (შედარებით დაბალ ფასად) ქვეყანას ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან და ამ ურთიერთობას არაფერი ემუქრება.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მილერს ბოლოს მილანში, 27 ოქტომბერს შეხვდა. მანამდე კი, 25 სექტემბერს, მათ შორის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა. სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი საქართველოს გეგმების შესახებ, რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზარდოს. ბრიუსელის შეხვედრასთან დაკავშირებით კალაძემ მოგვიანებით ასეთი განმარტება გააკეთა:
„ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა, რომელზეც საუბარი გაიმართა მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანული გაზის იმპორტსაც განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ კახა კალაძემ ირანში ვიზიტიც დააანონსა, რომელიც ნოემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. როდის გეგმავს ქართული დელეგაცია თეირანში გამგზავრებას, ამ დრომდე უცნობია.
როგორც მოგვიანებით გაირკვა ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომიდან“ კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის შესყიდვას ამ ეტაპზე არ გეგმავს - ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოდგილის, თამარ კორძაიასთვის გაგზავნილ წერილში. დეპუტატმა ენერგეტიკის მინისტრს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა, რომელიც საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისა და ზოგადად, გაზის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. როგორც უწყების წერილშია აღნიშნული, კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი.
საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების - 27%, ხოლო დანარჩენი - 43% კომერციული სექტორის მოხმარებაა. მოთხოვნის უზრუნველყოფას ახდენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“ კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ხოლო ე.წ. სოციალური სეგმენტის (მოსახლეობა და თბოსადგურები) მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში.
„ე.წ. სოციალური გაზის (2015 წელს 1.35 მლრდ კბ/მ) ძირითად წყაროს წარმოადგენს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულება (სამხრეთ კავკასიური მილსადენით გატარებული მოცულობის 5% და 500 მილიონი დამატებითი მოცულობის სახით, ჯამში, დაახლოებით, 750 მილიონი კბ/მ-ის ფარგლებში), აგრეთვე სომხეთის ტრანზიტის შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა 200 მილიონი კბ/მ-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი მოცულობის შევსება უზრუნველყოფილია „სოკართან“ გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით“,- ნათქვამია წერილში.
მოწოდების გეოგრაფიის გათვალისწინებით, საქართველოს გაზმომარაგება (დაახლოებით 92%) ხდება აზერბაიჯანიდან ორი მილსადენის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 8% რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით. მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სოციალური გაზის ფასი დღეისათვის შეადგენს 120 აშშ დოლარს 1000 კბ/მ-ზე, ხოლო თბოსადგურებისთვის 143 აშშ დოლარს 1000 კბ/მ-ზე.
„სხვადასხვა კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გაზის ფასი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ჩვენი ინფორმაციით, კომერციული მომხმარებლებისათვის მიწოდების საშუალოფასი 1000 კბ/მ-ზე 260 აშშ დოლარის ფარგლებშია“, - ნათქვამია წერილში.
სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდულად სომხეთის ტრანზიტის შედეგად მისაღები მოცულობების გარდა, ხდება დამატებითი (კომერციული მიზნით) მოცულობების მიღება რუსეთიდან და სომხეთიდან მცირე მოცულობებით. აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში გარდა რუსეთისა. შესაძლოა ირანიდანც გაზის მოწოდება, რასაც მაგალითად მცირე მოცულობებით ადგილი ჰქონდა 2006 წელს, თუ რასაკვირველია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნავენ ენერგეტიკის სამინისტროში.
რეგიონში ირანი ნავთობის და გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის პერსპექტიულია.