წინამორბედების მსგავსად, საარჩევნოდ ცვლილება კანონებში ,,ოცნებასაც'' შეაქვს და თუკი ,,ძველები'' ცვლილებებს ევროპა-აშშ-სა თუ ვენეციის კომისიის მოთხოვნით ამართლებდნენ, მოქმედი ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებას იშველიებს. არავინ დავობს, რომ ცვლილებათა ნაწილი კარგია, ნაწილი - ფასადური, თუმცა ისეც ხდება, კარგ იდეას არასწორი ფორმა ეძლევა და ჯამში, არ ამართლებს. საარჩევნო ცვლილებებში ,,ვერსიამ'' რამდენიმე ისეთ პოლიტიკურ ,,ნაღმსაც'' მიაგნო, რომელმაც შესაძლოა, ისევ ცვლილებების ინიციატორი ხელისუფლება ააფეთქოს. მოკლედ, რამდენიმე საკანონმდებლო ,,ნაღმს'' წარმოგიდგეთ.
ნაღმი #1 - გენდერული კვოტირება თუ ,,ვაკელი ქალების'' პარლამენტი
პარლამენტში, ,,საარჩევნო კოდექსსა'' და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ'' კანონში ცვლილებების პროექტი ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელითაა ინიცირებული. ავტორი კი თამაზ კრავეიშვილია. ცვლილების მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს, რაც საკანონმდებლო ორგანოში, მინიმუმ, 23 ქალის შესვლას უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის: 150 დეპუტატიდან მანდილოსანი მხოლოდ 18-ია, მთავრობაში, 19 მინისტრიდან - 3; 69 გამგებლიდან - 2; 12 თვითმმართველი ქალაქის მერიდან კი ყველა მამაკაცია. ინიციატივა მართებული და არათუ დროული, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიცაა, მით უმეტეს, გენდერული ბალანსის დასაცავად, 40%-იანი კვოტირების რეკომენდაცია საქართველომ ევროსაბჭოსგანაც მიიღო, თუმცა არის თუ არა სავალდებულო კვოტირების იდეა ქართულ რეალობაზე მორგებული, ეს სხვა თემაა. მრავალეროვანი საქართველო ტრადიციების ქვეყანაა. მართალია, ლიდერი და პოლიტიკოსი ქალები ყოველთვის გვყავდა, მაგრამ არაა გამორიცხული, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდის ხელოვნური მეთოდი გარკვეულ ბარიერად იქცეს და აი, რატომ: აქვთ კი დღეს პოლიტიკურ, განსაკუთრებით, ე.წ. ერთკაციან ოპოზიციურ პარტიებს იმის რესურსი, პარტიული სიების მესამედი პოლიტიკურად აქტიური ქალებით დააკომპლექტონ? თუკი პარლამენტის წარმომადგენლობითობაზე ვსაუბრობთ, ვინმე იმაზეც თუ ფიქრობს, მაინც რამდენი ქალი შეძლებს, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მაღალმთიანი აჭარის რაიონებიდან პოლიტიკურ აქტიურობას, სიაში ყოფნას, აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას და უფრო აქტიურ საპარლამენტო ცხოვრებას? ტრადიციების, შეზღუდვების, რელიგიის გათვალისწინებით რამდენი, ვთქვათ, გარდაბნელი ქალბატონი მოხვდება სიაში თუ ბოლოს ისე გამოვა, რომ ეს კანონი რეალურად, ვაკელი და საბურთალოელი ქალებისთვის მივიღეთ? ესეც რომ არა, ჩვენთან, ქალი და მამაკაცი ჯერ უფლებრივადაც არაა თანასწორი და რომელ პოლიტიკურ თანასწორობაზეა საუბარი? ან, არის თუ არა პოლიტიკურ პარტიებში იმის რესურსი, პარლამენტში ერთდროულად, ათეულობით პროფესიონალი პოლიტიკოსი ქალბატონი გაიყვანონ, რათა მერე საზოგადოება ისევ პროფესიონალების ნაკლებობას არ უჩიოდეს?
ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი: ,,არავინ უარყოფს, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება ნამდვილად ხელოვნური და დროებითი მექანიზმია და არც შეიძლება, კანონმდებლობაში მუდმივად დარჩეს. მისი საშუალებით, სახელმწიფომ ქალთა მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ხელოვნურად უნდა წაახალისოს. ასეთი მექანიზმები ქვეყანაში მაშინ შემოდის, როცა შედეგი ერთ სხვა მეთოდსაც არ მოაქვს და ქალებსა და მამაკაცებს შორის მაინც დიდი დისბალანსია. ქალთა მოძრაობაში ბევრი ისეთი ორგანიზაციაა ჩართული, რომლებიც წლების განმავლობაში, ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით კი, მათ ქალ აქტივისტებთან მუშაობდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიულ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალია ჩართული, მაგრამ მათ დაბალი პოლიტიკური პოსტები უკავიათ და პარტიებში, წევრების წახალისება და დაწინაურება დემოკრატიული წესით არ ხდება. პროცესი, თუ ვის ჩაწერს პარტია პროპორციულ სიაში, დახურულია და როგორც წესი, მეგობრულ-ფინანსურ კავშირებს ეყრდნობა, რაც პოლიტიკაში აქტიური ქალების მოხვედრას უშლის ხელს. რაც შეეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხს, ჯამში, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებები და პრობლემები ცალკე განხილვის თემაა, თუმცა ამის გამო არ ვფიქრობ, რომ სიებში მარტო დედაქალაქის აქტიური ქალები მოხვდებიან, მით უმეტეს, მაჟორიტარული არჩევნებიც გვაქვს და შესაძლოა, ადგილებზე ქალი კანდიდატებიც დასახელდნენ. მეეჭვება, ვინმემ ვინმე აიძულოს, თავისი რელიგიისა და ტრადიციის წინააღმდეგ წავიდეს. ამიტომ არ მგონია, ეს იმ დონის პრობლემად იქცეს, კვოტირების საჭიროებას დაუპირისპირდეს, თუმცა ზოგადად, ამ ნაწილში იმაზე გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვიდრე პოლიტიკური აქტიურობა''.
პარტიებს არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ თუ ამ კანონის მოთხოვნას არ შეასრულებენ და პროპორციული სიის მესამედს ქალებით არ დააკომპლექტებენ, ცესკო რეგისტრაციაში არ გაატარებს და ვერც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ნაღმი #2 - ვისი სოფელი ვის რაიონშია ანუ საარჩევნო ოლქების დაჭრა
რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას საარჩევნო ოლქების გათანაბრებისკენ მოუწოდა, რაც პოპულარულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ერთი ამომრჩევლის ხმას ყველა რაიონში თანაბარი ძალა უნდა ჰქონდეს. ამ პრინციპის მისაღებად, ამომრჩევლის სრული რაოდენობა მაჟორიტარული ოლქების რიცხვზე უნდა გაიყოს და შედეგად, დაახლოებით 50 000 ხმას ვიღებთ ანუ ყველა ოლქის მაჟორიტარს თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი აირჩევს, მაგრამ ამისთვის გადასახედი გახდება საარჩევნო ოლქების საზღვრები და პატარა, 5 000 და 6 000-კაციანი ოლქების დაჯგუფებაც დაგვჭირდება, შესაბამისად, რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი საერთოდ გაუქმდება. ამავე პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 იქნება. 13 ოლქის საზღვრები მუნიციპალიტეტის საზღვრებს ემთხვევა, ამიტომ იქ არაფერი შეიცვლება, აი, 42 მაჟორიტარული ოლქი კი საარჩევნო უბანზე თავიდან უნდა ,,გამოვჭრათ'', რაც ბევრ დამატებით გაუგებრობასა და თავისტკივილს გააჩენს.
აქ კიდევ ერთი, უხეშად რომ ვთქვათ, კუთხური სეპარატიზმის საფრთხეცაა - როცა, მაგალითად, მარადმწვანე მაჟორიტარი სვანეთიდან, ვიქტორ ჯაფარიძე რეგიონის ავტონომიაზე საუბრობს, დათანხმდება თუ არა სვანეთისთვის სამეგრელოს სოფლების მიერთებას, საიდანაც, დიდი ალბათობით, ხმებს ვერ აიღებს, ანდაც, საზღვრები ხელოვნურად ისე ხომ არ დაიჭრება, როგორც ეს ხელისუფლების კონკრეტულ კანდიდატებს აწყობთ?! ,,ვერსიასთან ერთად ამ თემაზე ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ზურაბ ხარატიშვილმა იმსჯელა: ,,დღის წესრიგში დგება თემა, რაც არჩევნების წინ დიდ არეულობასა და გაუგებრობას გამოიწვევს. აქამდე რაიონების საზღვარი გარკვეული იყო და მოსახლეობამ იცოდა, მისი სოფელი რომელ ოლქში შედიოდა. ახლა კი ერთი გაწევ-გამოწევა ატყდება, ვიდრე გაარკვევენ, რომელი სოფელი რომელ ოლქს მიაკუთვნონ. ერთ კლასიკურ მაგალითს გეტყვით: აშშ-ში, ერთ-ერთმა გუბერნატორმა საარჩევნო უბნები ოლქებად ისე დაყო, რომ საკუთარი გამარჯვება უზრუნველყო. მაგალითად, ხარაგაული პატარაა, ზესტაფონი დიდია. გამოდის, ზესტაფონს უნდა მოაჭრან სოფლები და ხარაგაულს მიუმატონ. ხარაგაულელი კანდიდატი ჩათვლის, რომ ზესტაფონის სოფლებში შანსი არ ექნება, ამას არ მოინდომებს და ასე ვერასოდეს შეთანხმდებიან - დაიბნევა ამომრჩეველიც. ამ საზღვრების ახლიდან დაყოფას ,,ოცნებაშიც'' დიდი ქაოსი და წივილ-კივილი მოჰყვება. სწორედ ამიტომ ამბობდა ოპოზიციაც, პრეზიდენტიც, არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორიც, არჩევნები საერთო პროპორციული და რეგიონულ-პროპორციული წესით ჩავატაროთო. ასე პარტიებსაც განვითარების მეტი შანსი მიეცემოდათ, არც მაჟორიტარული კომპონენტი დაიკარგებოდა და არც საზღვრების შეცვლა და მაიმუნობა დაგვჭირდებოდა. პირდაპირ რომ ვთქვათ, დღევანდელი სისტემა ხელისუფლებას 20-30-მანდატიან ფორას აძლევს. მაგალითად, თბილისში ,,ოცნებამ'' ხმების 44% აიღო, მაგრამ 76 მანდატი ერგო. პროპორციული სისტემა კი იმას უზრუნველყოფდა, ყველას იმდენი ადგილი რგებოდა პარლამენტში, რამდენ ხმასაც აიღებდა. იმედია, ,,ოცნებას'' გონიერება ეყოფა და საკუთარი თავისა და მომავალი არჩევნების დელეგიტიმაციისკენ არ წავა!''
ნაღმი #3 - მაჟორიტარულ-პროპორციული გარიგებები
ოლქების გახლეჩის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დავალდებულებული ცვლილებების ,,ოცნებისეული'' გაგება კიდევ ერთ პრობლემას წარმოშობს - რაიონების გაყოფა-გაერთიანებით, რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი საერთოდ ქრება, შესაბამისად, აღარც ამ ოლქების მაჟორიტარები იარსებებენ. მაგალითად, გვექნება ასეთი საარჩევნო ოლქი: ბაღდათი-ხარაგაულს დამატებული ორი სოფელი - პირველი და მეორე სვირი. ასევე, სამტრედია ორად გაიჭრება და ერთ ნახევარს ვანი, მეორეს კი ხონი დაემატება. სამი რაიონის გაერთიანებით ორი ოლქი რომ გამოდის და ორი მაჟორიტარი უნდა ავირჩიოთ, საინტერესოა, ის ,,გამოკლებული მესამე'' რატომ არაფერს აპროტესტებს?! გამოდის, ,,ოცნებაში'' ახლა დიდი გაწევ-გამოწევა და შეთანხმება-გარიგება მიდის, რათა ამ მეთოდით გამოკლებული მაჟორიტარები დააკმაყოფილონ. პოლიტიკური კორუფციის საფრთხის შესახებ ,,ვერსიასთან'' ქდმ-ს ლიდერი გოჩა ჯოჯუაც საუბრობს:
,,მაჟორიტარობის შინაარსი მის მიერ კონკრეტული რაიონის წარმომადგენლობაა. ,,ოცნება'' სწორედ იმით აპელირებდა, მთიან ყაზბეგს დეპუტატი როგორ წავართვა, მაჟორიტარულ სისტემას ვერ ვაუქმებო. ახლა კი ადგა და ეს შენი ყაზბეგი სხვა რიაონს მიუერთა - ახლა აღარაა პრობლემა, ყაზბეგს თავისი მაჟორიტარი რომ არ ეყოლება? სამტრედიაში კი ორმა ცნობილმა ადამიანმა, ვიცე-პრემიერმა კალაძემ და ვიცე-სპიკერმა ძიძიგურმა საკუთარი რაიონის ინტერესი ვერ დაიცვა და სამტრედია ორად გაიხლიჩა. ასე გაერთიანდა სამი ოლქი, რომელსაც სამის ნაცვლად, ორი მაჟორიტარი ეყოლება. პარლამენტში წარმომადგენლობითობის პრინციპი მაინც დაირღვა და ,,ოცნებას'' ბარემ ეს პრინციპი უკეთესი საარჩევნო გარემოს მისაღებად დაერღვია და არა - უარესის! ხმას არც ის მაჟორიტარები იღებენ, ვისი ოლქიც უქმდება და გამოდის, ახლა პარლამენტში რაღაც გარიგებები მიდის. თურმე, ჯერ სწორედ მაჟორიტარები არ უჭერდნენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებას, მაჟორიტარული წესის გაუქმების შესახებ და ვერც ,,ოცნება'' უწევდა წინააღმდეგობას, უმრავლესობა დაგვეშლებაო. ახლა კი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ეს მოლაპარაკება მოხერხდა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციის თემაა - ამ მაჟორიტარებს ან სიაში ჩაწერას დაპირდნენ, ან სხვა რამეს. სახეზე გვაქვს პოლიტიკური გარიგება, უკეთესი ცვლილებების სახელით''. ზოგადად, მაჟორიტარების პროპორციულ სიებში დაზღვევა ყველა ხელისუფლებას ყოველთვის უყვარდა. ახლა კი, დიდი ალბათობით, ,,ზედმეტი'' მაჟორიტარების სიჩუმე პარტიების პროპორციული სიების ე.წ. გამსვლელ, მოწინავე ნომრებში გაიცვალა.
ნაღმი #4 - ,,შეცდომების გასწორება'' ანუ ცვლილებები, რომელთა მიღებაც ,,ოცნებამ'' გადაიფიქრა
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ერთი დაპირებული პუნქტის, მაჟორიტარულ არჩევნებში ბარიერის 50 %-მდე აწევის გარეშე გადის. ამ თემაზე განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა, მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის გაზრდისთვის საჭირო ცვლილებები აუცილებლად მომზადდება, მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეცვლილა, უბრალოდ, ვერ მოვასწარითო. ,,პირველი რიგის ამოცანა იყო, დროულად დაგვეწყო პროექტის ინიცირება მაჟორიტარული ოლქების დაყოფის სქემაზე, რათა ვენეციის კომისიისთვის გადაგვეგზავნა და მისგან შენიშვნები და რეკომენდაციები მიგვეღო. ამის შემდეგ, ცვლილებები კანონში დროულად უნდა ავსახოთ. ასე რომ, ამ პუნქტის პროექტში არმოხვედრა მხოლოდ სიჩქარით არის გამოწვეული. 50%-იანი ბარიერის პირობა აუცილებლად შესრულდება'', - დააზუსტა ხმალაძემ და ოპოზიციის აზრიც ორად გაყო: ერთნი ფიქრობენ, რომ 50%-იანი ბარიერის შემოღება მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, რადგან ოპოზიციის ნებისმიერ მაჟორიტარ კანდიდატს გაუჭირდება პირველივე ცდაზე 50%-იანი ბარიერის გადალახვა და მანდატის დასაკუთრება. ნაწილობრივ, ლოგიკა მათ მხარესაცაა, თუმცა მეორე ნაწილი ამ თემას უფრო რეალისტურად აანალიზებს და მიაჩნია, რომ 50%-იანი ბარიერის არარსებობის პირობებში, პირველ ადგილზე, 30, 35 ან 40%-ით უმეტეს მაჟორიტარულ რაიონებს ხელისუფლება მოიგებს. იმ შემთხვევაში კი, თუ 50%-იანი ბარიერი, ხმალაძის თქმის არ იყოს, უბრალოდ, სიჩქარის გამო არ შევიდა ცვლილებათა პროექტში, საბოლოოდ, მაინც შევა და ოპოზიციასაც შანსი უჩნდება - ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასული მაჟორიტარი მანდატს ჯიბეში მაშინვე ვერ ჩაიდებს, მეორე ტური დაინიშნება და ოპოზიციას შანსი აქვს, გაერთიანებისა და ძალთა მობილიზების შემთხვევაში, სახელისუფლო კანდიდატი დაამარცხოს. ჯერი ,,ოცნებაზეა'', თუმცა დაამატებს თუ არა ცვლილებათა პროექტს ბარიერის საკითხს, ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩება.
ვახტანგ ხმალაძის სახელთან დაკავშირებული ,,შეცდომების გასწორება'' ამით არ სრულდება. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ,,მოხალისეთა შესახებ'' კანონპროექტი გააქტიურდა, რომელსაც სახელმწიფოსა და მოხალისეების ურთიერთობა და პასუხისმგებლობა უნდა მოეწესრიგებინა. შემოდგომაზე, როცა ახალი პოლიტსეზონი გაიხსნა და არჩევნების მოახლოებაც ვიგრძენით, ამ პროექტზე საუბარიც ახალი ძალით დაიწყო, მასში ჩადებული ერთი საეჭვო პუნქტის გამო. ამ პუნქტის თანახმად, მოხალისეების მასპინძელი ორგანიზაცია პოლიტიკური პარტია ვერ იქნებოდა. ეს კი, არჩევნების მიჯნაზე, ოპოზიციის მოხრჩობას ნიშნავს, რომელსაც, მწირი ფინანსური რესურსის გამო, ძირითადად, სწორედ მოხალისეები ეხმარებიან, რომელთაც სიმბოლურ ანაზღაურებას უხდის ან საერთოდ არ უხდის. ის-ის იყო, არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალ თემაზე საბრძოლველად მოემზადა, რომ ხმალაძე-მიროტაძემ კანონპროექტიდან ეს სადავო პუნქტი ამოიღეს და საგანგებოდ, პირველივე პუნქტში ჩაწერეს, აქტივისტისა და პარტიის ურთიერთობას ორგანული კანონი დაარეგულირებსო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განმარტეს, ,,ოცნებამ'' ეს პუნქტი მათთვის კი არა, საკუთარი თავისთვის ამოიღო, რადგან სხვანაირად, არჩევნებში დახარჯულ ფულს, რომლის დიდი ნაწილი ყოველთვის შრომით ანაზღაურებაზე მიდის, ვერ ,,გააპრავებდა''.
და კიდევ ერთი: როგორც საგარეჯოს შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრს ე.წ. სპეცუბნებზე, რომლებიც დახურულია და სადაც ხმას სამხედრო პირები აძლევენ, ბევრი კითხვა აქვს. არაერთხელ გვინახავს სპეცუბნების ხმებით მოგებული არჩევნებიც სხვადასხვა რაიონში. თავდაცვის მინისტრმა და საგარეჯოს ექსმაჟორიტარმა თინა ხიდაშელმა, როგორც ჩანს, მომავალი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, განაცხადა, 2016 წლის არჩევნებისთვის, სპეცუბნებზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. ჩემმა მოადგილემ ამ ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაიწყო, მაგრამ შეფასებები, რომ სამხედროები რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნიან საარჩევნო პროცესს, სუპერუსინდისობააო.
,,სუპერ უსინდისობა'' არ ვიცი, მაგრამ თუ ხელისუფლება ცვლილებებს არ დახვეწს და ამ პროცესში, წინამორბედივით, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც არ ჩართავს, საბოლოოდ, თავის მიერ დადებულ ,,საკანონმდებლო ნაღმებზე'' თავადვე აფეთქდება.