რა ინტერესები აქვს თურქეთს აჭარაში და რა შემთხვევაში იხეირებს საქართველო რუსულ-თურქული კონფლიქტით

რა ინტერესები აქვს თურქეთს აჭარაში და რა შემთხვევაში იხეირებს საქართველო რუსულ-თურქული კონფლიქტით

იქნება თუ არა კიდევ ერთი ომი რუსეთსა და თურქეთს შორის, ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო, როგორ შეგვეხება ეს კონფლიქტი... ეს ის კითხვებია, რასაც ამ დღეებში ყველაზე ხშირად ვისმენთ. ჩნდება მოლოდინი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში, ან პოლიგონად ვიქცევით, ან რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდითა და რუსულ ბაზარზე თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩანაცვლებით ვიხეირებთ. ატლანტიკური საბჭოს წევრი, ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სახმელეთო ჯარების სარდალი, ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ აგლაძე ,,ვერსიასთან'' ერთად არკვევს, არის თუ არა მსოფლიო რუსეთ-თურქეთის ომის რეალურ ზღვარზე და გადაიხედება თუ არა ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებით მსოფლიოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი.
- რუსეთსა და თურქეთს შორის ომი არ იქნება! ეს ძალიან მარტივად შემიძლია დავასაბუთო. პირველი მიზეზი ისაა, რომ მათ სახმელეთო საზღვარი არ გააჩნიათ. მეორე - თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ საქართველომ მისცეს კორიდორი ან დაგვიპყრეს, როგორც პროფესიონალი სამხედრო გეტყვით, რუსეთს არც გააჩნია რესურსი, ამხელა ოპერაცია, თუნდაც ლოგისტიკური თვალსაზრისით, აწარმოოს. მესამე და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია და იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, თითქოს, რუსეთი მასზე თავდასხმას გაბედავს. ასეთი ინციდენტები, როგორც წესი, კატალიზატორის როლს ასრულებს და მათ ომი არ მოჰყვება ხოლმე. 
- ამ შემთხვევაში, რისი კატალიზატორი შეიძლება გახდეს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი მსოფლიოსა და საქართველოსთვის? 
- ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებითა და ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლება, ისიც ზომიერად - რუსეთს იმის ფუფუნება არ აქვს, თურქეთს ეკონომიკური სანქციები სრულად დაუწესოს. ეს მხოლოდ იმ პროდუქტსა და ნაწარმს შეეხება, რომლის ჩანაცვლებასაც იოლად შეძლებს. რუსეთის ინდუსტრია, მეტწილად, დამოკიდებულია თურქეთიდან შემოტანილ მარაგ ნაწილებზე. ამით თავად რუსეთი მიიღებს დიდ ეკონომიკურ დარტყმას, რადგან სხვადასხვა სათადარიგო ნაწილებს აზერბაიჯანიდან ვერ შემოიტანს - ამხელა ინდუსტრია აზერბაიჯანს უბრალოდ, არ აქვს. მოსალოდნელია, რუსეთში არსებული თურქული ბიზნესები შევიწროვდეს, როგორც სჩვევიათ. კონფლიქტი შეეხება სავიზო მიმოსვლას და შემცირდება ტურისტების რაოდენობა თურქეთში. 
- ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურად, თურქეთიც ზარალდება და რუსეთიც. 
- რა თქმა უნდა, ასეა, თუმცა რუსეთის ეკონომიკა უკვე ევროპის საშუალო დონის ქვეყნის ეკონომიკას უტოლდება და მას დიდი საერთაშორისო სანქციებიც ადევს. ამიტომ შეუძლებელია, რუსეთმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. ეს იქნება ერთჯერადი ინციდენტები გულის მოსაფხანად და განცხადებები შიდა მოხმარებისთვის, რათა პუტინის უძლეველობის მითი შენარჩუნდეს. ასევე, შესაძლებელია, შავი ზღვის აკვატორიაში გარკვეული წვრთნები დაიწყოს, ინციდენტები მოხდეს თურქულ გემთან, მაგრამ ამაზე შორს რუსეთი ვერ წავა. დღეს რუსეთი იმ დონემდე მივიდა, ნავთობისა და გაზის ყველა მწარმოებელს მოგებას უკვე მთლიანად ართმევს, მაგრამ ბიუჯეტში მაინც დეფიციტი აქვს, სავალუტო რეზერვების ხარჯვაზეც გადავიდა. ნავთობის ფასი, კიდევ უფრო თუ არ დაეცა, უახლოეს მომავალში არც აიწევს. ეს რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ჩინეთი აღარ მოიხმარს იმდენ ნავთობს, რამდენიც სჭირდებოდა, რადგან მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განახევრებულია. ეს პირდაპირ ურტყამს ნავთობის ფასს. თანაც, დეკემბრის ბოლოს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში ირანს სანქციებს მოუხსნიან და იგი ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს. ამერიკის სტრატეგიული რეზერვი კი, რომელიც თითქმის 700 მლნ ბარელია, ალბათ, მალე გადაივსება და ვვარაუდობ, რომ მალე, ნავთობის ფასი 40 დოლარსაც ჩამოცდება. ასე რომ, ამ პირობებში, რუსეთი თურქეთთან ამ ძვირადღირებულ ომს პრაგმატულადაც არ დაიწყებს. ეს ჩვენც უნდა გვიხაროდეს, თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და როგორ წარმოგიდგენიათ, ის რომ ომში ჩაებმევა, ჩვენთვის ან მას ეცლება, ან რუსეთს? ექსპორტი შემცირდება და ეს პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას. 
- თუმცა გვაქვს შანსი, ამ ვითარებაში მოგებაც ვნახოთ. შესაძლებელია თუ არა, რუსეთში სოფლის მეურნეობის ექსპორტის გაზრდა და რუსი ტურისტების მასობრივი შემოსვლა საქართველოში, ეგვიპტისა და თურქეთის ნაცვლად? 
- საქართველოს ამ ვითარებიდან ბენეფიტების მიღება ნამდვილად შეუძლია. რუსეთიდან თურქეთში, ყოველწლიურად, 4 მლნ ტურისტი ჩადიოდა და დიდი ალბათობით, ალბათ, ჩვენთან ტურისტების ნაკადი გაიზრდება. შესაძლოა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიც უფრო დიდი რაოდენობით შევიტანოთ და მოკლევადიან პერსპექტივაში, მოგებაც ვნახოთ. ოღონდ თუ ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდა, სენდვიჩში ჩადებული ყველის როლში აღმოვჩნდებით, რომელიც შუაში გაიჭყლიტება. ჩვენს ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება დიდი ინვესტიციები, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კი, ინვესტორები საქართველოში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ. ერთი ნამდვილად კარგია - როცა თურქულ ბიზნესს რუსეთში შეავიწროებენ, შესაძლოა, თურქულმა ინვესტიციებმა საქართველოში გადმოინაცვლოს. ასევე, გაიზარდოს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა გვქონდეს, რას ვაკეთებთ და სირაქლემას პოზაში არ ვიყოთ. 
- ხშირად საკითხს ასე სვამენ: ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო-თურქეთის თუ რუსეთის. რატომ უნდა ვიყოთ საერთოდ მხარე ამ ვითარებაში და რა იქნება ყველაზე სწორი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის? 
- პირველ რიგში, თავი მკვეთრი განცხადებებისგან უნდა შევიკავოთ. ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რადიკალურმა ისლამმა ჩვენთან ფეხი არ მოიკიდოს, რაც რეალური საფრთხეა. პირველად ხდება, რომ ეთნიკური ქართველები ისლამური სამყაროს წევრები გახდნენ, რაც საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული. სახელმწიფომ მეტი უნდა იმუშაოს მაღალმთიან აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში. 
- თურქეთის ინტერესებზე აჭარაში ისედაც დიდი ხანია საუბრობენ. რა არის მისი ინტერესები რეალურად ამ რეგიონში და რას ნიშნავს თურქეთის პრემიერის განცხადება, რომ ბათუმსა და სხვა ქალაქებს, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, დაიბრუნებენ? 
- იმით დავიწყოთ, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და არ მახსენდება, ამ ქვეყნებს ვინმეს ოკუპაცია და ანექსია მოენდომებინოთ. ისიც ფაქტია, რომ აჭარაში რადიკალური ისლამი ძლიერდება და სხვა მთავარი კითხვაა დასასმელი - ამას ვინ აკეთებს კი არა, ჩვენ რას არ ვაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთ? რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის ინტერესებს - საერთოდ, ერდოღანი და მისი პარტია ე.წ. პანთურქიზმით გამოირჩევა. რაღაც ინტერესი თურქეთს ნამდვილად აქვს, მაგრამ არა მგონია, საუბარი აჭარის ფიზიკურად მიერთებაზე იყოს. ეს თამაშია, სადაც ყველას თავისი მიზანი აქვს და ჩვენც ჩვენი მიზანი უნდა გვქონდეს. იყო პარტნიორი, არ ნიშნავს, მის მიზნებს, რომელიც შენსას ეწინააღმდეგება, ხელი არ შეუშალო. ხშირად გვესმის, რომ აჭარაში თურქული ბიზნესია განვითარებული, ხალხი გათურქებულია და ა.შ. არ დაგვავიწყდეს, რომ თურქული ბიზნესი ჩვენს ეკონომიკაზეც დიდად მოქმედებს. პირველ რიგში, თურქეთს აწყობს, საქართველოში არეულობა არ მოხდეს. თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთი დერეფანია და რა უფრო მნიშვნელოვანია თურქეთისთვის - აჭარაში ისლამისტების გაძლიერება, თუ ამ ენერგოდერეფნის განვითარება? თურქეთს ევროკავშირში უნდა შესვლა, ევროპაში უვიზო რეჟიმი მიიღო, ის გლობალური მოთამაშეა და ჩვენთან ურთიერთობა რომ გაიფუჭოს, აზერბაიჯანთან იზოლაციაში აღმოჩნდება. აღარც ხიდი ექნება და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციასაც დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის საპირწონედ ბათუმს დააყენებს?! 
- ამ კონფლიქტის ფონზე, ნატო- გაფართოება და ალიანსში მონტენეგროს შესვლა რას ნიშნავს და აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოსაც? 
- გასაგებია, რომ ხისტი ნაბიჯების გადადგმა და რუსეთის გაღიზიანება ნატოს არ სურს. თუმცა ნატოსთვის, ისლამური ექსტრემიზმის გაძლიერების პირობებში, მეგობარ ქვეყანათა წრის გაფართოება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნატოში მონტენეგროს შესვლა ჩვენთვისაც იმედისმომცემია, რადგან იგი ჩვენს წინ ბოლოა, ვისაც ალიანსში გაწევრიანება სურს. მაპ-ზე ,,ჩაციკლული'' ადამიანებისთვის ისიც უნდა ავხსნათ, რომ ეს მაპ-ი ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხებია, რაზეც უკვე წლებია ვმუშაობთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მონტენეგროს შემდეგ საქართველო იქნება. ნატოცა და ევროკავშირიც დაფიქრდებიან, რაც შეიძლება შორს გაიტანონ მეგობართა სარტყელი. თანაც ნატოს იმის უფლება აქვს, თავისივე რეგულაციები როგორც უნდა, ისე შეცვალოს და თუნდაც მაპ-ის გარეშე მიგვიღოს. 
- მაშინ რას ნიშნავდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ოლანდის განცხადება, რომ ნატო- საზღვრები არ ფართოვდება, ან რას უნდა ველოდეთ ვარშავის მოახლოებულ სამიტზე? 
- კრიტიკული პერიოდი რუსეთისთვის, დიდი ალბათობით, 2017-2018 წლებში დადგება და სწორედ არ დროს გამოუჩნდება საქართველოს ისტორიული ფანჯარა, ალიანსში შევიდეს. როგორც ჩანს, დასავლეთიც ამას ელოდება, რომ რუსეთს ნატო-ს გაფართოებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. რაც შეეხება ოლანდის განცხადებას, ეს არ არის ნატო-ს პოლიტიკა. გარდა ამისა, პოლიტიკა დინამიკური პროცესია და შესაძლოა, დღეს უკვე ოლანდმაც სხვა განცხადება გააკეთოს. ვარშავის სამიტს კი, ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელობა ექნება, რაც ბუქარესტის სამიტს ჰქონდა. მაპ-ს ერთმნიშვნელოვნად ვერ მივიღებთ, თუმცა რაღაც ფორმით, ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდება და თუნდაც კიდევ ერთი საწვრთნელი ბაზა გაიხსნება საქართველოში. ხოლო თუ მაპ-ი არ იქნება, სხვა რამ რუსეთს ისე არ გააღიზიანებს, სადამსჯელო ნაბიჯები გადადგას. 
- და თუ ეს ისტორიული ფანჯარა არ გაიღო, მაშინ რა ხდება - რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ არც მაპ- იქნება და არც ,,მაპ-ზე უკეთესი''? 
- ალტერნატივა არ არსებობს! უნდა ვაკაკუნოთ დასავლეთის კარზე, რომელიც ადრე თუ გვიან, ჩვენთვისაც გაიღება. ერთიცაა - ჩვენ კარი გავუღეთ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც სათანადოდ ვერ ვებრძვით. მათი მუშაობის შედეგია ის ფორმულები, რაც დღეს ბევრმა აიტაცა, მაგალითად, ევროპასთან ასოცირდება ლგბტ პირები. ჩვენ ამ საინფორაციო-პროპაგანდისტულ ომს ვაგებთ. 
- როგორც ჩანს, ევროპაც აგებს საქართველოში საინფორმაციო ომს რუსეთთან. 
- ამერიკამ და ევროკავშირმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ დაფინანსება გაზარდონ. ეს ბიუროკრატიული მექანიზმია, რომელიც ნელა მოქმედებს, მაგრამ ამოქმედების გარეშე მისი შეჩერებაც შეუძლებელია. ევროპა მიხვდა, რომ რუსულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს და ქმედით ნაბიჯებს დგამს. რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა ახლა დათვისა და პირანიების ბრძოლას ჰგავს. თავიდან დათვი პირანიებს იშორებს და ვერაფერს გრძნობს, მაგრამ ნელ-ნელა სისხლისგან იცლება და უძლურდება. ამ ბრძოლაში რუსეთმაც და დასავლეთმაც უკვე საკმაოდ შეტოპეს, მაგრამ ე.წ. კარგი და ცუდი პოლიციელის სქემა მაინც მოქმედებს. ჩავთვალოთ, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის ,,კარგი პოლიციელის'' როლს ასრულებენ და უკანდასახევ გზას იტოვებენ, რადგან ევროპა რუსეთს სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევს. 
 - თუმცა ჩვენ კიდევ ერთი საფრთხის წინაშე ვართ - საქართველოში განწყობა ევროკავშირიდან ევრაზიულ კავშირამდე სწრაფად იცვლება. როგორ ფიქრობთ, რუსეთის გაკოტრება და ევროპაში ისტორიული ფანჯრის გაღება დაასწრებს თუ ჩვენს მოსახლეობაში ევროსტრუქტურების მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება? 
- ეს რომ არ მოხდეს, მოსახლეობასთან სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად ხდება თუ არა, მაგრამ დიდი ხანია, დასავლური ღირებულებების დისკრედიტება მიდის. ხელისუფლება ყველა მტკივნეულ ცვლილებაზე ამბობს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვსო. გლეხს, რომელსაც ,,06'' ჰყავს და რაიონში ცხოვრობს, ვეუბნებით, შემომაქვს სავალდებულო, ფასიანი ტექნიკური დათვალიერება და მანქანა უნდა გააჩერო, რადგან ამას ასოცირების ხელშეკრულება ითხოვსო. ამის ნაცვლად, ადამიანს უნდა ავუხსნათ, რომ ჰყავს ავარიული მანქანა, რომელიც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის თავად მძღოლის სიცოცხლეს. ამ დროს, სწორი სტრატეგიული კომუნიკაციით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას მისივე პოლიტიკის მხარდამჭერად უნდა რაზმავდეს. თუ ამ საინფორმაციო ომის მოგება გვინდა, პირველ რიგში, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას და როგორ ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას.