რატომ გადაიდო როკ-მომღერლის კონცერტი და რატომ არ აბრუნებს Altervision Group გაყიდული ბილეთების თანხას თებერვლამდე
,,სამწუხაროდ, სხვადასხვა ქალაქიდან გართულებული ფრენების გამო, 2015 წლის 2 დეკემბერს, ანდრეი მაკარევიჩის ბენდის ნაწილის თბილისში დროულად ჩამოყვანა ვერ ხერხდება. შეიქმნა რისკი, რომ ,,ლაივი'' არ შედგეს, ან არასრულყოფილი იყოს. შესაბამისად, იძულებულები ვართ, მაკარევიჩის მენეჯერებთან შეთანხმებით, შოუ 2016 წლის 9 მარტისთვის გადავდოთ. ჩვენ 3 დეკემბრამდე ვწყვეტთ ბილეთების გაყიდვას, ხოლო 3 დეკემბრიდან, თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და ონლაინ-რეჟიმში, ტკტ.გე-ზე, ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივ განახლდება და ფასი არ შეიცვლება'', - ასე მიმართა ანდრეი მაკარევიჩის კონცერტის ორგანიზატორმა Altervision Group-მა მსმენელებს.
რატომ გადაიდო ლეგენდარული რუსი როკ-ვარსკვლავის თბილისური კონცერტი? იყო თუ არა სასტუმრო წინასწარ დაჯავშნილი და რატომ არ იყო აღნიშნული თბილისური კონცერტი მაკარევიჩის კონცერტების აფიშაზე?
2014 წელს, ანდრეი მაკარევიჩის ახალმა ჰიტმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებას მიეძღვნა, სოციალური ქსელი ,,ააფეთქა''. ლეგენდარულმა როკ-ვარსკვლავმა ჯერ რუსეთის პოლიტიკა დაგმო, მერე კი დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა, სადაც ლტოლვილებისთვის კონცერტი გამართა. ამის გამო, რუსულმა პრესამ და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერმა მისმა კოლეგებმა, მაკარევიჩს ,,ფაშისტი'' და ქვეყნის მტერიც კი უწოდეს, რასაც Машина Времени-ს სოლისტის ახალი ჰიტი - Моя страна сошла с ума მოჰყვა. ანდრეი მაკარევიჩს ქართველი მსმენელის სიყვარული საბჭოთა კავშირის დროსაც არ აკლდა, მაგრამ ახლა, მკვეთრად გამოხატული ანტიპუტინური დამოკიდებულების გამო, ის მეტად შეუყვარდათ. მეტიც, უკრაინაში დაძაბული ვითარების დროს, მაკარევიჩი დაუფარავად მიმართავდა პუტინის ხელისუფლებას: ,,უკრაინასთან ომი მოგინდათ? ისევე, როგორც ეს აფხაზეთში ჩაიდინეთ? არ გამოგივათ! ბიჭები მაიდანზე უკვე გამოიწვრთნენ და იციან, რისთვისაც იბრძვიან – თავისი სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის! ჩვენ კი რისთვის ვიბრძვით? იანუკოვიჩისთვის? რატომ დამალეთ იგი რუსეთში? პატიოსანი ადამიანი ქურდსა და დამნაშავეს არ შეიფარებს. რატომ ირცხვენთ თავს კაცობრიობის წინაშე? ვიცი, რომ თქვენ ეს არ გადარდებთ, მაგრამ – მაინც''...
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ანდრეი მაკარევიჩს თბილისში ყოველთვის მოუთმენლად ელიან და მზად არიან, მის კონცერტზე დასასწრები ბილეთებიც წინასწარ შეიძინონ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მსმენელთა დიდმა ნაწილმა თადარიგი დროულად დაიჭირა და შედეგად, 2 დეკემბრის კონცერტის ბილეთების ნახევარი გაიყიდა კიდეც. გასაგებია, რომ რუსეთ-თურქეთსა და თუნდაც რუსეთ-სირიას შორის დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, ფრენების განრიგი შეიცვალა, რაც წინასწარ დაგეგმილ და უკვე შეთანხმებულ კონცერტზეც აისახა, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ დააბრუნეს კონცერტის ორგანიზატორებმა უკვე გაყიდული ბილეთები ახლავე? ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ Altervision Group-ის წარმომადგენლებმა, 2 დეკემბრის კონცერტისთვის გაყიდული ბილეთების სახით, მსმენელებისგან უპროცენტო კრედიტი აიღეს, რომელსაც 2016 წლის 25 თებერვლიდან დააბრუნებენ, თუ რომელიმე მათგანი 9 მარტის კონცერტზე წასვლას გადაიფიქრებს. ანდრეი მაკარევიჩის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, ადგილების მიხედვით, 20-75 ლარი ღირდა, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ამ ეტაპზე, ბილეთების ნახევარი გაყიდულია, კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო, სადაც 2 150 ადამიანი ეტევა. უხეშად რომ დავთვალოთ, გამოდის, კომპანიამ მინიმუმ 43 ათასი ლარი, მხოლოდ ბილეთების რეალიზაციით მიიღო, უფრო ზუსტად, მსმენელებისგან ორი თვით, უპროცენტოდ ისესხა. ეჭვს იწვევს კიდევ ერთი ფაქტორი - როგორ შეიძლება, 2 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტი, ორი დღით ადრე გააუქმო და რაც მთავარია, სასტუმრო წინასწარ დაჯავშნილი არც კი გქონდეს?
,,ვერსიას'' Altervision Group-ის მედიაკოორდინატორი, სოფო ებრალიძე ესაუბრება:
- რატომ გადაიდო ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი, მზადების პროცესში, ყველა დეტალი და შესაძლო რისკი ვერ გათვალეთ?
- მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან დიდი რისკი არსებობდა, რათა კონცერტი არ გამართულიყო. მაკარევიჩის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღით ადრე გვითხრეს, რომ შესაძლოა, ბენდის ნაწილს კონცერტისთვის ვერ ჩამოესწრო. შესაბამისად, კონცერტი გადავდეთ.
- ფრენების განრიგის შეცვლა რუსეთსა და თურქეთს შორის, ასევე რუსეთსა და სირიას შორის არსებულ პრობლემას ხომ არ უკავშირდება?
- პირდაპირი კავშირი არ არის, თუმცა რა გარემოშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. გამორიცხული არ არის, დაგეგმილ რეისს დაეგვიანა, რასაც გაცილებით რთული შედეგი მოჰყვებოდა. წარმოიდგინეთ, დარბაზში მსმენელია შეკრებილი, კონცერტი კი ჩაშლის პირასაა, ეს უფრო რთულად აღსაქმელი იქნებოდა, ამიტომ ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი 2016 წლის 9 მარტამდე გადავდეთ.
- ამ ეტაპზე რამდენი ბილეთია გაყიდული?
- კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო, 9 მარტსაც ამ დარბაზში გაიმართება, სადაც 2 150 ადამიანი ეტევა. ამჟამად, ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია.
- სოფო, ვინც უკვე ბილეთები შეიძინა, სთავაზობთ, რომ გარკვეულ ვადებში განაახლონ და ამისთვის თითო გაყიდულ ბილეთზე, თითო ბილეთს ჩუქნით. ეს ხომ კომერციულად წამგებიანია თქვენთვის?
- ამ შემთხვევაში, კომპანიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი მსმენელების ლოიალობა. განსხვავებული ტიპის მსმენელი გვყავს, მაგრამ საკმაოდ ლოალურები არიან, რადგან ჩვენს მიერ ორგანიზებულ, თითქმის ყველა კონცერტზე დადიან. მათი დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე რისკი, რომ შესაძლოა, კომერციულად წამგებიანი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, ნორმალურად მიიღეს მსმენელებმა ჩვენი განცხადება, რომელსაც მათი აგრესია არ მოჰყოლია.
- არავინ იცის, რა რეალობის წინაშე დადგება მსოფლიო 2016 წლის 9 მარტს...
- იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, ნებისმიერი კონცერტი მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება თარიღს, ეს ანდრეი მაკარევიჩის მენეჯმენტთან შევათანხმეთ, რადგან როკ-ვარსკვლავის გრაფიკი უკვე გაწერილია და 2015 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, თავისუფალი დღე, რომელიც ორივე მხარეს - მათაც და ჩვენც გვაწყობდა, 2016 წლის 9 მარტი იყო.
- კონკრეტულად, რომელ სასტუმროში უნდა გაჩერებულიყო ანდრეი მაკარევიჩი, 2 დეკემბრის კონცერტი რომ არ გადადებულიყო?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ორგანიზატორებს არ გვაქვს უფლება, გავახმაუროთ ბენდის გასაჩერებელი სასტუმრო არც ბენდის ჩამოსვლამდე და არც ჩამოსვლის შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც სასტუმრო ღონისძიების პარტნიორია და ეს სტატუსი სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებში ფიქსირდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი კონფიდენციალურ ინფორმაციად რჩება თარიღები და ოთახების რაოდენობა.
- რამდენი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო თბილისში, ანუ რამდენ კაცზე უნდა დაგეჯავშნათ სასტუმრო?
- 10 ადამიანი უნდა ჩამოსულიყო.
- დაახლოებით, რა რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი საორგანიზაციო საკითხების (სასტუმროს დაჯავშნა, კვება, ტრანსპორტირება) მოსაგვარებლად?
- ეს არის კომპანიის შიდა ინფორმაცია და უფლებას ვიტოვებთ, ესეც კონფიდენციალურად შევინახოთ.
- გავრცელებულ განცხადებაში წერთ, რომ თუ რომელიმე მსმენელი 2016 წლის 9 მარტის კონცერტს ვერ დაესწრება, უნდა გაცნობოთ 25 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით და ბილეთში გადახდილ თანხას დაუბრუნებთ. რატომ არ აბრუნებთ თანხას ახლა?
- კონცერტის გადატანასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობის გამო, 28 ნოემბერს, მომხმარებელს შევთავაზეთ, ამ თარიღამდე შეძენილ ყოველ ბილეთზე დამატებით, ერთი ბონუსბილეთი მიეღოთ. რა თქმა უნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ბილეთის საფასურის დაბრუნება, რისი უზრუნველყოფაც მოხდება 25 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ კონცერტი არ ჩაშლილა და მხოლოდ მისი ჩატარების თარიღი გადავწიეთ, ტექნიკურად, ამ თანხების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მითითებულ ვადებში. შექმნილი დისკომფორტის გამო, კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მომხმარებლებს.
მართალია, Altervision Group-ის წარმომადგენელი არ გვისახელებს, კონკრეტულად რომელ სასტუმროში უნდა გაჩერებულიყო ანდრეი მაკარევიჩი, მაგრამ ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ლეგენდარული რუსი როკ-ვარსკვლავისთვის, ,,თბილისი ჰოტელ რუმსი'' შეარჩიეს. ამ სასტუმროში, ერთი, სტანდარტული ნომერი 169 აშშ დოლარი ღირს, რასაც დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით, 18% ემატება და ჯამში, 199 აშშ დოლარი და 42 ცენტი გამოდის. ამავე სასტუმროს მაღალი კლასის ნომერი 219 აშშ დოლარი ჯდება, ხოლო დღგ-ს ჩათვლით, 258 აშშ დოლარი და 42 ცენტი. ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ სასტუმროს ნომრის ფასში მხოლოდ საუზმე შედის.
,,თბილისი ჰოტელ რუმსის'' წარმომადგენელმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონცერტის ორგანიზატორებთან მოლაპარაკება კომერციული საიდუმლოა. შესაბამისად, დაჯავშნეს თუ არა ანდრეი მაკარევიჩის კონცერტის ორგანიზატორებმა სასტუმრო წინასწარ ან რა ტიპის დისქაუნთი შესთავაზა სასტუმრომ ორგანიზატორებს, ამ ეტაპზე, უცნობია. ამ დეტალებს არც Altervision Group-ის მედია-კოორდინატორი გვიმხელს და ამას ინფორმაციის კონფიდენციალობით ხსნის.
ჩავთვალოთ, რომ ანდრეი მაკარევიჩისა და მისი ბენდის წევრებისთვის ,,თბილისი ჰოტელ რუმსში'' მაღალი კლასის ნომრებს აიღებდნენ, რაც 258 აშშ დოლარი და 42 ცენტი ღირს. დავუშვათ, რომ ორგანიზატორები ამ ტიპის ნომრებში მხოლოდ 250 აშშ დოლარს გადაიხდიდნენ, ახლა ეს 250 დოლარი 10 ადამიანზე გავამრავლოთ და გამოდის, ჩვენი უხეში გათვლით, ორგანიზატორებს სასტუმროს ხარჯი 2 500 აშშ დოლარი დაუჯდებოდათ. ცხადია, ამას უნდა დავუმატოთ მომღერლისა და მისი ბენდის წევრების ტრანსპორტირების, საკონცერტო დარბაზის ქირის, თბილისში პრესკონფერენციის (თუ ასეთი იგეგმებოდა და სავარაუდოდ, დაიგეგმებოდა კიდეც) ხარჯები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საორგანიზაციო ხარჯები სავარაუდოდ, 20 000-დან 30 000 აშშ დოლარამდე მერყეობს და ცხადია, ანდრეი მაკარევიჩის კონცერტის ორგანიზატორებს, ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ახლა სწორედ ამ ხარჯების დასაფარად სჭირდებათ. ამიტომაც წავიდნენ მათთვის კომერციულად წამგებიან ნაბიჯზე და მსმენელებს თითო გაყიდულ ბილეთზე, თითო ბილეთს ჩუქნიან. რაც მთავარია, ,,ვერსიამ'' ანდრეი მაკარევიჩის ოფიციალურ გვერდზე მომღერლის საკონცერტო ტურნეს გრაფიკი გადაამოწმა, სადაც 2015 წლის 2 დეკემბრის კონცერტის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. სამაგიეროდ, მითითებულია, რომ ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი თბილისში 2016 წლის 9 მარტს გაიმართება.
ამ ფონზე, ჩნდება კითხვა, ორგანიზატორებმა დიდი აფერა ხომ არ გაათამაშეს, მაკარევიჩის სახელით? ცხადია, ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ჯერჯერობით ვერავისგან მივიღებთ და ისღა დაგვრჩენია, დასკვნები თავად გავაკეთოთ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი კითხვა როდია, რომელიც შესაძლოა მაკარევიჩის კონცერტის გადადებასთან დაკავშირებით გაგვიჩნდეს - მაკარევიჩის პოლიტიკური პოზიციისა და ანტიპუტინური განწყობის შესახებ, უკვე მოგახსენეთ. და რადგან ამ და სხვა ქვეყნებშიც, ვარსკვლავების ჩამოყვანაც კი არაა შორს პოლიტიკისგან, კიდევ ერთი ეჭვი ჩნდება - ,,პუტინის მოძულე'' მაკარევიჩის კონცერტის გადადებასაც პოლიტიკური სარჩული ხომ არ აქვს სწორედ იმ ფონზე, რომ საქართველო, ოფიციალურ კრემლთან ურთიერთობის ახალ რელსებზეა გადასული.