ბრიტანეთის პარლამენტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სიგნალი. ამან თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით ორიოდე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გამოკვეთილად და რადიკალურად ანტისამთავრობო რეზოლუციის ფონზე.
კერძოდ, ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე, რომ საქართველოს ზოგიერთი ჩინოსანი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ არსებულ ოფშორს, ვირჯინიის კუნძულებს, უკანონო გზებით მოპოვებული ქონების გადასამალად იყენებს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე ინფორმაცია არა აქვს, თუმცა საკითხს მთავრობა ყურადღებით განიხილავს და თუ საჭირო გახდა, შესაბამის ზომებს მიიღებს. ანალიტიკოსების მოსაზრებები ბრიტანული სანქციების მნიშვნელობაზე „ქართული ოცნებისთვის" განსხვავებულია.
„მარტივად რომ ვთქვათ, ბრიტანული სანქციები „ქართული ოცნებისთვის" კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. თან როცა ბრიტანეთი სანქციებს გიწესებს, გარკვეულწილად მოქმედებს საფრანგეთზე, გერმანიაზე და ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს პეტრე მამრაძის თქმით კი ეს ხელისუფლებისთვის დიდს არაფერს ნიშნავს: „ეს ლეგენდები, რომ მათ დიდი ქონება აქვთ ვირჯინიაში და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე აკეთებენ აქცენტს, ნამდვილად მათი ფანტაზიის ნაწილია".
ერთ-ერთმა პარლამენტარმა ბრიკელმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა, რომ „საქართველოში, პრორუსული პარტია „ქართული ოცნების" წამყვანი წევრები, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ და ჰკითხა, თუ რა სიგნალებს აგზავნის ეს მსოფლიოში.
მინისტრმა დევიდ ლემიმ პასუხად აღნიშნა, რომ ეს „საშინელი სიგნალია" და აღნიშნულ საკითხს ყურადღებით განიხილავს.
„ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ჩვენ ამ საკითხზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ვაგრძელებთ დისკუსიას და სერიოზულად ვართ განწყობილნი. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციას გავმართავ. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მე არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ", - განაცხადა მან.
დავით ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებისთვის" ბრიტანული სანქციები მარტივი არ იქნება.
„მარტივად რომ ვთქვათ, ბრიტანული სანქციები „ქართული ოცნებისთვის" კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. თან როცა ბრიტანეთი სანქციებს გიწესებს, გარკვეულწილად მოქმედებს საფრანგეთზე, გერმანიაზე და ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე. თან ბევრს აქვს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ქონება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილისთვის და საერთოდ
მათთვის, ვისაც საერთაშორისო დონეზე ბიზნესი აქვთ, ძალიან მძიმე იქნება",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
პეტრე მამარაძის აზრით, თუ ბრიტანეთი ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს, ისევ ქართველ ხალხს დააკლდება.
„რა თქმა უნდა, ეს დიდს არაფერს ნიშნავს. ეს ლეგენდები, რომ მათ დიდი ქონებები აქვთ ვირჯინიაში და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე აკეთებენ აქცენტს, ნამდვილად მათი ფანტაზიის ნაწილია. როგოტც ადრე ითქვა, რომ ივანიშვილი დაყადაღებული იყოო, მერე ივანიშვილმა განაცხადა, კი ბატონო დაყადაღებული ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობო. ამ ადამიანისთვის ფული მნიშვნელოვანი არ არის. ივანიშვილის მთავარი კრედო იყო ის, რომ თავისი შემოსავლის 90%-ს საქართველოსთვის ხარჯავდა. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ადრე განხორციელდა და რომელიც ახლაც გრძელდება. შესაძლოა ამას დააკლდეს, თუმცა სხვას არაფერს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".